ანალიზიპარტნიორებისგან

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები საფრთხეშია?

Via
CACI Analyst
Source
Are Georgia-Azerbaijan Relations at Risk?
Tags

სვანტე კორნელი

სვანტე კორნელი „ცენტრალური აზია-კავკასიის ანალიტიკოსის“ (Central Asia-Caucasus Analyst) მთავარი რედაქტორი და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის ერთობლივი ცენტრის დირექტორია.

მოცემული სტატია პარტნიორისგანაა გადმობეჭდილი, მასში მოტანილი მოსაზრებები და მოვლენების ხედვა შეიძლება არ ეთანხმებოდეს სამოქალაქო საქართველოს სარედაქციო პოზიციას.

თითქმის სამი ათწლეულია, აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, პარტნიორობა, რომელმაც მთელი ევრაზიის გეოპოლიტიკური  რუქა ჩამოქნა. უკანასკნელ ხანებში აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებში მანამდე არნახული დაძაბულობა შეიმჩნევა. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ საზღვრის დემარკაციას უკავშირდება, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება ნაწილობრივ იმ გარეშე ძალების დამსახურებაცაა, რომლებიც ცდილობენ ორი პარტნიორი ერთიმეორეს ჩამოაშორონ – რუსეთის მხრიდან ეს განზრახ ხდება, დასავლეთს კი უგულისყურობა შეიძლება დავწამოთ. დროა, ორივე ქვეყანამ და მათმა პარტნიორებმა  ამ უმნიშვნელოვანეს ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციონ.

წინაპირობები

 14 ივლისს ადგილობრივი ქართველებისა და აქტივისტების ჯგუფს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონსა და აზერბაიჯანის აღსტაფის რეგიონს შორის საზღვრის გასწვრივ მდებარე ფართო სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს, შეხლა-შემოხლა მოუვიდათ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან და მათი განიარაღებაც სცადეს. აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალების თავშეკავების წყალობით, ტყვია არ გავარდნილა და არც არავინ დაშავებულა. დავით გარეჯის (რომელსაც აზერბაიჯანში ქეშიშდაღად იცნობენ) საკითხზე კონფრონტაცია რამდენიმეთვიან მზარდ უთანხმოებას მოჰყვა.

ამ თემაზე უთანხმოება ახალი არ არის. ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, სამონასტრო კომპლექსი ორ რესპუბლიკას შორის გაყვეს. საზღვარმა [განსაკუთრებული] მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 1991 წელს  აზერბაიჯანმა და საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკები სამონასტრო კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში აქცევს — 1963 წელს აღნიშნული რუკები საქართველოს [საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის] უმაღლესმა საბჭომაც დაამტკიცა. თუმცა, ქართველები ამ სამონასტრო კომპლექსს ქართული რელიგიური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავენ. ამისდა საპირისპიროდ, აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კომპლექსს როგორც საქართველოს, ისე კავკასიის ძველი ალბანური ეკლესიის მემკვიდრეობად განიხილავენ. აზერბაიჯანი თავს უძველესი კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე სახელმწიფოდ მიიჩნევს თავს, რომელმაც ჩვენი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში შეწყვიტა არსებობა.

იმისდა მიუხედავად, რომ ამ რელიგიური კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს მდებარეობს, 1990-იანებში მიღწეული არაოფიციალური შეთანხმებით, საქართველოს მხრიდან მომლოცველებსა და ტურისტებს [აზერბაიჯანისათვის მიკუთვნებულ ნაწილზე] თავისუფალი შესვლა შეეძლოთ. აქ აზერბაიჯანული სასაზღვრო ჯარები დგანან. საზღვრის დემარკაცია პრიორიტეტული არც ბაქოსთვის ყოფილა, არც თბილისისათვის. ორივეს თავისი სეპარატისტული კონფლიქტები გააჩნია, რომლებშიაც ისინი ერთმანეთის მხარეს იჭერდნენ, ლიდერებს შორის თბილი ურთიერთობები კი დღის წესრიგიდან ხსნიდა პრობლემის დაუყოვნებლივი მოგვარების აუცილებლობას.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის კომიტეტი წლებია არსებობს. ქართველებმა საკითხის მოგვარებისათვის აზერბაიჯანს მიწების გაცვლაც შესთავაზეს – დავით გარეჯზე სუვერენიტეტის დათმობის სანაცვლოდ, ისინი აზერბაიჯანელებს  იმავე ზომის ტერიტორიის გადაცემასაც სთავაზობდნენ. ბაქო ამ შეთავაზების მიღებაზე სულ მცირე სამი მიზეზის გამო ჭოჭმანობდა. პირველი, ტერიტორიების მეექვსედის  ომში დაკარგვა [იგულისხმება მთიანი ყარაბაღის სომხეთის მიერ დაკავება – მთარგმნელის შენიშვნა] ბაქოს თუნდაც მეგობრულ სახელმწიფოსთან ტერიტორიულ დათმობაზე წასასვლელად არ განაწყობს. მეორეც, ბაქო მთიან ყარაბაღზე სუვერენიტეტის დასასაბუთებლად იმ არგუმენტს ეყრდნობა, რომ აზერბაიჯანი კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე სახელმწიფოა. მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კომპლექსი ისეთ სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს, რომელსაც ამ მეტად მგრძნობიარე ტერიტორიაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტერიტორია სომხეთის საზღვიდან 30 მილის [48 კილომეტრი – რედ.] დაშორებით მდებარეობს. 1992-94 წლებში, სომხეთთან ომის დროს, აზერბაიჯანმა საქართველოსთან თავისი საზღვრის მონაკვეთიც კი დანაღმა, რათა თავიდან აერიდებინა საქართველოს მხრიდან სომხური ჯარების შემოჭრა. შედეგად, დროებით მხარეები იმაზე მორიგდნენ, რომ ამ საკითხის გადაჭრის დაჩქარება არ ღირდა.

