skip to content
ევროპამთავარი თემა

პოლიტიკის რომაელი ღმერთები მორიგი დრამის მოლოდინში

ჯუზეპე კონტეს (Giuseppe Conte) ნაცოდვილარი პოპულისტური კოალიცია, რომელიც იტალიას 14 თვეა მართავს, ჩამოშლის პირასაა. მორიგი სამთავრობო კრიზისი აპენინებზე მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ულტრამემარჯვენე ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ (Matteo Salvini) გადაწყვიტა, კოალიციისათვის წყალი შეეყენებინა.

კოალიციაში შემავალ პარტნიორებს – სალვინის ულტრამემარჯვენე პარტია ლიგასა და მეორე ვიცე-პრემიერ ლუიჯი დი მაიოს (Luigi Di Maio) 5 ვარსკვლავის მოძრაობას – შორის შავმა კატამ მას მერე გაირბინა, რაც ორი ძალა ტურინი-ლიონის ჩქაროსნული მატარებლის პროექტზე ვერ შეთანხმდა. გარემოს დაცვითი ტენდენციების მქონე 5 ვარსკვლავის მოძრაობას პროექტი არ მოსწონს, მითუმეტეს რომ იტალიაში ასეთ მასშტაბურ პროექტებზე ხშირად ბევრი ფული ქრება და იფლანგება. სალვინიმ კი, რომელიც პროექტს მხარს უჭერს, განაცხადა, „ამდენი „არა“ იტალიისათვის ცუდი რამე არის“-ო.

ჯუზეპე კონტე, სამართლის პროფესორი, იტალიის პოპულისტური მთავრობის პრემიერ-მინისტრია. შარშან, დიდხნიანი დავიდარაბის შემდეგ, ლუიჯი დი მაიომ და მატეო სალვინიმ კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობა სწორედ უპარტიო კონტეს შესთავაზეს.

სხვის ცხენზე შემჯდომს მალე ჩამოახტუნებენო და სალვინის ლიგამ კონტეს მთავრობის უნდობლობის ვოტუმის საკითხი დააყენა პარლამენტში. სალვინის სურდა, სამშაბათის სესიაზე ვოტუმის თარიღად ოთხშაბათი, 14 აგვისტო დაენიშნათ, თუმცა მისი ოპონენტები არ ჩქარობენ – საკითხი 20 აგვისტოს უნდა გადაწყდეს.

ძაღლის თავი პოლიტიკურ რეიტინგებში მარხია

თუმცა, ჩქაროსნული მატარებლის პროექტი საბაბი უფროა, ვიდრე ნამდვილი მიზეზი იმ მორიგი პოლიტიკური კრიზისისა, რომელშიც იტალია გაიხლართა.

ნათქვამია, საითაც გული მიგიწევს, თვალებიც იქითკენ იხედებაო. თუ მთავრობას დაშლის და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, პრემიერ-მინისტრობას სწორედ სალვინი გამოჰკრავს ხელს.

სალვინი პოპულარულობის ზენიტშია. მისი პარტია პოლიტიკურ გამოკითხვებში 38%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 14 თვის წინ, არჩევნებში მოგროვებული ხმათა რაოდენობა. მისი კოალიციური პარტნიორის, ლუიჯი დი მაიოს ანტი-ისტებლიშმენტური 5 ვარსკვლავის მოძრაობის მხარდამჭერთა რაოდენობა კი არჩევნების შემდეგ 33%-დან 17%-მდე დაეცა.

ლუიჯი დი მაიაო. რომი 3 ივლისი, 2018.
ფოტო: ANDREAS SOLARO/AFP/Getty Images/Politico.eu

მხარდამჭერთა რაოდენობა მოკრძალებულად გაეზარდა დემოკრატიულ პარტიასაც, რომელსაც ამჟამად 23% ემხრობა. ბოლო არჩევნებში მან 19% დააგროვა. იმავე პერიოდში, ბერლუსკონის „ფორცა იტალიას“ მომხრეთა რაოდენობა 14%-დან 6%-მდე ჩამოვიდა.

ამდენად, არჩევნების შემოდგომაზე დანიშვნით, სალვინი პრემიერობას უმიზნებს. ასეთ შემთხვევაში, თუ რეიტინგები უცვლელი დარჩა, მის პრემიერობას წინ ვერაფერი აღუდგება.

იტალიურ პლაჟებზე წინასაარჩევნო კამპანიაც ირუჯება

მთავრობაში მოსვლის შემდეგ სალვინი გულხელდაკრეფილი არ მჯდარა. მეტიც, მან პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყნის ლაჟვარდოვან პლაჟებზეც კი გაიყოლა.

ამ ზაფხულს ულტრამემარჯვენე პოპულისტი უბრალოდ კი არ ირუჯება, ირჯება კიდეც. სახელი და დიდება შრომას მოაქვსო და მართალიცაა, სალვინი წელებზე ფეხს იდგამს და იტალიის მშვენიერ სანაპიროებზე ნამდვილი დასვენების მაგიერ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი, ნახევრად შიშველი ეწევა წინასაარჩევნო კამპანიას.

