skip to content
ახალი ამბები

სუს: საოკუპაციო ძალები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „უკანონო სამუშაოებს“ აწარმოებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს „სამოქალაქო საქართველოს“ დაადასტურა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მახლობლად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების საგუშაგოების მოწყობა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, „საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე. ხოლო, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო“.

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს“, – განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები, ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო დღეს, სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

5 სექტემბერს ცხინვალის „მესაზღვრეები“ სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

6 სექტემბერს ჩორჩანა-წნელისში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, სადაც 13 სექტემბერს მომდევნო ტექნიკური შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button