skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები უგულავას საქმის განაჩენს „პოლიტიკური დევნის გაგრძელებად“ აფასებენ

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TIG), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), უზენასი სასამართლოს მიერ გუშინ გიგი უგულავასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურებიან და მიღებულ გადაწყვეტილებას „ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებად“ აფასებენ.

უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასაჯელის სახედ დამატებით სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

11 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რამდენიმე პრობლემაზე მიუთითებენ. კერძოდ:

გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა

ხელმომწერი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის დეკემბერში წარუდგინა, რის შემდეგაც საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, „რამაც წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მის ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორება წარმოადგენდა“.

მათივე თქმით, გიგი უგულავა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო და მან წინასწარ პატიმრობაში „დაუსაბუთებლად და კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით, 9 თვეზე მეტი ხანი დაჰყო“.

არასამთავრობოებისვე განცხადებით, საქმეზე საბოლოო განაჩენის გამომტანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან, ორი სწორედ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად შეირჩა. „ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. ცხადია, მისი მონაწილეობა პრობლემურია და გამოტანილი განაჩენის მიმართ უნდობლობას აჩენს, ამბობენ ისინი.

„იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება“, – განმარტავენ უფლებადამცველები.

დასავლელი პარტნიორების განცხადებების იგნორირება

ხელმომწერი ორგანიზაციები ბოლო პერიოდში საქართველო პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციები განცხადებებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც, მათივე თქმით, „სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე“.

მათივე თქმით, „საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული“. „აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულვებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები“, – დასძენენ ისინი.

„ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები ცალსახად ტოვებს ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას და ის სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითიც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის“, – განმარტავენ უფლებადამცველები.

ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე

არასამთავრობოების შეფასებით, იმ დროს, როდესაც „ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზიდან გამოსვლის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილზე არ მიუთითებს“.

„მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზებას და ამცირებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსს“, – ამბობენ ისინი და იქვე დასძენენ, რომ ეს „ვითარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზირებულების საკითხს“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობოები საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და „ქვეყნის არაფორმალურ მმართველს – ბიძინა ივანიშვილს“ მოუწოდებენ:

  • შეწყვიტონ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება;
  • ხელი შეუწყონ პოლიტიკური კრიზისის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტას;
  • პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მოსახლეობისა და ქვეყნის განვითარების ინტერესები დაისახონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button