მატეო სალვინი იტალიურ პლაჟებზე მორიგი წინასაარჩევნო კამპანიისას.
ფოტო: STEFANO CAVICCHI/REX

ამიტომაც იყო, ჩქაროსული რკინიგზის პროექტზე დაპირისპირებისას, კრიტიკის პასუხად პრემიერმა კონტემ სალვინის რომ წაკბინა, „მთავრობა დილიდან ღამემდე მუშაობს, პლაჟებზე კი არ დადის“ ზოგ-ზოგიერთისაგან განსხვავებითო.

როგორც ჩანს, იტალიელებს აინუნშიაც არ მოსდით ბოლო დროინდელი სკანდალი, რომელშიც მატეო სალვინი გაეხვა. მართალია, პოლიცია ჯერ კიდევ იძიებს შესაძლო კორუფციულ გარიგებას, რომ ევროპარლამენტის არჩევნებისათვის სალვინის პარტია რუსეთმა „შავი ფულით“ დააფინანსა, თუმცა სალვინის ეს ხელს არ უშლის, ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყოს. მით უფრო, რომ მისი ანტი-იმიგრანტული განწყობები ეკონომიკურად შექანებულ იტალიაში ბევრს გულზე მალამოდ ედება.

სალვინის შემოვლილი იტალიური პლაჟები. ფოტო: Politico.eu

დროებითი, ტექნოკრატიული მთავრობა?

სალვინის კონკურენტები ახლა ცდილობენ, ისედაც ჟამ-კარ არეულ ქვეყანას ვადამდელი არჩევნები თავიდან აარიდონ. ყოფილი პრემიერი მატეო რენცი (Matteo Renzi) დემოკრატიული პარტიიდან ამბობს, ტექნოკრატიული დროებითი მთავრობა შევქმნათ და იტალია „ექსტრემისტულ“ გზაზე შედგომისაგან გადავარჩინოთო. რენციმ ისიც თქვა, სიგიჟე იქნებოდა ახლა არჩევნების ჩატარებაო.

თუმცა ასეთ ვარიანტს მაინცდამაინც  არ თანაუგრძნობს ნიკოლა ძინგარეტი (Nicola Zingaretti), დემოკრატიული პარტიის ამჟამინდელი ლიდერი. რენცისაგან განსხვავებით, ძინგარეტი დი მაიოს გახუნების გზაზე შემდგარ ხუთვარკსვლავიან პოპულისტებთან კურკურს არ ემხრობა.

მით უმეტეს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა ძინგარეტის პარტია შუაზე გახლიჩოს, რადგანაც მემარცხენე დემოკრატებს დი მაიოს პოპულისტები მემარცხენე წიაღსვლების მიუხედავად, გულზე დიდად სულაც არ ეხატებათ.

ნიკოლა ძინგარეტი. ფოტო: Espresso – La Reppublica

პარლამენტის დაშლაზე საბოლოო სიტყვა პრეზიდენტ სერჯო მატარელას (Sergio Mattarella) ეკუთვნის. მატარელამ კი, შესაძლოა, უმთავრესად ბიუჯეტის გამო, სცადოს არსებული პარლამენტიდან ახალი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება და ვადამდელი არჩევნები რამდენადმე შეყოვნება.

იტალიის მთავრობამ  2020 წლის ოქტომბერში ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს როგორც ევროკომისიას, ასევე თავად იტალიის პარლამენტსაც.

რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში?

„რა არის იმაზე უფრო ლამაზი, უფრო დემოკრატიული და უფრო ღირსეული, ვიდრე არჩევანის ხალხისათვის მინდობააო“, განუცხადა სამშაბათს სენატში მყოფთ სალვინიმ, რომლის გამოსვლაც პოლიტიკურ მეტოქეთა სტვენისა და აყალმაყალის ფონზე მიმდინარეობდა.

სალვინის გეგმებს, არჩევნები შემოდგომაზე გაიმართოს, ხორცშესხმა შესაძლოა არც ეწეროს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტალიელი კანონმდებლები 20 აგვისტოს კონტეს მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებენ, არაა გამორიცხული, 5 ვარსკვლავის მოძრაობამ და დემოკრატიულმა პარტიამ საერთო ენა გამონახონ და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო ალტერნატიული უმრავლესობა გამოძებნონ.

თუმცა, თუკი ამჟამინდელი მთავრობა ჩამოიშალა და არსებული პარლამენტიდან ახალი ვერ შეიქმნა, არჩევნები შემოდგომაზე მაინც დაინიშნება. არჩევნებში კი, თუ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო 40%-იანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, სალვინი სავარაუდოდ  „იტალიის ძმებთან“ – ნეოფაშისტურ ტენდენციებში შემჩნეულ პარტიასთან – შეკრავს კოალიციას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს კი პირველი შემთხვევა იქნება, როცა დიდი დასავლეთ ევროპული ქვეყნის სათავეში დემოკრატიული არჩევნებით ულტრამემარჯვენე, ფაშისტურ ტენდენციებში ბრალდებული და თანაც გამოკვეთილად პრო-რუსული მთავრობა მოვა.

სალვინი მოსკოვში წითელ მოედანზე პუტინის მაისურით პოზიორობს. ფოტო: FINANCIAL TIMES

ახლა ჯერი იტალიელ კანონმდებლებზეა, როგორ ჩააბარებენ აგვისტოს საშემოდგომოს.

სტატია მომზადებულია Politico-ზე, DW-ზე, The Guardian-ზე, Financial Times-ზე, Reuters-ზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button