Placeholder canvas
ახალი ამბები

ტაქსის მძღოლების გამაფრთხილებელი აქცია თბილისში

ტაქსის მძღოლებმა დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული ახალი რეგულაციების გაუქმების ან გადავადების მოთხოვნით დღეს თბილისში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ საპროტესტო მსვლელობა თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, საიდანაც პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს.

ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. მათ სოლიდარობა ლეიბორისტულმა პარტიამაც გამოუცხადა. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, თუ რეგულაციები არ გაუქმდება საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისში ტაქსები A და B ტაქსებად დაიყოფა. A კატეგორიის (ტაქსის მანათობელი ნიშნით) ლიცენზიის მქონე ტაქსი, რომელიც სისტემატურად ივლის თეთრი ფერის უნდა იყოს, ხოლო B კატეგორიისთვის (რომელსაც ტაქსის მანათობელი ნიშანი არ აქვს და მგზავრების მომსახურება მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებით შეუძლია), ფერის შეცვლა სავალდებულო არ იქნება. ტაქსის გადაღებვის ვაუჩერს მძღოლებს თბილისის მერია ერთჯერადად უფასოდ გადასცემს. 

ტაქსების კატეგორიებად დაყოფა პირველი ივლისიდან დაიწყება და პროცესი პირველი ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. რეგულაციების მიხედვით, თბილისში მარჯვენა საჭიანი ტაქსების მოძრაობაც აიკრძალება

ტაქსის მძღოლების პროტესტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრას სთავაზობს.

„ტაქსის მფლობელებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ. ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძის თქმით, მისთვის ტაქსის მძღოლების აქციის პოლიტიკური მოტივების შესახებ ცნობილია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან კომენტარი არ გააკეთა და განმარტა, რომ ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში“, – აღნიშნა მერმა.

ამ დროისთვის ტაქსის მძღოლების აქცია დასრულებულია. ტაქსის მძღოლებისა და თბილისის მერის შეხვედრა, 12 აპრილს, დღის მეორე ნახევარში შედგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button