ევროპამთავარი თემა

თურქეთს სტამბოლიდან „დემოკრატიის სიო“ უბერავს

Tags

სალომე სალაძე

ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, ავსტრიაში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი. სალომე ავსტრიის წითელ ჯვარში მუშაობს.

თურქეთის „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) წევრი 49 წლის ეკრემ იმამოღლუ (Ekrem İmamoğlu), ევროპის ყველაზე დიდი ქალაქის – სტამბოლის ახლადარჩეული მერია.

მასზე უკვე საუბრობენ, როგორც თანამედროვე თურქეთის გმირზე, რადგან შეძლო და სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გავლენა დაამარცხა.  ევროპისა და აზიის საზღვარზე გადაჭიმულ ქალაქს ბოლო 25 წლის განმავლობაში სწორედ ერდოღანის ისლამურ-კონსერვატიული პარტია („სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ – AKP) მართავდა.

მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 მარტს გამართული არჩევნების შედეგები გააუქმა, თურქეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ეკრემ იმამოღლუმ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებში, 23 ივნისს ხმების 54.21% მოიპოვა, ანუ 9,22 %-ით მეტი, ვიდრე რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაგუნდელმა, ყოფილმა პრემიერმა, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წევრმა, ბინალი ილდირიმმა (Binali Yildirim).

ამ გამარჯვებით ეკრემ იმამოღლუ ბევრისთვის გახდა სიმბოლო იმისა, რომ ავტოკრატიული მმართველობის ქვეყანაშიც კი შესაძლებელია ცვლილებებისთვის ბრძოლა და შედეგის მიღწევა.

ვინ არის ეკრემ იმამოღლუ?

49 წლის იმამოღლუ შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპიზონთან მდებარე პატარა ქალაქ აქჩაბათში (Akçaabat) დაიბადა და გაიზარდა. 80-იან წლებში მისი ოჯახი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამისმა პატარა სამშენებლო ფირმა დააარსა.

2014 წელს იმამოღლუ სტამბოლის ერთ-ერთი უბნის, ბეილიქდუზუს (Beylikdüzü) გამგებელი გახდა, რა დროსაც ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. წლების შემდეგ კი ქალაქის მერის არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება.

თავად იმამოღლუ რელიგიური პიროვნებაა. წინასაარჩევნო პერიოდი მუსლიმურ მარხვას – რამადანს დაემთხვა. იგი ყოველ საღამოს ცდილობდა მოსახლეობასთან ერთად იფთარში (ვახშამი) მიეღო მონაწილეობა. მიუხედავად რელიგიურობისა, იმამოღლუ სეკულარული სახელმწიფოს მომხრეა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მისდამი მხარდაჭერას თურქ მოსახლეობაში.

არჩევნების პირველი ტური

არჩევნების მოგებისთვის საჭირო რესურსები ოპოზიციაზე მეტად, ცხადია, მმართველ პარტიას გააჩნდა, რომელიც ყველა გზას იყენებდა გასამარჯვებლად. არჩევნების წინარე პერიოდში სამთავრობო პარტია და უშუალოდ თურქეთის პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიების დისკრედიტირებას.  ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ, მარტში, ერდოღანმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ მხარდამჭერებს ერთგული, სამშობლოზე მზრუნველი ადამიანები უწოდა, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები კი ტერორისტული ორგანიზაციების ხელშემწყობებად მონათლა.

მიუხედავად ამისა, პირველ ტურში ოპოზიციონერმა იმამოღლუმ, 13.000 ხმით მეტის დაგროვება შეძლო, ვიდრე ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ილდირიმმა.

ერდოღანმა, რომელიც წლების განმავლობაში, არჩევნებში ყოველი გამარჯვებისას  ამტკიცებდა, თურქეთის საარჩევნიო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია და დემოკრატიულიაო, მისი პარტიის წარმომადგენლის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა გამართული ვერ არის, დარღვევებს ჰქონდა ადგილი და არჩევნების ხელმეორედ ჩატარება აუცილებელი იყო. მისი თქმით, არჩევნების დროს ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო უბნებზე შეინიშნებოდა ორგანიზებული კრიმინალი.

ამ საფუძველით მმართველმა პარტიამ ცენტრალურ კომისიას თხოვნით მიმართა, არჩევნების დროს მომხდარი რიგი დარღვევების გამო შედეგები გაეუქმებინა. ოპოზიციონერი იმამოღლუ მაშინ ღიად აცხადებდა, რომ არჩევნების შედეგების გაუქმება ერდოღანის ინტერესებში შედიოდა.

სტამობლის მერის ორი არჩევნების შედეგები. წყარო: Statista.com

განმეორებული არჩევნები

მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისთანავე, სამთავრობო პარტიამ (AKP) და მისმა ამომრჩეველმა დაიწყო ინტერნეტ-შეტევა იმამოღლუს წინააღმდეგ. კერძოდ, მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩევნების დროს ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო ბიულეტენები მოიპარა და გაანადგურა. ამ ინფორმაციის გავრცელებისას ისინი ინტერნეტში იყენებდნენ ჰეშთეგს #ÇünküÇaldılar, რაც ქართულად „რადგან მათ მოიპარეს“ ნიშნავს.

