ახალი ამბები

გურჯაანის სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნიკა მელია კი უდანაშაულოდ ცნო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ველისციხესთან 16 დეკემბერს, საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველებთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია უდანაშაულოდ ცნო, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და სამოქალაქო პლატფორმა – „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე კი – 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი 8 თებერვალს გამოაცხადა. პოლიტიკურ ლიდერებს ბრალდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს და 1000-დან 4000 ლარამადე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი ვაშაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარეც გაასაჩივრებს.

გასული წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, ოპოზიციის ლიდერები თელავში მხარდამჭერებთან ერთად თბილისიდან გაემგზავრნენ. თუმცა, სოფელ ველისციხესთან მათ პოლიციის კორდონი დახვდათ და გადაადგილების საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button