skip to content
ახალი ამბები

განახლება: რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია დილამდე გაგრძელდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ორი პარალელური აქცია 9 ივლისს დილამდე გაგრძელდა. ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ და რადიკალური ჯგუფებისა და სასულიერო პირების მიერ ლგბტ+ თემის წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგი თითქმის 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორ აქციას ერთმანეთისგან სამართალდამცველებისა და ყვითელი ავტობუსებისგან შემდგარი კორდონი ჰყოფდა.

ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც თბილისში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისიდან ყოველ საღამოს იმართება, 8 ივლისს, ტრადიციულად საღამოს 7 საათზე, პარლამენტის შენობის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დილის 11 საათიდან, სასულიერო პირებმა, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხრეებმა, ულტრანაციონალისტური მოძრაობის „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა დაიკავეს. ისინი ანტისაოკუპაციო აქციისა და „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ქვეყანაში 19-დღიანი „გარყვნილების დასრულება“, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება და „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვა მოითხოვეს.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა 8 ივლისს 4 საათისთვის გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც „თავისუფალ ადამიანებს“ სააღამოს 7 საათისთვის პარლამენტის შენობასთან საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით მისვლისკენ მოუწოდეს. „დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები 8 ივლისს საღამოს 7 საათისათვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და საქართველოს ჰიმნის ფონზე, მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. პოლიციამ, რომელმაც პარლამენტის მისასვლელი ავტობუსებითა და სამართალდამცველთა კორდონით ჩაკეტა, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცა, სადაც ისინი ბოლო 18 დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ.

ორი პარალელური აქციის მიმდინარეობისას, პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენასთან რჩებოდა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი, რომელთა ნაწილიც იქ შუადღისათვის მივიდა, ნაწილი კი, იქ უკვე 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და შიმშილობდა.  ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ბოლომდე იდგებოდნენ, ვიდრე პარლამენტის შენობასთან დარჩენილ თანამოაზრეებთან შეერთების შესაძლებლობა არ მიეცემოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ივლისს ორი პარალელური აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, რომ „არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“. „ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, – განაცხადა სამინისტრომ.

აქციების მსვლელობისას მცირე დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე სცადეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწლეებთან მისვლა. ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კონტრაქციის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ ქამრის გამოყენებით, თავის არეში დაზიანება მიაყენა. სახალო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე მივიდა, განაცხადა, რომ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები „განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან განსხვავებული აზრის მიმართ“ და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეზე თავდასხმის დროული გამოძიება მოითხოვა.

რადიკალურად განწყობილმა ჯგუფების წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 9 ივლისს დილის 10 საათისთვის დატოვეს. მათი ადგილი კი კვლავ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა დაიკავა.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან 9 ივლისს საღამოს 7 საათზე შეიკრიბებიან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button