ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლები: 8 მარტის შეთანხმება საქართველოს „შესაძლებლობების ფანჯარას“ უღებს

Tags

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლეციანმა და კლოდ კერნმა 17 მარტს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის „შესაძლებლობის ფანჯარას“ აღებს. განცხადებას წინ 11-12 მარტს თბილისში კორლეციანის ვიზიტი უძღოდა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 77/73 პროპორციის ნაცვლად, 120/30 ფორმულით ჩატარდება. ამასთან, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არექნება.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები 11 მარტს დაარეგისტრირა.

თანამომხსენებლები მიესალმნენ იმ „კონსტრუქციულ სულისკვეთებას“, რომელსაც მონაწილეებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება მოჰყვა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი სულისკვეთება და თანამშრომლობა არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების პროცესშიც გაგრძელდება. მათ პოლიტიკურ ძალებს სხვა სადავო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად ანალოგიური პოლიტიკური ნების გამოჩენისკენ მოუწოდეს. 

მათივე თქმით, მკაფიოდ არსებული პოლიტიკური ნების მიუხედავად,  საარჩევნო პროცესის და სასამართლო სისტემის პოლიტიზებისგან თავის შეკავების თაობაზე მიცემული დაპირების შესრულება რთული აღმოჩნდა. მათ იმის საჭიროებასაც გაუსვეს ხაზი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უზრუნველყოფილ იქნას ქალი კანდიდატების „სათანადო წარმომადგენლობა“, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით. 

თანამომხსენებლები მიესალმნენ სასამართლო სისტემის რეფორმების მეოთხე ტალღის მიღებას და ხელისუფლებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. ისინი მიესალმნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ მიმდინარე საპარლამენტო სესიის დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესი შეაჩეროს და მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ახალი მოსამართლეები მას შემდეგ დანიშნოს, რაც მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა.

PACE-ს თანამომხსენებლებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს წინასწარი დაკავების პრაქტიკის „ხშირი“ გამოყენება, რაც, მათი თქმით, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ამძაფრებს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მათი „პოლიტიკურად მოტივირებული“ მიზნით გამოყენება ხდება. ისინი მიესალმნენ მმართველი პარტიის მზადყოფნას, რომ ადმინისტრაციული დანაშაულის შესახებ ახალი კანონი მიიღონ, რომელიც „საბჭოურ“ კანონმდებლობას ჩაანაცვლებს.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი სულისკვეთების დასამკვიდრებლად, რომელიც ხელსაყრელი იქნება ამ რეფორმების განსახორციელებლად და ახალ ბიძგს მისცემს საქართველოში დემოკრატიულ კონსოლიდაციას“, – დასძინეს მათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button