ინტერვიუ

ზურაბიშვილი: „მსურს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში“

Via
Le Point
Source
Salomé Zourabichvili : « Je veux que la Géorgie intègre l'Union européenne »
Tags

საფრანგეთში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დაწყებამდე ფრანგულმა გაზეთმა Le Point მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა. Civil.ge გთავაზობთ რამოდენიმე საკვანძო კითხვაზე მის პასუხს:

რა არის თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ამბიცია?

[საქართველო] ესაა ქვეყანა, რომელმაც შეძლო საკუთარი თავის შეცვლა და ტრანსფორმირებას განაგრძობს. როდესაც [ბერლინის] კედელი დაეცა, ქვეყანას მომავალი არ ჰქონდა, მისი პრეზიდენტი [ედუარდ შევარდნაძე] კი მობერებული იყო და არც საქართველოს მომავლის ხედვა გააჩნდა. შემდეგში, სააკაშვილის მთავრობამ, რომლის წევრი მეც ვიყავი, მოახერხა ვითარების გამოსწორება და მრავალი რეფორმა განახორციელა, რომლებმაც ქვეყანა შეცვალეს. ჩვენ ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ნება გაგვაჩნდა. ეს [თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირთან] ყოველთვის იყო საქართველოს მთავრობებისა და მოსახლეობის ერთერთი მთავარი მიზანი…

ეს თქვენი მიზანიცაა?

ამ [არჩევანს] ალტერნატივა არ აქვს. მინდა, რომ მომავალი ექვსი წლის განმავლობაში რეალური ინტეგრაცია მოვახერხო. მინდა, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისაღები არაა. ჩვენი ამოცანაა, [ამ ორგანიზაციებს] ამგვარი ინტეგრაციისადმი ურყევი ნება ვუჩვენოთ და ამისათვის აუცილებელი პირობები შევქმნათ. ევროპა მოვა საქართველოში, მე ამაში დარწმუნებული ვარ. სწორედ ესაა ჩემი არჩევის არსიც – მე ამირჩიეს, იმიტომ, რომ ევროპელი ვარ. ყველამ იცოდა ჩემი წარსულისა და ჩემი ევროპული ამბიციის შესახებ.

ევროპა მოვა საქართველოში, მე ამაში დარწმუნებული ვარ. სწორედ ესაა ჩემი არჩევის არსიც – მე ამირჩიეს, იმიტომ, რომ ევროპელი ვარ.

თბილისი, პრეზიდენტის ოფისში © Elodie Gregoire / Elodie Gregoire pour “Le Point”

რას მოგიტანთ თქვენ ევროპა?

ჩვენ ევროპელები ვართ. ეს ჩვენი მოსახლეობის სიღრმისეული განცდაა. ქართული იდენტობის საფუძვლები ისეთივეა, როგორც ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობისა. არსებობს [ევროპასთან] სიახლოვის ღრმა განცდა, რაც ბუნებრივად აღიქმება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოსთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი დიდი სახელმწიფოებითაა გარშემორტყმული, სხვა პერსპექტივა არ არსებობს. სწორედ ეს [ევროპული გზა] არის სწორი განვითარების პერსპექტივისა და უსაფრთხოების მომცემი. ჩვენს არცერთ მეზობელს არ შეუძლია ამის შემოთავაზება. ჩვენ ყველა მათგანს კარგად ვიცნობთ საქართველოს ისტორიიდან და ვიცით, რისი მოტანა შეუძლიათ ამ იმპერიებს საქართველოსთვის. ამიტომაც, ქართველი მეფეები ადრევე ეძებდნენ დასაყრდენს ევროპაში. ევროპა – ესაა ის გეზი, რომელსაც საქართველო ადგას.

კერძოდ რა მხრივ იძლევა ეს განვითარების პერსპექტივას საქართველოსთვის?

თუკი თავს ევროპელებად მივიჩნევთ, უპირველს ყოვლისა, ეს კულტურიდან გამომდინარეა. საზოგადოება ჯერ საბოლოოდ არ გამორკვეულა საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა 80 წლის განმავლობაში ტოტალიტარული სისტემის უღელქვეშ იყო. ამან თავისი გავლენა იქონია, როგორც პოლიტიკოსების, ისე მოსახლეობის მენტალიტეტსა და ქცევაზე. ეს დღესაც იგრძნობა: ინიციატივის ნაკლებობაში, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიშში, მასასთან შერევით კომფორტის ძიებაში. ჩვენში, ყველა საკუთარ ბინას უფრთხილდება, ხოლო საერთო გამოყენების სივრცეებს უნდა სხვამ – ანუ სახელმწიფომ – მიხედოს. დიდი ხნის განმავლობაში, გადასახადების გადახდას წინააღმდეგობა ხვდებოდა და ხალხი თავს დეკლასირებულად თვლიდა, თუკი თბილისში არ ცხოვრობდა. საქართველო უფრო თვითდაჯერებული უნდა გახდეს. ჩვენი ისტორია გვიჩვენებს: ჩვენს რეგიონში ინტელექტუალურად ყველაზე უფრო დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით.

საქართველოს რა შეუძლია შემატოს ევროპას?

