ევროპამთავარი თემა

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

Tags

დღეს, 12 დეკემბერს ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა – ბოლო ხუთი წლის მანძილზე უკვე მესამედ უწევთ ბრიტანელებს საარჩევნო ურნასთან მისვლა და გადაწყვეტა – ვის მისცენ ხმა. დღევანდელი რიგგარეშე არჩევნები ერთდროულად სულ მცირე სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს:

  • ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს
  • ვინ იქნება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში წარმოდგენილი
  • როგორ განვითარდება ბრექსიტის ბედი

დღევანდელ ბრიტანულ პოლიტიკურ ყოველდღიურობაში წამყვანი თემა „ბრექსიტია“, თუმცა ამასთანავე, პრობლემატურ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკას, რადგან, როგორც ამ ბოლო დროს შესამჩნევი გახდა, დიდი ბრიტანეთი ამ თვალსაზრისით სახარბიელო დღეში ნამდვილად არ არის. კერძოდ, ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი ბოლო კვარტალში (აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით) პრაქტიკულად არ გაზრდილა და არც 2024 წლისთვისაა მოსალოდნელი საგრძნობი ზრდა. ამის ერთ-ერთი მიზეზად სწორედ „ბრექსიტი“ სახელდება.

საინტერესოა, რომელი პარტიები მონაწილეობენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რა ბედი ელის ისედაც გაჭიანურებულ ბრექსიტს და ვის აქვს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი?

ვის სურს პრემიერმინისტრობა

წყარო: news.sky.com

ბორის ჯონსონი (Boris Johnson, ტორები, კონსერვატიული პარტია) ჯონსონი 2019 წლიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და სურს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვოს. იმ შემთხვევაში, თუ ჯონსონის პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვა, მას შესაძლებლობა მიეცემა სამწლიანი ბრძოლა შედეგიანად დაასრულოს და ქვეყანა ევროკავშირიდან გამოიყვანოს. ის თავისი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ბრიტანელებს ასევე ჰპირდება გაზრდილ თანხებს სკოლებისთვის, საავადმყოფოებისთვის და პოლიციისთვის.

ჯერემი კორბინი (Jeremy Corbyn, ლეიბორისტული პარტია).  კორბინი ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე 2015 წელს, სექტემბერში აირჩიეს და მაშინ ის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სოციალისტად ითვლებოდა. მას ჯონსონისგან განსხვავებით გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირთან მოლაპარაკების გაგრძელება და მასთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს. ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებისდან 6 თვეში კი ბრიტანეთის მოსახლეობას კიდევ ერთ რეფერენდუმს ჰპირდება. ჯანმრთელობის  სახელმწიფო სისტემის დამატებით დაფინანსებასთან ერთად ის რიგი დაწესებულებების და კომპანიების სახელმწიფოსთვის გადაცემის მომხრეა.

ჯო სვინსონი (Jo Swinson, ლიბერალდემოკრატიული პარტია). პარტია აქტიურად ეწინააღმდეგება „ბრექსიტს“ და მისი წევრები საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ თავს მოიხსენიებენ ევროკავშირის მეგობრებად.  პარტია თანახმაა ხელი შეუწყოს ლეიბორისტულ მთავრობას მეორე რეფერენდუმის ჩატარებაში. საინტერესოა, რომ პარტიის ხელმძღვანელი, ჯო სვინსონი გახდა პირველი, რომელმაც დებატების დროს თემთა პალატაში თავისი პატარა ბავშვთან ერთად მივიდა – აღნიშნული ფოტოები ქართულ პრესაშიც აქტიურად ვრცელდებოდა.

ნაიჯელ ფერაჯი (Nigel Farage, ბრექსიტის პარტია). პარტიის განწყობა და პოლიტიკური კურსი მისსავე სახელწოდებაში ჩანს. ისინი ეწინააღმდეგებიან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას, ისევე როგორც ბორის ჯონსონი და კონსერვატორები, მაგრამ ბევრად უფრო რადიკალური მოწოდებებით. ბრექსიტის პარტიის სიმპათიები კონსერვატორებისადმი იმითაც დასტურდება, რომ ისინი არ აპირებენ საკუთარი კანდიდატის დაყენებას იმ 317 საარჩევნო ოლქში, სადაც კონსერვატორების კანდიდატები არიან წარმოდგენილნი.

