არჩევნები 2018ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია მის აქტივისტებზე თავდასხმების და ძალადობის შესახებ იტყობინება

გაერთიანებული ოპოზიციის განაცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებული მეორე ტურის წინ, მათ აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე ძალადობის შემთხვევებმა იმატა. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ბრალდებებს წინ ძალადობის ორი შემთხვევა უძღოდა. ერთი შემთხვევა ონის მუნიციპალიტეტში 22 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი კოორდინატორი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს, ხოლო მეორე შემთხვევას 23 ნოემბერს გურჯაანის რაიონში ჰქონდა ადგილი, როდესაც ოპოზიციის ადგილობრივი კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის ეზოში სამი ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდეს.

გაერთიანებული ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ორივე ინციდენტი პოლიტიკურად მოტივირებულია და მათი საქმიანობისთვის საფრთხის შექმნას ისახავდა მიზნად.

ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ძალადობის ყველა წინა შემთხვევა, რომელიც მათი საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელშიც ქართული ოცნების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ახალქალაქში სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა. მათი თქმით, ხელისუფლებამ ამ შემთხვევების სათანადოდ გამოძიება და დამნაშავეების დასჯა ვერ მოახერხა.

გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, ამგვარი დაუსჯელობა ძალადობის ატმოსფეროს ქმნის, რაც მეორე ტურის წინ, მშვიდობიან და დემოკრატიუოლ პროცესს საფრთხეს უქმნის.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ბრალდებები უარყო. 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, მდინარაძემ განაცხადა, რომ კახა ისაკაძეს, რომელმაც ბურდილაძე დაჭრა, მმართველ პარტიასთან საერთო არაფერი აქვს.

მან ოპოზიცია ინციდენტის პოლიტიზებაში დაადანაშაულა. „თუ წარსულში ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათი გახლდათ დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი“, – განაცხადა მან.

22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნოდარ ბურდილაძე ონში საკუთარი სახლის მახლობლად დაჭრეს. ამ ვერსიის თანახმად, ეჭვმიტანილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის მეგობარს სტუმრობდა. შსს-ის განმარტებით, ბურდილაძე ისაკაძესთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაჭრეს, რომელსაც მან ხმაურის შეწყვეტისა და ქუჩის დატოვებისკენ მოუწოდა. ბურდილაძე ამ დროისთვის კვლავ საავადმყოფოში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ბრალდებებს 24 ნოემბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს”. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს “დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ახალისებს ძალადობას“.

„სწორედ პოლიციის აქტიური მოქმედებების შედეგად, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში, ფიზიკური დაპირისპირების არაერთი ფაქტი იქნა თავიდან არიდებული და 21 პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, სწორედ არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე“.

„ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ჩადენილი სამართალდარღვევა, იქნება ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, დანაშაულის და სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, რეაგირება იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისი. არცერთი პირი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, არ დარჩება დაუსჯელი“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button