skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სტუმრობდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, 15-20 ივლისს, სპიკერად არჩევის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა.

ვიზიტის შედეგების შეჯამებისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კონგრესში საქართველოს „მეგობრებთან და მოკავშირეებთან“ ერთად განიხილა „პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული საკითხი, მათ შორის, [საქართველოს] პარლამენტსა და [აშშ-ის] კონგრესს შორის მომავალი თანამშრომლობის ძირითადი თემები“.

„საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა როგორც კონგრესში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენი პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერების კუთხით სათანადოდ არის დაფასებული“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. „ჩვენ გვჭირდება, კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა“, – დასძინა მან.

ვიზიტის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძემ სიტყვით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (the House Democracy Partnership, HDP) ლიდერთა ფორუმს, სადაც ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე – რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე.

„გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია. ჩვენი პასუხი არის მეტი დემოკრატია და წარმატებების მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი მიზანია, ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან, მშვიდობიანი, თუმცა, მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვაშინგტონში სტუმრობისას, არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებსა და სენატორებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

თალაკვაძე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარეს, დევიდ პრაისს, კონგრესმენებს – ჯერალდ კონოლის და ადამ კინზინგერს, ასევე სენატორებს – მარტინ ჰეინრიხს, ტოდ იანგს, რონ ჯონსონს და როჯერ ვიკერს.

არჩილ თალაკვაძეს ასევე ჰქონდა ხანმოკლე შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსისთან, რესპუბლიკელების ლიდერთან კევინ მაკკარტისთან და კონგრესმენ ვერნ ბიუქენანთან.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, ატლანტიკის საბჭოში, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და მსოფლიო ბანკში.

აშშ-ში ვიზიტის დროს არჩილ თალაკვაძეს ახლდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერები – თამარ ჩუგოშვილი და სერგი კაპანაძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button