თუმცა, ზემოთ მონათხრობი ვერანაირად ვერ აგვიხსნის, თუ რატომ წამოიწია ამ პრობლემამ წინა პლანზე სწორედ ახლა. მარტში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაქოს ეწვია, სადაც იგი ზოგადად კარგად მიიღეს. აქ მან წამოჭრა საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ამოქმედების საკითხი და, ამავდროულად, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ სომხეთთან კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარე დაიკავა.

თუმცა უკვე 20 აპრილს ზურაბიშვილი დავით გარეჯის კომპლექსში გამოჩნდა – მის იმ ნაწილში, რომელსაც აზერბაიჯანი თავისად მიიჩნევს – და საჯაროდ განაცხადა, რაც შეიძლება მალე უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვრის დემარკაციაზეო.

აზერბაიჯანი ამ სტუმრობას და იქ გაკეთებულ განცხადებას თავშეკავებით შეხვდა, თუმცა გამოირკვა,  რომ ზურაბიშვილის ვიზიტი გარეჯში კოორდინირებული არ ყოფილა ბაქოსთან და ამდენად, აზერბაიჯანის მთავრობისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროტოკოლურ ურთიერთბების დეტალებს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობებში, ზურაბიშვილის ქმედება სერიოზულ დიპლომატიურ faux pas-დ [უტაქტო ქცევად] შეაფასეს – რისკენაც, უნდა ითქვას, ზურაბიშვილი ყოველთვის მიდრეკილი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ, აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალებმა ტერიტორიაზე მეტი ჯარისკაცი შეიყვანეს და, როგორც იტყობინებიან, კომპლექსის ზოგ ნაწილზე [სტუმრების] წვდომაც შეზღუდეს. ჩიხიდან გამოსვლა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. თუმცა მაისსა და ივნისში, საქართველოში ამ საკითხზე  სხვადასხვა ძალა [ისევ] ახმაურდა.

ამათში წამყვანი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი იყო, ანტი-დასავლური, პრო-რუსული პარტია ირმა ინაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც 2016 წელს პარლამენტში შეღწევა ძლივს მოახერხა. ლოზუნგით „დავით გარეჯი საქართველოა“ პატრიოტთა ალიანსმა თბილისის ცენტრში გამართა დემონსტრაცია, რომელსაც 10 ათასი ადამიანი დაესწრო. ინაშვილმა აზერბაიჯანს მოუწოდა ტერიტორია საქართველოს დაეთმო და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ურჩია გაეგო, რომ „ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯი დათმოს“. პარტიის მეორე ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა კი გაავრცელა მოწოდება, დაწყებულიყო გამოძიება და დასჯილიყო მიხეილ სააკავშილის ყოფილი მთავრობა, რომელმაც მისი მტკიცებით, „დავით გარეჯი გაყიდა“.

სანდო წყაროები  თბილისიდან ირწმუნებიან, რომ პატრიოტთა ალიანსის მცდელობები მხოლოდ დემონსტრაციებით არ შემოფარგლულა: მათ ზეწოლა განახორციელეს თავიანთ მოკავშირეებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამ საკითხზე ხმის ასამაღლებლად.

შესაძლო შედეგები

დავით გარეჯის საკითხზე დაპირისპირება კონკრეტულ კონტექსტში მიმდინარეობს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ქვეყანამ [საქართველომ] ვლადიმირ პუტინის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებელი ქვეყნების [საპარლამენტო ასამბლეაზე] მოპატიჟებული რუსი დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტში მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ, [თბილისში] მასობრივმა პროტესტმა იხეთქა მთავრობის იმგვარი უგერგილობის წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლებელი გახადა რუს პარლამენტარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაეკავებინა.

