skip to content
ახალი ამბები

TI (კვლევა): კორუფცია საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება

არასამათავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. კვლევის ავტორების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდობილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია.

კორუფცია – წვრილმანი და კომპლექსური ფორმები

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულების 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, მას ან მისი ოჯახის რომელი წევრს ქრთამი მოსთხოვეს, 98% ამბობს, რომ არა, 1%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამავე დროს, გამოკითხულების 59% თქმით, საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებენ (ძალიან გავრცელებულია/უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 21%-ის მოსაზრებით კი, მსგავს შემთხვევებს ადგილი არ აქვს (საერთოდ არ არის გავრცელებული/უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია).


ამასთან, გამოკითხულების 36% ამბობს, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობებს პირადი მიზნების მისაღწევად იყენებენ (ძალიან გავრცელებულია/უფრო გავრცელებულია ვიდრე არ არის გავრცელებული), 15% ფიქრობს, რომ არა (საერთოდ არ არის გავრცელებული/უფრო არ არის გავრცელებული ვიდრე გავრცელებული), 33%-ის შეფასებით კი, ნაწილობრივ იყენებენ.

რესპონდენტებს 91% (მათგან ვინც, ფიქრობს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობებს ბოროტად იყენებენ) მიიჩნევს, საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობებს ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმების მიზნით იყენებენ; 86%-ის აზრით, საკუთარი ახლობლების ბიზნესის მფარველობისთვის; 79%-ის შეფასებით, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის; 58%-ის მოსაზრებით კი, სხვადასხვა საქმის „მოგვარების“ სანაცვლოდ ქრთამის აღებისთვის.

კვლევა სახელმწიფო ტენდერების შესახებ კითხვასაც მოიცავდა. რესპონდენტების 52% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების დროს თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება გავრცელებულია (ძალიან გავრცელებული/უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 13% კი ფიქრობს, რომ მსგავსი რამ გავრცელებული არ არის (საერთოდ არ არის გავრცელებული/უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია).

რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე

რესპონდენტების 51% ფიქრობს, რომ როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება, კორუფციის შემთხვევების სათანადო გამოძიება არ ხდება. ამასთან, გამოკითხულების 42%-ის მოსაზრებით, ხელისუფლება როგორც წესი კორუფციულ გარიგებებში ჩართულ პირებს ხელს აფარებს (სრულიად ვეთანხმები/ვეთანხმები).


რესპონდენტებს კითხვა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შესახებაც დაუსვეს. მათი 41%, ვისაც ფარცხალაძის შესახებ სმენია, ამბობს, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, 48%-ის მოსაზრებით, მის ქმედებებს ხელს ხელისუფლება აფარებს. 38%-ის შეფასებით, ის ივანიშვილთან დაახლოებული პირია, რომელიც საქმეებს არაფორმალურად „აგვარებს“. 29% ამბობს, რომ ის პროკურატურის არაფორმალური მმართველია. 33% კი მიიჩნევს, რომ ის საკუთარ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებდა.

საჯარო სამსახურში დასაქმება

კითხვარი საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ კითხვასაც მოიცავდა. გამოკითხულების 31% აცხადებს, რომ საჯარო უწყებაში სამსახურის დასაწყებად ნაცნობია საჭირო. 28% ამის მთავარ წინაპირობად განათლებას, 19% კი პროფესიონალიზმსა და სამუშაო გამოცდილებას ასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button