Placeholder canvas
ახალი ამბები

ეკა ბესელია ახალ პარტიას ქმნის

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, ასევე ქართული ოცნების ყოფილ წევრებთან – ზვიად კვაჭანტირაძესთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, სახელწოდებით „სამართლიანობისთვის“.

ამის შესახებ დეპუტატებმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ „ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო“ მიიღეს. „სამართლიანობა ეს არის თავისთავადი ღირებულება, ეს არის ის იდეა, მთავარი მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს“, – განაცხადა მან.

ბესელიას განცხადებით, სწორედ სამართლიანობა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, რისთვისაც თავის დროზე არაერთმა ადამიანმა პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ეს იდეა დღესაც „დასაცავი და ბოლომდე მისაყვანია“.

„მთავარი ღირებულებებისადმი, მთავარი საკითხისადმი უპრინციპო დამოკიდებულებას შეიძლება ემსხვერპლოს ყველაზე მთავარი რამ, შეიძლება ამას გადაყვეს მთელი ქვეყანა, ეს არის ძალიან სახიფათო და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ვერცერთი თქვენთაგანი ვერ მიიღებს იმას, რომ სამართლიანობა, როგორც ღირებულება დადგეს საფრთხის ქვეშ’, – განაცხადა დეპუტატმა.

ბესელიას განმარტებით, დღეს დგას აუცილებლობა, როდესაც „ქვეყანა ორი ძალის ჭიდილიდან უნდა გამოვიდეს“ და ახალი პოლიტიკური მოცემულობა, ახალი ძალა შეიქმნას, რომელიც „ყველა საკითხს, სწორედ სამართლიანობის იდეით გადაწყვეტს“. მანვე ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც „თავისი წილი სიმართლე ვერ იპოვა“, ახალი გზა უნდა არსებობდეს.

„ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე – სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა“, – განაცხადა ბესელიამ და განმარტა, რომ ეს იქნება ცენტრისტული, ევროპული კონსერვატიზმის მიმართულების, „ეროვნულ-ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია, რომლის მთავარი პრიორიტეტიც ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა იქნება.

დეპუტატის განმარტებით, პარტია ოფიციალურად 20 ივნისს დაფუძნდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება. ჟურნალისტების კითხვას, თუ კიდევ ვის იხილავს საზოგადოება ახალ პარტიაში, ბესელიამ უპასუხა – „ყველას, ვისთვისაც [სამართლიანობის] იდეა არის ღირებული… ეს იქნება ძალიან საინტერსო შემადგენლობა“.

„ჩვენ ოპონირებას გავუწევთ ხელისუფლებას ყველა იმ საკითხში, სადაც მივიჩნევთ, რომ მისი პოზიცია არის უსამართლო. არ ვეხებით პიროვნებებს, ვეხებით საქმეს, ვეხებით მოვლენას, ვეხებით პრობლემას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი, თუ ვინმე სხვა“, – განაცხადა ბესელიამ.

ახალი პარტიის მიზანზე ჟურნალისტებთან დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს „იქნება პარტია ხალხისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს თვლის უსამართლობის მსხვერპლად“.

„ხალხს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ უსამართლობაში მარტოა დარჩენილი და პოლიტიკური ველი არის ორი ადამიანის ურთიერთდაპირისპირების და ქიშპობის სივრცე, რომელთაც ორივეს თავისი პოლიტიკური ამბიცია აქვს და სამართლიანობა ორივესთვის ფუჭი სიტყვაა“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ პარტია დაფინანსებას მათი მხარდამჭერებისგან და იმ ადამიანებისგან მიიღებს, ვისთვისაც სამართლიანობის იდეა მნიშვნელოვანია.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება 2019 წლის 22 თებერვალს, გუნდში უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე არსებული უთანხმოების ფონზე დატოვა. მალევე, იმავე მიზეზით, პარტია გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვეს.

უზენაესი სასამართლოს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button