skip to content
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს და ვიცე-პრემიერს გიორგი გახარიას მოუსმინეს. 21 დეკემბრის სხდომას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც ესწრებოდა.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დღის ორი საათისთვის მივიდა. საპარალმენტო უმცირესობამ მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა რამდენჯერმე დააყენა. უმცირესობის დეპუტატები მინისტრისგან მისი უწყების მიმართ ბოლო პერიოდში დაგროვებულ კითხვებზე პასუხს ითხოვდნენ. საბოლოოდ, შეხვედრის ფორმატად პლენარული სხდომა შეირჩა. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ ის „მწვავე კითხვებზე“ პასუხის გაცემისა და „შინაარსობრივი დისკუსიისთვის“ მზად იყო.

საპარლამენტო სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ყველაზე მეტი კითხვა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დაისვა. კანონმდებლების კითხვები ასევე ეხებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, გაერთიანებული ოპოზიციის 16 დეკემბრის აქციას და წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მას შემდეგ გამოვლენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებს.

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს კრიტიკითვე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ოპოზიცია საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა. მანვე საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „კომისიას ჰქონდა მანდატი ემუშავა იმაზე, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იყო თუ არა გარკვეული გადაცდომები საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც კომისიამ ვერ დაადგინა“.

მინისტრმა განმარტა, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერიოდში, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რაც უნდა ჩატარებულიყო, არ ჩატარებულა. მისივე თქმით, „სამოხელეო გადაცდომებზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე“ და ის მზად არის, რომ ჩვენება პირველმა მისცეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ იმ დროს, როდესაც ოპოზიციაზე თავდასხმის სხვადასხვა ფაქტები ამ დრომდე სათანადოდ გამოძიებული არ არის და პასუხისგებაში მიცემული არავინაა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს დავით კირკიტაძეს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულის საპასუხოდ შს მინისტრმა განმარტა, რომ „რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე – პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, „ამას ყოველთვის ადეკვატური პასუხი ექნება“ .

დეპუტატებმა მინისტრისგან განმარტებები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებითაც მოითხოვეს, სადაც არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტები ჩანს. გახარიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკომ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურას უკვე მიმართა. „დარწმუნებული ვარ, უკვე თუ არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში აღიძვრება და გამოძიება დაიწყება“, – დასძინა მან.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებამდე, მინისტრმა კანონმდებლებს 2018 წელს უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მან მთავარი აქცენტი ძირითადად სამინისტროს სტრუქტურულ, შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებზე გააკეთა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას დაუთმო და აღნიშნა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ფარგლებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფებში შეიქმნა საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი, სადაც „გაერთიანებულია ინტერპოლი, ევროპოლი, ატაშეების ინსტიტუტი და კიდევ ბევრი საერთაშორისო კომპონენტი“.

მინისტრი უწყების თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ მიმდინარე წელს თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება გაეზარდათ და ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება. ამასთან, სოციალური უზრუნველყოფის ნაწილს საცხოვრისით უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების და განათლების კომპონენტებიც დაემატება.

გახარიამ 2018 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უწყების მიერ სხვადასხვა მიმართულებით 9 ახალი კანონპროექტი იყო ინიცირებული. ამ მხრივ მან განსაკუთრებით „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ შექმნილი კანონი გამოყო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, 200-ზე მეტი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა გახდა შესაძლებელი.

პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს თითქმის შვიდი საათის განმავლობაში უსმენდნენ. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა მინისტრის მოხსენება შეაფასეს. გიორგი გახარიას გამოსვლას მწვავე კრიტიკა მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციაში. მათ აღნიშნეს, რომ მინისტრისგან დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

„ვერცერთ საკითხზე ვერ მივიღეთ რეალურად პასუხი დღეს მინისტრ გახარიასგან“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ და დასძინა, რომ მინისტრმა პარლამენტში „პოლიტიკური სპექტაკლი დადგა“.

იგივე პოზიცია აქვთ ევროპულ საქართველოშიც. პარტიის ერთ-ერთი წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა „ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა“ და მან „პრაქტიკულად ვერცერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა“. მისივე თქმით, მინისტრი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, „პირდაპირ ამართლებს პოლიტიკურ დევნას“.

საპირისპირო პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. უმრავლესობის დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს „პრინციპული“ მუშაობისთვის და უწყების წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. „თვითონ პრეცედენტი, რომ მინისტრი უკვე მეორედ მოდის და გამოთქვა მზადყოფნა, რომ არაერთხელ მოვიდეს და აქტიურად იყოს კონტაქტში პარლამენტთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.

21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომით პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button