ევროპამთავარი თემა

ბრექსიტი: შემოდგომის ამბორი

20 ოქტომბერს ბრექსიტის საკითხზე ბრიტანელმა და ევროპელმა მომლაპარაკებლებმა, დეივიდ ფროსტმა და მიშელ ბარნიემ კიდევ ერთხელ გადაურეკეს ერთმანეთს, მაგრამ ორივე მხრიდან გამოთქმული სურვილის მიუხედავად სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჯერაც ვერ განახლდა. ოღონდაც ცხელი ზაფხულის შემდეგ, ლონდონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობას უკვე შემოდგომის სუსხი დაჰკრავს.


ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 12 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. ეს სტატია მხოლოდ ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება.


ჯონსონის უკანასკნელი მუქარა

16 ოქტომბერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანული კომპანიები ევროკავშირის „შეთანხმების გარეშე“ დატოვებისთვის უნდა მოემზადონ. მისი თქმით, ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დაძაბულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პრემიერის პირდაპირობისდა მიუხედავად, დამკვირვებლები ფიქრობენ რომ ეს უკანასკნელი მუქარა ბრიუსელისათვის ხელის გადაგრეხის კიდევ ერთი მცდელობაა. შეთანხმებისთვის კვლავ რჩება მცირე შესაძლებლობა და ალბათ ორიოდე კვირაც თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების მისაღწევად.  

15 ოქტომბერს ამოიწურა თავად ბორის ჯონსონის მიერვე დათქმული ვადა, რომლის ფარგლებშიც, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ახალი სავაჭრო ურთიერთობების მოდელზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. „ხისტი ბრექსიტი“ სულ უფრო დაცილდა „შესაძლო პერსპექტივის“ კატეგორიას და უკვე თითქმის გარდაუვალ რეალობად იქცა.

მეტი ამავე თემაზე ჩვენს წინა სტატიაში:

ბრიუსელის მოზომილი პრინციპულობა

ლონდონის ჭირვეულობის ფონზე, ევროკავშირი გულდასმით ცდილობს ამ კონფლიქტში ჭკუადამჯდარი უფროსის როლი ითამაშოს და შეთანხმების იმედს არ კარგავს. 15-16 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ბრიტანეთს, გადადგას სათანადო ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად, თან იქვე წუხილით დასძინეს, რომ მოლაპარაკებებში არ შეიმჩნეოდა შეთანხმების საკმარი პროგრესი. დაკვირვებული თვალი და ყური ევროკავშირის ლიდერების განცხადებებში გამოთქმულ მოზომილ წუხილსა და პესიმიზმთან ერთად, შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ დატოვებულ სივრცესა და ამ შეთანხმების მისაღწევად საჭირო მზაობასაც შეამჩნევდა, რაც ოფიციალური ლონდონის საყურადღებოდ იყო გაჟღერებული.

მორიგი უშედეგო მოლაპარაკებების და ევროპული სამიტის ფონზე, ბრიუსელმა ლონდონს განუცხადა, რომ ის კვლავ მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები, თუნდაც ოქტომბრის ბოლომდე.

ბრიუსელის კონსტრუქციულ მიდგომას ზურგს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უმაგრებს, რომელმაც კომპრომისს შესაძლებლად თვლის და მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარს უჭერს. მერკელი პრემიერ ჯონსონის მიმართ უფრო მომთმენია და ევროპისათვის ბრიტანეთის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს. უფრო რადიკალური იყო საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი, რომელიც თევზჭერის საკითხებზე მოლაპარაკებებში საკმაოდ მკაცრ პოზიციებით გამოირჩეოდა. თუმცაღა უკანასკნელ ხანებში ის, როგორც ჩანს, მერკელს დაჰყვა და კომპრომისისკენ მიანიშნა: მაკრონმა საკუთარ მეთევზეებს მიანიშნა, რომ ახალი წლიდან მათ ბრიტანულ წყლებზე ძველებური წვდომა ვეღარ ექნებოდათ. 

ჯონსონის „მოსალოდნელი იმედგაცრუება“   

ბრიუსელის მოზომილ პრინციპულობას ბრიტანეთის პრემიერი ლონდონში „მოსალოდნელი იმედგაცრუებით“ დახვდა. 16 ოქტომბერს ბორის ჯონსონი დაუნინგ სტრიტის 10-ის მრავალი სიჯიუტის მოწმე, ვიწრო ოთახებში ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ბრიუსელის გასაგონად, ბრიტანეთის მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს მიმართა.

ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას, ის ყოველთვის ფიქრობდა კანადის მსგავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, თუმცა, ევროკავშირის უკანასკნელი სამიტის გათვალისწინებით, ეს ვერ მოხდება და ბრიტანეთი უნდა მოემზადოს უფრო “ავსტრალიის ტიპის მოდელისთვის” ანუ ევროკავშირთან ჩვეულებრივ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებზე დაფუძნებული თავისუფალი ვაჭრობისთვის.

„მათ (ევროკავშირს) სურთ კვლავ ქონდეთ შესაძლებლობა გააკონტროლონ ჩვენი საკანონმდებლო თავისუფლება და მეთევზეობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის“.

ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერი

აქვე, ჯონსსონმა მოუწოდა ბრიტანულ ბიზნესებს, კომპანიებსა და მოქალაქეებს მოემზადონ „შეთანხმების გარეშე“ ბრექსიტისთვის, ქვეყნის განახლებისთვის, საკუთარ საზღვრებსა და კანონმდებლობაზე კონტროლის აღდგენისთვის.

თავის წილ განცხადებაში ასევე მკაცრი და ცოტა უკმეხიც გამოდგა პრემიერის სულ ახლახანს დანიშნული პრესს-სპიკერი, რომელმაც სავაჭრო მოლაპარაკებებს დასრულებული უწოდა და თქვა ევროკავშირის მომლაპარაკებლის, მიშელ ბარნიეს მომავალ კვირას ლონდონში ჩამოსვლაში დიდი აზრს ვერა ვხედავო.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ლონდონმა უკვე ფაქტობრივად დაანონსა “ხისტი ბრექსიტი” კომპრომისების მოსაძიებლად და სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად სივრცე ჯერაც რჩება. 16 ოქტომბრის  გამოსვლაში ძალზე სუსტად, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა მოლაპარაკებების განახლების იმედ. ჯონსონმა არ გამორიცხა მოლაპარაკებების განახლება თუ ბრიუსელის მხრიდან ადგილი ექნება მიდგომების ფუნდამენტურ ცვლილებას.    

ჩაფერფლილი რომანი

ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხშირად ადარებდნენ პრაგმატულ ქორწინებას. აქამდე უფრო ბრიტანეთი რესპექტაბელური მეუღლის როლს თამაშობდა, რომელმაც მოწიფულ ასაკში ძველ, კათოლიკე  თანამეცხედრესთან თანაცხოვრებას აღმოსავლეთში გასეირნება ამჯობინა. ახლა ბრიუსელი უფრო ჩადგა მდიდარი, პასუხისმგებლიანი მეუღლის როლში, რომელსაც სურს თავის ძველ, ასაკოვან და ერთ დროს საყვარელ მეუღლეს უზრუნველყოფილი სიბერე შესთავაზოს. ლონდონს კი მაგიდასთან საუბრის ნაცვლად წასვლისას ემოციები ეძალება და ჭურჭელს ლეწავს.  

ორიოდე კვირაში გაირკვევა, თუ როგორ დასრულდება ეს გაწელილი გაყრა და რა ურთიერთობები ექნებათ ბრიტანეთსა და ევროკავშირს მომავალი წლიდან.

მსგავსი/Related

Back to top button