ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრესსპიკერის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს

Tags

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს დაადასტურა რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი, მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადების გამო, თანამდებობიდან გათავისუფლდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მოისწრაფიშვილის ეს ქმედება „პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს ეწინააღმდეგება“. „პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს  მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გააფრთხილა, 10 სექტემბერს კი, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოისწრაფიშვილს პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობის გაგრძელება კვლავ შესთავაზეს, თუმცა უცნობია, დათანხმდა თუ არა ყოფილი პრესსპიკერი ამ წინადადებას. მოისწაფიშვილმა ფეისბუკზე მხოლოდ ის დაწერა, რომ „პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა“ პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან საჯარო პოლემიკაში შესვლის უფლებას არ აძლევს და ამის გამო კომენტარისგან თავს იკავებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს თავისი ყოფილი კოლეგის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებული საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მიმართ სოლიდარობის გამო, რომელიც პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილმა პრესსპიკერმა ფეისბუკის საკუთრ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოხატა [ეს განცხადება ამჟამად საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის].

გათავისუფლების მიზეზის ამ ვერსიის შესახებ 7 სექტემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნოდარ მელაძეც  წერდა. მისი თქმით, „სირცხვილია პრეზიდენტის პრესსპიკერს სამსახურიდან წასვლა  იმის გამო აიძულო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, პოსტი მიუძღვნა“.

ხატია მოისწრაფიშვილი  საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად 2018 წლის 31 დეკემბერიდან მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button