ახალი ამბები

არასამთავრობოები არჩევნების წინ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე საუბრობენ

Tags

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

არასამათავრობოების მიერ 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის შესახებ მათ ინფორმაცია გასულ კვირას სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდათ.

„წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე“, – ნათქვამია არსამთავრობოების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, წყაროს განმარტებით, გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა ხუთი პირადობის მოწმობა უნდა დაბეჭდილიყო, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი იქნებოდა მითითებული, რაც ერთი პირის მიერ სხვადასხვა უბანზე ხმის მიცემას გახდიდა შესაძლებელს, რაც „ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“.

„წყაროს თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

ორგანიზაციების განმარტებით, ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ასეთმა ქმედებებმა, შესაძლოა, „გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა“.

არასამთავრობოებმა პროკურატურას ფაქტით დაინტერესების, გამოძიების სასწრაფოდ დაწყებისა და კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდეს.

სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხი

არასამთავრობოებს სპეციალური ბრიფინგით უპასუხა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „გაუგონარი ბრალდება“ უწოდა, რომელიც „მათ მიერ გამოგონილ, აბსურდულ წინადადებებსა და არგუმენტებს“ ეფუძნება. მისივე შეფასებით, არასამთავრობოების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები „გაუგებარი“ და „თეორიულად წარმოუდგენელია“.

„იმედი მაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენს კონკრეტულ ფაქტებს, რაზე დაყრდნობითაც მათ ასეთი ცილისწამება განახორციელებს იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ რეფორმებთან, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის მოპოვებასთან“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

პოლიტიკური შეფასებები

არასამთავრობოების განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება „უპრეცედენტო გაყალბებისთვის“ ემზადება.

„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ არ იკმარა ადამიანების დაშინება, დაშანტაჟება, ძალადობა, მოსყიდვა, სოციალური დახმარებების მოხსნა ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლება და ახლა მიმართეს უპრეცედენტო დანაშაულს, პირადობის მოწმობების მასშტაბურ გაყალბებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. ხელისუფლებას აქვს წაგებული“. მანვე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს „ამ მძიმე დანაშაულზე რეაგირებისკენ“ მოუწოდა.

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, არასამთავრობოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება „არის სრულ ისტერიკაში და ყველა ნაბიჯზე მიდის, ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ როგორღაც მეორე ტურში მოაგებინოს სალომე ზურაბიშვილს“. „მინდა მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ არ გადადგან ეს უკანონო ნაბიჯი და არ შელახონ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვა და საარჩვენო უფლება“, – განაცხადა მან.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ვისაც აქვს ელემენტარული ინფორმაცია იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელი“. „მიუხედავად ამისა ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამასთან დაკავშირებით გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი, არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი“, – განმარტა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურის განცხადება

დღესვე, განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი დოკუმენტების დამზადებას გულისხმობს და უახლოეს პერიოდში, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button