ტოლერანტობის სული. ჩვენ ამ სფეროში საკუთარი მიკროკოსმოსი გვაქვს, ეს ტრადიციაა, რომელიც ვალდებული ვართ, დავიცვათ. ჩვენ ახლა გვსურს ქართველებსა და ქართველ ებრაელებს შორის ტოლერანტობის 26 საუკუნოვანი გამოცდილება იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარონ. ისრაელში ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 1939-45 წლებში ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიში არა აქვს მოსახდელი. ებრაელები, ქურთები, სომხები, შიიტები, სუნიტები… საქართველოში მშვიდობიანი თანაარსებობის ძალიან დიდი ისტორია არსებობს. უცხოელს ჩვენში ყოველთვის კარგად მასპინძლობდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ წინ აღვუდგებით პოპულიზმის ტალღას.

დიახ, მაგრამ ამ ტალღამ ევროპაში ბევრ ქვეყანას გადაუარა, იმდენად, რომ ევროპას საფრთხესაც უქმნის. ეს თქვენ გაშფოთებთ?

მემგონი ეს მთელ მსოფლიოს აშფოთებს. ეს ევროპის „ჩაკეტვაა“. ჩვენშიც ვხედავთ იმიგრაციას, რაც მანამდე არ არსებობდა – [ჩამოდიან] სირიელები, პაკისტანელები, ინდოელები და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ერთი პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომაც თავდაცვითი რეაქცია შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს. [ასეთი რეაქციები] იყო უცხოელების მიერ მიწების შეძენასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ამის რეგულირება, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალია. შესაბამისად, უფრო მდიდარ უცხოელებს არ უნდა შეეძლოთ მიწების ძალიან იაფად შეძენა. ეს უსამართლობა იქნებოდა. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების გარკვეული დონე და უნდა შევინარჩუნოთ [ქვეყნის] მიმზიდველობა სერიოზული უცხოელი ინვესტორებისათვის. საჭიროა, გვქონდეს კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რათა ხელი შევუშალოთ პოპულიზმის განვითარებას.

პოპულიზმი, ბრექსიტი… ევროპა კრიზისშია. ამ პირობებში, ახალი ქვეყნების ინტეგრირება გართულდება, ხომ ასეა?

პრეზიდენტი საპრეზიდენტო სასახლის ძველი ნაწილის განახლების სამუშაოებს ათვალიერებს. © Elodie Gregoire / Elodie Gregoire pour “Le Point”

მართალი ხართ, ევროპა კრიზისშია, მაგრამ მე ოპტიმისტურად განწყობილი დამკვირვებელი ვარ. შეგვიძლია ამ თემას რამდენიმე წელიწადში მივუბრუნდეთ, მაგრამ მე არ მავიწყდება, რამდენჯერ გვითქვამს, ესა და ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი არასოდეს გახდებაო და მერე ამ ქვეყნის გაწევრიანება ერთად გვიზეიმია. ევროპული შენობა კრიზისების გავლით შენდებოდა. არ ყოფილა ევროპის ისეთი წინსვლა, რომელიც დიდ კრიზისს არ მოჰყოლია. ბრექსიტი ახალი გზის დასაწყისია. ჩემი თვალთახედვით, ეს არის მომენტი ევროკავშირის ხელახალი გააზრებისათვის, ახალ იდეებზე დამყარებული ახალი საფუძვლის შესაქმნელად. შესაბამისად, საქართველოსთვისაც ეს იქნება შესაძლებლობა საკუთარი ადგილი მოიპოვოს ევროპულ ოჯახში, ეგებ უფრო მალეც და უფრო განსხვავებულად, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუკი ბრექსიტი შობს [ევროპული] ინტეგრაციისა და [ევროკავშირთან] ურთიერთობის ახალ ფორმატებს, ჩვენზე რატომ არ უნდა გავრცელდეს ისინი?

არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენსავით ევროპისადმი ენთუზიაზმით განწყობილ ქვეყანას უფრო უარესად მოეპყრო, ვიდრე [ქვეყანას, რომელმაც ევროკავშირს] უარი უთხრა.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ჩართული [ევროპული] უსაფრთხოების თემებში. ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ [ევროკავშირის სამხედრო მისიებში] ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენ ვმონაწილეობთ მესამე ქვეყნებში ევროპული პოლიტიკის განხორციელებაში.

როგორც ფრანგი, ალბათ ყურადღებას ადევნებთ ყვითელჟილეტიანების კრიზისს?

ეს ახალი ფენომენია, რომელსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. ამავე დროს, ეს რეაქციაცაა საფრანგეთში პოლიტიკური ბანქოს გადათამაშებაზეც, რომელიც ემანუელ მაკრონის არჩევით დაიწყო. [საფრანგეთის] პოლიტიკური პარტიები ისეთები აღარ არიან, როგორც მანამდე იყვნენ. საფრანგეთში პოლიტიკური ძალების მიმართ [ხალხის] სერიოზული წინააღმდეგობა არსებობს. საქართველოშიც ასეა, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემაზე გადავსულიყავით, მაგრამ, ამავე დროს პირდაპირ არჩეული პრეზიდენტით.

ოღონდაც, რთულია საპარლამენტო სისტემის წარმოდგენა სერიოზული დასაყრდენის მქონე პოლიტიკური პარტიების გარეშე. მითუმეტეს, თუკი მოქალაქეებს მათი აღარ სჯერათ…

This post is also available in: Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button