მას შემდეგ, რაც პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო,  მთავრობის ძალისმიერ პასუხს 200 ადამიანის დაშავება მოჰყვა, მათ შორის, არაერთი პოლიციელისაც. პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული შეიქნა გადამდგარიყო. ყოველივე ამან ვლადიმირ პუტინს კარგად ნავარჯიშევი ავსიტყვაობის გამეორების საშუალება მისცა.

ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალაუფლების გადაცემისათვის ემზადება. 86 წლის პატრიარქმა ილია მეორემ, რომელსაც ეს პოზიცია 1977 წლიდან უკავია, ახლახან მემკვიდრედ დანიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, როგორც საპატრიარქო ტახტის თანამოსაყრდრე. საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი იმ სივრცეთაგანია, რომელსაც მოსკოვმა თავისი გავლენის გასაძლიერებლად ყურადღება მიაპყრო. მოსკოვი ამ საქმეში დიდწილად რუსეთში განათლებამიღებულ სამღვდელებას ეყრდნობა და ცდილობს კონსერვატიული ღირებულებები საქართველოს ვითომდა დასავლეთისაგან თავსმოხვეული ლიბერალიზაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბუნებრივად სულაც არ გაჩენილა. დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე დამდგარ ქართველ ნაციონალისტებს ანტი-მუსლიმური და ანტი-აზერბაიჯანული გრძნობებიც ამოძრავებდათ, რასაც ეთნიკური აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ძალადობრივი ინციდენტებიც მოჰყვა.

თუმცა, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევისა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შორსმჭვრეტელმა ხედვამ შესაძლებელი გახადა საქართველო-აზერბაიჯანის ისტორიულად რთული ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაქმნა. ორივე პრეზიდენტს ესმოდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოება ერთიმეორისაგან განუყოფელია. სწორედ ეს ორი ქვეყანა ქმნის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძს, რომელიც შავ ზღვას კასპიის ზღვასთან აკავშირებს. ესაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ის კორიდორი, რომელიც ნატოს ცენტრალურ აზიასთან და ავღანეთთან აკავშირებს. ვლადიმირ სოკორმა (Vladimir Socor) აღნიშნა, რომ თუ ერთი მათგანი დაეცა, მეორეც თან მიჰყვება.

დიდმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენმა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტებმა – უფრო მტკიცედ შეადუღაბა ორი ქვეყნის  ურთიერთობა. ორ ქვეყანას შორის  „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი ხანმოკლე ურთიერთეჭვიანობა, როცა ზოგიერთი აქტივისტი რევოლუციის ექსპორტს ცდილობდა აზერბაიჯანში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ახლო პირადმა ურთიერთობამ შეცვალა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა.

როგორც ყველა ურთიერთობაში ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც დაძაბულობებმა ამ შემთხვევაშიც იჩინა თავი. დავით გარეჯის საკითხთან ერთად, ქართველები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას ხისტი პოზიციებით გამორჩეული აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მიმართაც, რომელსაც ყველაზე მეტი გადასახადი შეაქვს საქართველოს ბიუჯეტში. აზერბაიჯანელები კი ხშირად წუხან ქართული პოლიტიკის არასტაბილურობასა და მერყეობაზე. თუმცა ამ ურთიერთობის მთავარი გამოწვევა გარეგანი ხასიათის ფაქტორებითაა ნაკარნახევი. სამწუხაროდ, ამაში რუსეთი და დასავლეთი თანაბრად უნდა დავადანაშაულოთ.

რუსეთის შემთხვევაში ლოგიკა ნათელია. საქართველოსა და აზერბაიჯანზე კონტროლი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორზე კონტროლს ნიშნავს. ამიტომაცაა, რომ 1990-იან წლებში მოსკოვი მხარს უჭერდა ეთნიკურ სეპარატიზმსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს [ამ ქვეყნებში] დამოუკიდებლობის მომხრე მთავრობების წინააღმდეგ.  თუმცა ამან საპირისპირო შედეგები გამოიღო, აზერბაიჯანი და საქართველო გადარჩა, მოსკოვის ქმედებებმა კი კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებისა და მოქალაქეთა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. საქართველო ნაკლებად ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის ქვეყანაა და  მოწყვლადობაც მას უფრო ახასიათებს, შესაბამისად ქართულ-აზერბაიჯანულ ჯაჭვში სწორედ საქართველოა ხოლმე აღქმული სუსტ რგოლად და რუსეთიც მისით უფრო მანიპულირებს.  მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს აზერბაიჯანზე ზეწოლაც არ შეუწყვეტია, იგი მაინც სწორედ საქართველოსგან უფრო მოელის ზეწოლის პოლიტიკით ხეირის ნახვას. ეჭვგარეშეა, რომ რუსული „ჰიბრიდული ტაქტიკა“ უფრო ხშირად საქართველოში გამოიყენება, ვიდრე – აზერბაიჯანში. თუკი ეს ტაქტიკა უნდობლობას დათესავს თბილისსა და ბაქოს შორის, მით უკეთესი [რუსეთისთვის].