ოპოზიციური პარტიის რელიგიური სენტიმენტებით დემონიზებაში აქტიურად ჩაერთო სამთავრობო მედია. ერდოღანის მომხრე მედია ავრცელებდა AKP პარტიის წევრთა რელიგიურ თემაზე არსებულ მოსაზრებებს, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, სტამბოლში მეჩეთების შენება შეწყდებოდა, ქალებს კი თავსაფრით ქუჩაში გამოსვლა აეკრძალებოდათ .

ერთ-ერთმა გამოცემამ, განმეორებით არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ოპოზიციონერი იმამოღლუს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მოსახლეობასთან შეხვედრის წინ წყალს სვამს. თუ გამოცემას დავუჯერებთ, ფოტო რამადანის პერიოდშია გადაღებული. იმამოღლუ მორწმუნე მუსლიმია, რომელიც ბავშვობიდან მარხულობს. რამადანის დროს, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, როგორც სითხის, ასევე საკვების მიღება აკრძალულია. ამდენად, ეს ფოტო იმამოღლუს პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს იმის სამტკიცებლად, რომ იგი ხალხს საკუთარი რელიგიურობის შესახებ ატყუებს.

როგორც მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა განაცხადა, ჟურნალისტებს ეს ფოტო არა მარხვის პერიოდში, არამედ მანამდე ჰქონდათ გადაღებული, სამთავრობო პრესამ კი იგი არასწორი ინტერპრეტაციით გამოიყენა.

მიუხედავად პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მხრიდან დიდი შემოტევისა,  იმამოღლუმ დიდი უპირატესობით მოახერხა არჩევნებში გამარჯვება. თუ პირველ ტურში ორ კანდიდატს შორის განსხვავება 14 000 ხმა იყო, განმეორებით არჩევნებში ეს რიცხვი 800 000-მდე გაიზარდა.

რატომ ამჯობინეს სტამბოლელებმა ოპოზიციური კანდიდატი?

ოპოზიციურ კანდიდატის გამარჯვებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მათგან მნიშვნელოვანი თურქეთის ეკონომიკური კრიზისი იყო. ეკონომიკური კრიზისი თურქულ ლირას ლამის ყოველდღიურად აუფასურებს, რასაც ერდოღანი ამერიკისა და ევროპის განზრახ ქმედებას მიაწერს და ხშირად აცხადებს, ინფლაცია დასავლეთის მიერ არის ხელოვნურად გამოწვეულიო.

ამბობენ იმასაც, რომ ამერიკის მხრიდან ირანზე მუქარამაც თავისი როლი ითამაშა ოპოზიციის წარმატებაში. ერდოღანს აკრიტიკებდენ, რომ მას ამერიკასა და ირანს შორის დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი შუამავლის როლის შესრულება შეუძლია, თუმცა კი თავის პოზიციას და პოლიტიკურ წონას ამ პროცესში არ იყენებსო.

Her sey cok güzel olacak – ყველაფერი კარგად იქნება – ეს გახლდათ იმამოღლუს საარჩევნო სლოგანი, რომელმაც მოსახლეობის დიდი მოწონება დაიმსახურა. საარჩევნო შეხვედრებისას იგი მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატისთვის ხმის მიცემა ძალზე კარგი შესაძლებლობა იქნებოდა თურქეთის დემოკრატიზაციის სურვილის მქონე ხალხისათვის.

ოპოზიციის კანდიდატის წინასაარჩევნო განცხადებათა შინაარსი ძალზე განსხვავდებოდა სამთავრობო პარტიის დისკურსისაგან. თუ ერდოღანი მუდმივად აგრესიას გამოხატავდა მისი პოლიტიკური ოპონენტებისადმი, იმამოღლუ თავს არიდებდა კონკრეტული პირებისადმი ბრალდებებს.

ქალაქ სტამბოლის მნიშვნელობა

თურქეთისათვის სტამბოლს ფინანსური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით იმაზე ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ვიდრე – დედაქალაქ ანკარას. თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 20% – 16 მილიონი ადამიანი სწორედ აქ ცხოვრობს.

ამდენად, სტამბოლის მერს დიდი პოლიტიკური წონა აქვს. თითქმის ყველა დიდ ფირმას, რომელიც თურქეთში მუშაობს, თავისი წარმომადგენლობა ამ ქალაქში ჰყავს. სტამბოლი თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მესამედს აწარმოებს და ბიუჯეტში რამდენიმე მილიარდი თურქული ლირა აქვს.

ერდოღანს ამ ქალაქთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. იგი სტამბოლში დაიბადა, გაიზარდა და წლების წინ სწორედ მისი მერი იყო. ერთხელ ისიც კი განაცხადა, ვინც სტამბოლს მოიგებს, მთელ თურქეთში გაიმარჯვებსო. ამდენად, სამთავრობო პარტია ბოლომდე ცდილობდა, ყველანაირი რესურსი გამოეყენებინა და ოპოზიციური კანდიდატისთვის გამარჯვების საშუალება არ მიეცა.