ნიკოლა სტარჯონი (Nicola Sturgeon, შოტლანდიის ნაციონალური პარტია)  სტარჯონი, რომელიც შოტლანდიიდ პრემიერ-ინისტრია იზიარებს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის იდეებს და თვლის, რომ შოტლანდიის ადგილი ევროკავშირშია. მისი აზრით დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლამ შეიძლება შოტლანდიის მიერ დიდი ბრიტანეთის დატოვება გამოიწვიოს.

მთავარი კანდიდატები

აღნიშნული პარტიებიდან პირველ ადგილზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს აქვთ.

ბორის ჯონსონი (Boris Johnson) რომელიც 2008-2016 წლებში ლონდონის მერი, ხოლო 2016-2018 წლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრია. არჩევნებში კი ის და მისი კონსერვატიული პარტია ფავორიტებად ითვლებიან. ჯონსონი აქტიურად უჭერს მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას, მისი საარჩევნო დევიზია „Get Brexit Done“ . აქედან გამომდინარე, ცდილობს ამ დღეებში საკუთარ ამომრჩევლებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ესტუმროს და ისინი დაარწმუნოს, რომ რომ „ერთი ხელის გაწვდენაღაა“ დარჩენილი „ბრექსიტამდე“ და ძალიან მალე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისგან „თავს დააღწევს“. თუმცა, თუ „ბრექსიტის“ გაჭიანურებულ პროცესებს დავაკვირდებით, არც ისე მარტივი უნდა იყოს ბრიტანეთისთვის ევროკავშირის დატოვება და ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს.

ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს კიდევ ბევრ რამეს ჰპირდება – მათ შორის საჯარო სფეროებში მეტი ადამიანის დასაქმებას. მისი თქმით, ქვეყანას მომდევნო წლებში 20. 000-მდე პოლიციელი, 50.000 ექთანი და 40 ახალი საავადმყოფო უნდა დაემატოს. კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ მომდევნო წლებში არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება საშემოსავლო გადასახადი და ქვეყანა მას შემდეგ, რაც ევროკავშირს საბოლოოდ გამოეყოფა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ მრავალ ქვეყანასთან , მათ შორის ჩინეთთან მოაწერს შეთანხმებას ხელს და ამით საგრძნობლად გაზრდის დიდ ბრიტანეთში შემომავალი ინვესტიციების რაოდენობას.

ბორის ჯონსონის მთავარი მოწინააღმდეგე 70 წლის ჯერემი კორბინია (Jeremy Corbyn), რომლისთვისაც ამ არჩევნებში გამარჯვება უფრო პრინციული საკითხია. იმ შემთხვევაში, თუ მისი ლეიბორისტული პარტია არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯონსონს კორბინი ჩაანაცვლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის პოლიტიკურ მოღვაწეობა ალბათ დასრულდება.

წყარო: Reuters

მას შემდეგ, რაც კორბინი ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი გახდა, პარტიამ გეზი მარცხნივ აიღო და ცდილობს ჩამოშრდეს „ახალი ლეიბორისტებისათვის“ დამახასიათებელ ცენტრისკენ გადახრილ სოციალ-დემოკრატიულ ხედვებს, რომელიც პარტიას 1997 წლიდან 2010 წლამდე,  ტონი ბლერის და გორდონ ბრაუნის ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა. მის სახელსვე უკავშირდებოდა 2017 წელს, ტერეზა მეის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის ტრიუმფი, როცა სულ რამდენიმე პროცენტიღა დააკლდათ პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად.

კორბინი 1983 წლიდან ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, იმ დროიდან, როდესაც მთავრობას მარგარეტ თეტჩერი ხელმძღვანელობდა. ის, განსხვავებით ბორის ჯონსონისგან, თავს იკავებს ბრექსიტთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან და ხაზს იმას უსვამს, რომ პრემიერ-ინისტრად მისი გახდომის შემთხვევაში, ბრიტანელი ხალხის სურვილს დაემორჩილება, რომელიც რეფერენდუმით გამოვლინდება.  თავის საარჩევნო გამოსვლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს და სახელმწიფოს საკუთრებაში ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულებების გადასვლას, როგორიცაა ფოსტა, რკინიგზა, ენერგიისა და წყლის მომმარაგებელი კომოანიები.

