skip to content
ახალი ამბები

„დიახ, ღირსების მარში შედგა“

„ღირსების მარშის“ გაუქმების შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები 8 ივლისს, საღამოს დაახლოებით რვის ნახევრისთვის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან შეიკრიბნენ, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს და დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ფარგლებში, უწყების წინ მცირე მსვლელობა მოაწყვეს.

შს სამინისტროს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, ორგანიზატორთა თქმით, დაახლოებით 40 აქტივისტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ლგბტ+ თემის აქტივისტები და უფლებადამცველები, ასევე პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის მარიამ კვარაცხელიას თქმით, დღეს საქმე ღირებულებით არჩევანზე დგას და ახლა არის მომენტი, როდესაც ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს „არის დასავლეთისკენ, თუ ჩრდილოეთისკენ, არის პრორუსული თუ პროდასავლური, მისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატია და ადამიანის უფლებებია, თუ ფაშისტური მოძრაობების ბოგინი საქართველოს ქუჩებში“.

„თბილისი პრაიდის“ კიდევ ერთი ორგანიზატორის თამაზ სოზაშვილის განმარტებით კი, „მოძალადე გახარიამ“ მშვიდობიანი მოქალაქეები მოძალადე ჯგუფებს შეატოვა და მათ დაცვაზე უარი თქვა.

სოზაშვილის თქმით, გახარიამ პრაიდის აქტივისტებს უარი უთხრა ღირსების მარშის გასამართ ადგილზე გადასაყვანად ტრანსპორტის გამოყოფაზე, ისევე როგორც მათ დასაცავად პოლიციელების მარშის ადგილას მისვლაზე. “მოძალადე გახარიამ კიდევ ერთხელ დაგვტოვა ამ მოძალადეებთან, მაშინ როდესაც ეს მოძალადე ჯგუფები თავისუფლად თარეშობენ თბილისის ქუჩებში“, – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, დღევანდელი მარში და „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილი ღონისძიებები იმის წარმოჩენას ემსახურებოდა, რომ ლგბტ ადამიანებიც ამ ქვეყნის „სრულუფლებიანი მოქალაქეები“ არიან და რომ „ღირსეული ცხოვრების უფლება“ მათაც აქვთ. „გამოდით და დაგვიცავით, პოლიცია დადგეს მოწოდების სიმაღლეზე და საბოლოოდ უთხრას არა ძალადობრივ ჯგუფებს“, – მოუწოდა მან სამართალდამცველებს.

მედიასთან პრაიდის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში ლგბტ თემს „ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს“.

„დღემდე, ლევან ვასაძე არის ქუჩაში და აქციებს მართავს, მაშინ როდესაც ჩვენ გვარდით სახელმწიფო არ დაგვიდგა. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამ სახელმწიფოს სჭირდება გამოფხიზლება, ქვეყანას სჭირდება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ამ ქვეყნის წინსვლაზე“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა: „დიახ, ღირსების მარში შედგა, იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს, საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენც“.

სიტყვით გამოსვლებისა და სიმბოლური მსვლელობის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა შსს-ს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მათი ნაწილი პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც „თბილის პრაიდის“ ორგანიზატორებმა შსს-ს ტერიტორია დატოვეს, ადგილზე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ შორის იყო რუსულ ინტერესებთან აფილირებული ბიზნესმენი ლევან ვასაძე და „ბავშვთა უფლებების დაცვის“ საზოგადოების დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი. მათ მობილიზება გუშინ საღამოსვე, მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეს ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, მარშის გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მათ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც უკვე მე-19 დღეა, რაც ანტისაოკუპაციო აქცია – „სირცხვილია“ მიმდინარებს.

დღესვე, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ძალდობრივი ჯგუფები ანტისაოკუპაციო აქციის კონტრაქციას ამ დრომდე მართავენ და ქვეყნაში გარყვნილების დასრულებას ითხოვენ, ერთგვარი პრეფორმანსი მოაწყვეს და აქციის თავზე დრონზე გამობმული ლგბტ დროშა გადააფრინეს.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ამა წლის თებერვალში პრაიდის კვირეული დააანონსეს, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახის სოციალური და კულტურული ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის იყო ღირსების მარშიც. თუმცა, ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურებისა და მათი მხრიდან გაჟღერებული მუქარის ფონზე, მათ კვირეულისა და მარშის დაგეგმილი ფორმით ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდის ორგანიზატორებს უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა და მათ  ღონისძიებების გაუქმება ურჩია. სამართალდამცველი უწყების განცხადებას, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ისინი უწყებას ლგბტქი თემის გამოხატვის უფლების დაცვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდნენ.

საბოლოოდ, დაანონსებული ღირსების მარში მოკრძალებული ფორმებით, თუმცა მაინც შედგა, რასაც ორგანიზატორები საკუთარ გამარჯვებად აფასებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button