Placeholder canvas
ახალი ამბები

„იმედის“ ყოფილი პროდიუსერის თქმით, ის სამსახურიდან მთავრობის მიმართ კრიტიკული „პოსტის“ გამო გაათავისუფლეს

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსის“ უკვე ყოფილი პროდიუსერის მაია სტეფნაძის თქმით, ის სამსახურიდან Facebook-ის პირად გვერდზე 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტის გამო გაათავისუფლეს.

მაია სტეფნაძემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე 1 მაისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და განმარტა, რომ 21 აპრილს მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მთავრობის „ანტისახელმწიფოებრივ“ „დანაშაულებრივ“ და „ძალადობრივ“ ქმედებაზე საუბრობდა. მისივე თქმით, ის 21 აპრილს, თბილისში, პანკისის ხეობის მოსახლეობის მხარდამჭერ აქციაზეც იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და პანკისელების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

სტეფნაძის განცხადებით, პოსტის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს ის „იმედის“ დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ მას სამსახურიდან „სტატუსის“ გამო უშვებდნენ. „ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე“, – წერს მაია სტეფნაძე და აცხადებს, რომ ამით მისი მთავარი უფლება – „სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება“ დაირღვა.

მაია სტეფნაძის გათავისუფლების შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სალომე ბაზერაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში მხოლოდ ის განმარტა, რომ მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

მაია სტეფნაძის გათავისუფლება კრიტიკულად შეაფასეს მედიის თემებზე მომუშავე ანალიტიკოსებმა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო დანელიას განცხადებით, როდესაც ჟურნალისტს უშვებენ იმისთვის, რომ მან გააკრიტიკა ხელისუფლება Facebook-ზე, „ეს არის უკვე ჟურნალისტის პოლიტიკური ნიშნით დევნა“.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის განცხადებით კი, „მიუღებელია, როდესაც გამოხატვის თავისუფლებას თავად მედიასაშუალება არ იცავს“.

„იმედის“ პროდიუსერის სამსახურიდან გათავისუფლების საქმის შესწავლით სახალხო დამცველიც დაინტერესდა.

მაია სტეფნაძე ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას გეგმავს. სასამართლოში მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ დაიცავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button