Placeholder canvas
ახალი ამბები

ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოებთან დაკავშირებით მორიგი „ტექნიკური შეხვედრა“ გაიმართა

თბილისის, ცხინვალის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, მეოთხე „ტექნიკური შეხვედრა“ გამართეს, სადაც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების მიერ მოწყობილი საგუშაგოების საკითხი განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მხარეთა პოზიციები სადავო საგუშაგოებთან დაკავშირებით კვლავაც „დიამეტრალურად განსხვავებულია“.

მან დაადასტურა, რომ „სტანდარტული“ ქართული საპოლიციო საგუშაგო, რომლის დანიშნულებაც „ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა“, ფუნქციონირებას „ჩვეულ რეჟიმში“ გააგრძელებს. ანთაძემ ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენლებს „კატეგორიულად მოსთხოვეს“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა“.

თავის მხრივ, ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ოსურ საინფორმაციო სააგენტოს „რესს“ განუცხადა, რომ ცხინვალის პოზიცია უცვლელია და რომ ქართული საგუშაგო „უნდა მოიხსნას“.

მხარეები ვერც ცხინვალის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ დახურული გამშვები პუნქტების ხელახლა ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი ანთაძის თქმით, გამშვების პუნქტების დახურვა ჰუმანიტარულ საკითხს წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ პუნქტებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. მათი დახურვა კი, აუარესებს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების პირობებს, ასევე „არ უწყობს ხელს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას“.

საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო დღეს, სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

5 სექტემბერს ცხინვალის „მესაზღვრეები“ სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

11 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე სოფელ წნელისში საოკუპაციო ძალებმა საგუშაგო განათავსეს, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button