ვის აქვს გამარჯვების შანსი?

7 დეკემბერს, გარდიანის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ პროგნოზში, ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია 46%-ით საკმაოდ თვალსაჩინო უპირატესობით უსწრებდა ჯერემი კორბინის ლეიბორისტულ პარტიას, რომელსაც მოსახლეობის დაახლოებით 31% უჭერს მხარს.

სულ რაღაც 2 კვირის წინ, ნოემბრის აღნიშნული პროცენტები სხვაგვარად გამოიყურებოდა. მაშინ ჯონსონი და კონსერვატორები პირველ ადგილს 42%-ით იკავებდნენ. აღნიშნულ ცვლილებას პოლიტოლოგები ლონდონის ხიდზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას უკავშირებენ, რა დროსაც 28 წლის უსმან ხანმა ორი ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა. ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი 2018 წელს ციხიდან ვადაზე ადრე განთავისუფლდა, მაშინ როცა ქვეყანას ჯერ კიდევ ლეიბორისტურლი პარტია ჰყავდა მთავრობაში. ჯონსონმა აღნიშნულში ყოფილი მთავრობა და ლეიბორისტები დაადანაშაულა. ლონდონის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯეკ მერიტის (Jack Merritt) მამამ კი ჯონსონს მისი შვილის თემით საარჩევნო კამპანიის დროს მანიპულირებაში დასდო ბრალი და განაცხადა, პრემიერმა ნაცვლად იმისა, რომ ოჯახის ტრაგედია გაეზიარებინა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყოო.

ბრექსიტის შეჩერების უკანასკნელი შანსი

ბორის ჯონსონი წლებია ბრექსიტის აქტიური მომხრეა და მისივე გათვლებით, ოქტომბერში ქვეყანა უკვე უნდა გამოსულიყო ევროკავშირიდან. თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში ამ პროცესის დასრულებას 2020 წლის იანვრის ბოლოსთვის გეგმავს.

ბოლო სამი წელია ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოსვლას ცდილობს და ჯონსონისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიის  ლეიბორისტების ხელმძღვანელს, ჯერემი კორბინს ამ დრომდე არ ჩამოუყალიბებია ცალსახა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი გეგმა ასეთია – მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, გააგრძელოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ამასთანავე ბრიტანეთში კიდევ ერთხელ ჩაატაროს რეფერენდუმი, თავად კი ამ რეფერენდუმის დროს ნეიტრალური დარჩეს.

„ბრექსიტის“ მოწინააღმდეგეთათვის აღნიშნული არჩევნები ალბათ ბოლო შანსია, როგორმე შეაფერხონ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფა. პრო-ევროპული ჯგუფები ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველა საარჩევნო ოლქში (და ასეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ია) „ბრექსიტის“ მოწინააღმდეგეებმა ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელსაც ძალა შესწევს დაამარცხოს ტორების (კონსერვატიული პარტიის) კანდიდატი. აქედან გამომდინარე, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ისინი მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებულობისა, ამ არჩევნებში ლიბერალების და მწვანეების ხმებსაც მოიპოვებენ.

საარჩევნო უბნები დღეს, დილის 07:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა ღამის 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. პირველადი შედეგები კი არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დიდ ბრიტანეთში არჩევნები ტრადიციულად, 1935 წლიდან მოყოლებული, ხუთშაბათობით იმართება. ეს არჩევნები ასევე გამორჩეულია იმით, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში, პირველად ტარდება ზამთარში. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ დიდი ბრიტანეთის, ასევე ირლანდიის მოქალაქეებს, რომლებიც არიან 18 წლის. ხმის მიცემის უფლება აქვთ დიპლომატებს, სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში მყოფ ბრიტანელ ჯარისკაცებს და ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ ბრიტანელებს, რომელთა მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ 15 წელი არ გასულა.

მსგავსი/Related

Back to top button