skip to content
ახალი ამბები

საია პარლამენტის ბლოკირებაზე: ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ეხმაურება ქართული ოცნების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე თავისივე საკონსტიტუციო ინიციატივის ჩაგდებას, აგრეთვე – საქართველოს პარლამენტის შენობის ბლოკირებას, რასაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები, ქართული ოცნების მიმართ პროტესტის ნიშნად, 17 ნოემბრის საღამოდან ახორციელებენ.

საია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდებამ აჩვენა, რომ ,,მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო“, რასაც ,,საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა“.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება, რომელიც არჩევნების არც ე.წ. ,,გერმანული მოდელით“ ჩატარებას უჭერს მხარს, ამით ,,თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას“ და, ,,შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება“.

,,ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯების არარსებობისა და დემონსტრატნთა იგნორირების პირობებში, აქციის მონაწილეები მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას, პარლამენტის შენობის ბლოკირებას“, რასაც, საიას განცხადებით, კანონმდებლობა კრძალავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს მას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ,,ამის მიუხედავად, ვინაიდან, პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება… ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა“.

საიას განცხადებით, ,,მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, აჩვენოს კონსენსუსის ნება და მხოლოდ ასე და არა ძალის გამოყნებით, დაარეგულიროს არსებული მწვავე ვითარება“.

17 ნოემბერს ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრულმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მოგვიანებით აქციის ორგანიზატორების ნაწილმა და აქტივისტებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელ ყველა კარს ბოქლომი დაადეს. ასევე, ადგილზე კარვები გაშალეს და ბარიკადები მოაწყეს. ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როდესაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button