ახალი ამბები

არასამთავრობოები: დაკავებულ დემონსტრანტთა სასამართლო პროცესები დარღვევებით ჩატარდა

Tags

16 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტის სასამართლო პროცესებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ საქმის განხილვის პროცესში, მოსამართლე „უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს“.

კერძოდ, 21 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში უფლებადამცველები დაკავებულ დემონსტრანტებთან მიმართებით შემდეგ დარღვევებზე მიუთითებენ:

  • „საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს ვალერიანე ფილიშვილს დაევალა, რამაც სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია;
  • სამართალდამცველებმა პრობლემური საფუძვლით მიიღეს დემონსტრანტების დაკავების გადაწყვეტილება. ამასთან, პროცესების დაგვიანების გამო დაირღვა კანონმდებლობით გათვალისწინებული „დაკავების ვადები“ და დაკავებულების ნაწილს 19 ნოემბერს თავისუფლება უკვე უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული;
  • საქმეების განხილვის პროცესში, მოსამართლე ცალმხრივად ზღუდავდა დემონსტრანტების ადვოკატების შესაძლებლობებს, სრულფასოვნად მოეხდინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა;
  • ადვოკატებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლეოდათ საქმის გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, პოზიციების წარმოსადგენად ადვოკატებს მხოლოდ ორი წუთი გამოეყოთ;
  • პოლიციამ სათანადო მტკიცებულებები პრაქტიკულად ვერცერთ შემთხვევაში წარადგინა;
  • მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ ვიდეომასალებში პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაკავებული პირების ამოცნობას და კონკრეტულად იმის მითითებას, თუ რა ქმედების გამო მიიჩნეოდნენ ისინი სამართალდამრღვევებად; 
  • ამასთან, ერთ საქმეში პოლიციელმა განაცხადა, რომ წარდგენილი ვიდეომტკიცებულება ნანახი თავადაც არ ჰქონდა. აგრეთვე, პოლიციელებმა სასამართლოს სამხრე კამერების ჩანაწერები არ წარუდგინეს;
  • მოსამართლე წყვეტდა საქმეს და როგორც ჩანს ინსტრუქციის მისაღებად, ოთახიდან გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა;
  • მოსამართლემ გაუგებარი ლოგიკით განსაზღვრა დაკავებულებისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის დღეების რაოდენობა (3-დან 13 დღის შუალედი). ამასთან, სასჯელი განსაკუთრებულად მკაცრი აქციის ორგანიზატორების მიმართ იყო“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი იყო „მიკერძოებული“ და „პოლიტიზებული“. „იმ ფონზე, როდესაც სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“, – განმარტავენ ისინი.

არასამთავრობოები ქართულ ოცნებას და მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, „შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე“.

18 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის დაშლისას, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 37 პირი დააკავა. საქმის ორდღიანი მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლემ მხოლოდ 12 დაკავებულის საქმე განიხილა, მათაგან 10-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთის შემთხვევაში კი – მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

რაც შეეხება დანარჩენ 25 პირს, მოსამართლემ მათი საქმეების განხილვა მოუცლელობის მიზეზით გადადო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button