თუმცა, დასავლეთმაც შეიტანა წვლილი ამ ორი მეზობლის სტრატეგიული პარტნიორობის შესუსტებაში, განსაკუთრებით „საყვარელი მოსწავლეების“ გამორჩევის ჩვევის გამო. ევროპაცა და ამერიკის შეერთებული შტატებიც მათ მიერ გაწეულ დახმარებას კარგი მოქცევისათვის ჯილდოდ უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე – ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებში დაბანდებულ ინვესტიციად. ევროკავშირი „მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპს გაცხადებულად მისდევს და ამბობს, რომ ევროკავშირი „სტრატეგიულ პარტნიორობას იმ მეზობლებთან განახორციელებს, რომლებიც უფრო მეტად წაიწევენ წინ დემოკრატიული რეფორმების გზაზე“. შედეგად, დასავლეთი ხშირად იყენებს [საქართველოსა და აზერბაიჯანის] დამყოფ რიტორიკას. 2013 წელს ევროკავშირმა [აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან] სომხეთი, მოლდოვა და საქართველო გამოარჩია, როგორც სახელმწიფოები, რომლებიც „დემოკრატიული ცვლილებების გზაზე გაწეული სამუშაოსათვის“ უნდა წახალისებულიყვნენ.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, დასავლეთი დაუფარავად ახარისხებს რეგიონის ქვეყნებს „კარგ“ და „უარეს“ კატეგორიებში. დასავლეთს ამ  „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკით სურდა, რომ სხვა სახელმწიფოებსაც მიებაძათ დემოკრატიული ცვლილებების მაგალითისთვის, მაგრამ ამან არ იმუშავა. მეტიც, ამგვარმა მიდგომამ დასავლეთისაგან გააუცხოვა ის ქვეყნები, რომლებიც მან „დაჯილდოვების“ ღირსად არ მიიჩნია. ამერიკულმა და ევროპულმა მიდგომამ ხელი შეუწყო რეგიონის სახელმწიფოთა შორის განსხვავებათა [კიდევ უფრო] გაღრმავებას. იმის მაგივრად, რომ 1990-იანი წლების დარად ბაქოსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებისათვის შეეწყოთ ხელი, დასავლელმა მოთამაშეებმა თბილისი ბაქოსთან ახლო კავშირებისათვის არაფორმალურადაც გაკიცხეს კიდეც, რადგანაც ბაქო ნაკლებ დემოკრატიულად და შესაბამისად, მხარდაჭერის ღირსადაც ნაკლებად მიიჩნიეს. ამის დამნახავმა ქართველებმა იფიქრეს, რომ აზერბაიჯანთან მეგობრობა ევროპულ ინსტიტუტებში მათ ინტეგრირებას აბრკოლებს.

დასკვნ

აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, როგორც შუა აზიისა და კავკასიის დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის, ისე შუა აზიაზე დასავლეთის შეუფერხებელი წვდომისათვის. ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო სავაჭრო გზებისათვის, რაც სტაბილურობით ჩინეთის დაინტერესებასაც იწვევს. ბაქოსა და თბილისს შორის უთანხმოება ამჯერად, მართალია, საფრთხეს არ უქმნის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს, თუმცა, ცხადად გამოჩნდა, რომ თუკი მას ყურადღება არ მიექცევა, ეს ერთი შეხედვით მდგრადი და საიმედო ურთიერთობაც შეიძლება მარტივად გახდეს პოპულისტური ძალებისა და გარეშე მანიპულაციების მსხვერპლი.

დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ევრაზიაში მათი ინტერესებისათვის. მათ უნდა იღვაწონ ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად. უპირველეს ყოვლისა, თავად აზერბაიჯანელებმა და ქართველებმა, ისევე როგორც მათმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გაიხსენონ, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება, ისევე როგორც ამ რეგიონში დასავლეთის ინტერესები, მჭიდროდაა გადაჯაჭვული მათ სტრატეგიულ კავშირთან. საჭიროა გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რათა ამ ურთიერთობისათვის ძირის გამოთხრის მსურველ ყველა ძალას წინააღმდეგობა შეხვდეს და საჭიროა მუშაობა, რათა აღდგეს აზერბაჯანსა და საქართველოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების ის დონე, რაც 1990-იან და 2000-იან წლებში  არსებობდა.

This post is also available in: Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button