ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ

Tags

27 ნოემბერს ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განვითარებული მოვლენების შესახებ დებატები გაიმართა.

ქვემოთ მოცემულია ამონარიდები ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან საქართველოს შესახებ.

კატი პირი (ნიდერლანდები, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი): „ამჟამად თბილისში ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დანაპირები, რომ 2020 წლისთვის ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ეს დაპირება მათ ქართველ ამომრჩევლებს მისცეს და ველოდებით, რომ ყველა ქართული პარტია შეასრულებს მას. მართალია, საქართველომ ბოლო წლების მანძილზე დემოკრატიის თვალსაზრისით დიდი გზა გაიარა, მაგრამ ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დიდი არასტაბილურობის რისკს ქმნის, რისი ფუფუნებაც საქართველოს უბრალოდ არა აქვს. ყველა პოლიტიკური პარტიისაგან ველოდებით დიალოგის დაწყებას იმაზე, თუ როგორ გამოვიდნენ არსებული ჩიხიდან“.

პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა, განახლებული ევროპის ჯგუფი): „მინდა წუხილი გამოვხატო საქართველოში არსებული ვითარების გამო, ასევე მკაფიოდ განვაცხადო, რომ თბილისში არსებულ სიტუაციაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი): მოლდოვა, საქართველო და უკრაინა უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე იმყოფებიან. სამივე შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ რეფორმების ამბიციური დასაწყისი. სხვადასხვა, თუმცა საბოლოო ჯამში მსგავსი მიზეზის გამო, დღეს ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, ეს რეფორმები გაგრძელდება, თუ ყველაფერი დემოკრატიის უკუსვლით დასრულდება… უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საზოგადოებებს სურთ, რომ დავეხმაროთ თავიანთი საზოგადოებების ტრანსფორმაციაში, რაც მსხვერპლს მოითხოვს… მე ვემხრობი ამ მტკივნეულ რეფორმებს, რადგანაც იქ მცხოვრები ადამიანების უდიდეს უმრავლესობას სურს დემოკრატიული და აყვავებული საზოგადოებების ხილვა: ეკონომიკის, რომელიც ხალხისთვის და არა რამდენიმე ოლიგარქისთვის მუშაობს, სახელმწიფოსი, რომელიც მოქალაქეებს ემსახურება და არა პოლიტიკოსთა პირად ინტერესებს. მნიშვნელოვან ცვლილებას რომ მივაღწიოთ, გვჭირდება ძლიერი და თავდადებული მთავრობები. თუმცა, ძლიერი ხელისუფლება არ ნიშნავს უკონტროლო აღმასრულებელი ძალაუფლების ქონას. სამწუხაროა საქართველოსა და უკრაინაში ამ ტენდენციის დანახვა… ჩვენი ვინმეს არ ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ იგი კრემლის ან ბრიუსელის მხარდამჭერია, ჩვენი კრიტიკა დემოკრატიულობასა და ინსტიტუტების ფუნქციონირებას შეეხება. დიახ, პუტინის მოკლევადიანი ინტერესია,  ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსები იყვნენ, რომელთაც იგი თავის პირად გავლენას დაუქვემდებარებს ან მოისყიდის. მაგრამ ეს ჩვენი სტილი არ არის. ჩვენ  ლიდერები გვჭირდება რეფორმების განსახორციელებლად, ჩვენი ინტერესია  ფუნქციური ინსტიტუტები გვქონდეს, რომლებიც პუტინის, ოლიგარქის თუ ჩვენ გარეშეც კი კარგად იმუშავებენ“.

ანა ფოტიგა (პოლონეთი, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები): „ნამდვილად შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად სახიფათოა. ჩვენ მას უნდა შევეწინააღმდეგოთ“.

ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა, ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან-დემოკრატები): ყველამ იცის, თუ რატომ ვიბრძვით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციისთვის. თუმცა, ჩვენ ვერ ვიბრძოლებთამ  ქვეყნების ევროინტეგრაციისთვის თავად ამ ქვეყნების ხელმძღვანელობაზე მეტად. დღეს მე ძირითადად საქართველოს შესახებ ვისაუბრებ… საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაიძულებს, ძალზე შევშფოთდეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარებისა და მისი მომავლის გამო. ნათელია, რომ თუ [საქართველოში] არ იქნება დემოკრატია, არ იქნება [საქართველოს ევროპული] ინტეგრაცია. იცით, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა, არ შეასრულოს საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციისთვის მიცემული დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით… ახლა ქართველი ხალხის ნდობა პარლამენტისა და ქართული დემოკრატიისადმი დაკარგულია. აშკარაა, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს დანაპირები, რადგანაც მათ ალბათ მომავალი წლის პროპორციული არჩევნების წაგების შეეშინდათ. რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ მმართველი პარტიის ასეთი გადაწყვეტილებიდან: შესაძლოა, ეს ნიშნავს, რომ მმართველი პარტია გეგმავს, ძველი ადმინისტრაციული ხრიკები გამოიყენოს არჩევნების მოსაგებად. ამიტომაც, ეს დისკუსია ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ მოვუწოდოთ საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ოპოზიციასთან რეალურ და ნდობაზე დაფუძნებულ დიალოგს. მეორე, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმდნენ, რადგან ხალხი არ ენდობა ძველ სისტემას. ე.წ. გერმანული სისტემა შესაძლოა იყოს საფუძველი ამგვარი შეთანხმებისთვის, რადგან ის არ ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის შეცვლას. და ბოლოს, ევროპარლამენტმა უნდა მოუწოდოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეასრულონ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები… ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, [მათ შორის], ზოგჯერ ღიად, მკაცრად და კრიტიკულად საუბრითაც“.

მარინა კალიურანდი (ესტონეთი, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი): „საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ეს მოულოდნელი იყო, რადგან ამ ცვლილებაზე მკაფიო და მრავალპარტიული კონსენსუსი არსებობდა. ამან საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გაიყვანა. მსურს, მოვუწოდო ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, შეიკრიბონ და მოძებნონ გამოსავალი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ხალხის იმედებსა და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2009 წელს ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილე ბრიუსელში წელს აღინიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button