ოპოზიციონერის სტამბოლის მერად არჩევის შემდეგ, მან ერთი მხრივ ოფიციალურად, სტამბოლელთა აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის ნების გამოხატვად მიიღო, თუმცა მეორე მხრივ, იგრძნო რა დამარცხების საშიშროება, განმეორებით არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სტამბოლის მერს ახლად მიღებული კანონით უფლებები შეუზღუდა.

ქალაქში ერდოღანის დამარცხების შემდეგ, მისი გავლენა საკმაოდ შესუსტდა. თურქების ნაწილს უკვე გაუჩნდა შეგრძნება, რომ იმამოღლუ შეიძლება წლების შემდეგ თურქეთის ახალი პრეზიდენტი გახდეს, ისევე როგორც, ეს თავის დროზე ერდოღანმა მოახერხა.

რას შეცვლის ქალაქის ახალი მერი?

ბოლო 16 წლის განმავლობაში თურქეთში 13 არჩევნები ჩატარდა. ეს არჩევნები პირველია, როცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და მისი პარტიის დამარცხება მოახერხეს.

არჩევნების დასრულებისთანავე იმამოღლუმ განაცხადა, რომ მისი არჩევა სტამბოლის ერთიანობის გარანტი იქნებოდა, რომ ის არ დაჰყოფდა ხალხს  პოლიტიკური ან რამე სხვა ნიშნით, რასაც ერდოღანს ხშირად აბრალებენ ხოლმე პოლიტიკური მეტოქეები.

ქალაქის მერის ამპლუაში პირველივე სხდომაზე,  ეკრემ იმამოღლუმ მეტი ღიაობის მიზნით (რასაც ხალხს ჰპირდებოდა) სხდომა პირდაპირ ეთერში გააშუქა.

თუმცა, ასეთივე მარტივი ვერ იქნება სხვა დანაპირებების შესრულება, მათ შორის ვერც დემოკრატიზაცია, ვერც ახალი რეფორმების გატარება, ვერც ბეტონის შენობა-ნაგებობების სიმწვანით ჩანაცვლება.

მიუხედავად ოპოზიციური პარტიის გამარჯვებისა, პოლიტიკის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერდოღანის პარტია ოპოზიციონერ იმამოღლუს ხელს ყველანაირად შეუშლის, რათა მოსახლეობას დაანახოს, რომ მას ქალაქის კარგად მართვის ძალა არა აქვს. იმამოღლუსთვის დამატებითი ბარიერია ქალაქის საკრებულოში სამთავრობო პარტიასთან თანამშრომლობაც, მაგრამ  მან არჩევნების დღესვე განაცხადა, ქალაქის საკეთილდღეოდ ერდოღანთან ერთად მუშაობის წინააღმდეგიც არა ვარო.

რას ფიქრობს მსოფლიო იმამოღლუს გამარჯვებაზე?

ეკრემ იმამოღლუსთვის არჩევნების შედეგად მოპოვებული მერობის ჩამორთმევას და განმეორებითი არჩევნების დანიშვნას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მიუთითებდნენ ერდოღანის მცდელობაზე, ხელი შეეშალა ოპოზიციური კანდიდატისთვის, ხოლო მის ხელმეორედ არჩევას აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის გამარჯვებას.

მის გამარჯვებას Twitter-ზე გამოეხმაურა თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და აღნიშნულ ფაქტს დემოკრატიის ტრიუმფი უწოდა, ეკრემ იმამოღლუს ევროპის ყველაზე დიდი ქალაქის წარმატებული მერობა უსურვა.

იმამოღლუს გამარჯვებამ კმაყოფილება მოჰგვარა კატი პირის (Kati Piri), ევროპარლამენტის თურქეთის მომხსენებელს. პირიმ მომხდარი დემოკრატიისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.  შეგახსენებთ, კატი პირი იყო ის ადამიანი, რომელმაც 2019 წელს ევროკავშირს მოუწოდა თურქეთთან ყველანაირი მოლაპარაკება შეეწყვიტა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგანაც მისი აზრით, თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ვერ ახერხებდა.

ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამოეხმაურნენ გერმანიიდანაც, მათ შორის ბუნდესტაგის წევრებიც. გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როტმა (Michael Roth) ამ ამბავს დემოკრატიის გამაძლიერებელი სიგნალი უწოდა.

ეკრემ იმამოღლუზე აქტიურად წერს ევროპული პრესაც. ამბობენ, რომ თურქეთში დემოკრატია ჯერ კიდევ ცოცხლობს და რომ ამის დასტური არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებაა.

დასავლეთის მიერ იმამოღლუს შექება არც თუ ისე კარგი გზავნილია რეჯეფ ტაიპ ერდოღანისთვის, რომელიც დიდი ალბათობით სტამბოლის მერს უკვე საკმაოდ ძლიერ კონკურენტად მიიჩნევს, კონკურენტად, რომელმაც არამხოლოდ პირველმა მოახერხა მისი დამარცხება, არამედ ახლა უკვე ქვეყნის უფრო მეტად დემოკრატიულ მომავალზეც დაიწყო ხმამაღლა საუბარი.

Related Articles

Back to top button