Placeholder canvas
არჩევნები 2018ინტერვიუმოსაზრება

ჯონათან კაცი: მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურის წინ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი

ანა კალანდაძე ამერიკის ხმის ქართული რედაქციიდან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების და მოახლოებული მეორე ტურის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსს ჯონათან კაცს ესაუბრა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, უამრავ დარღვევას და ძალადობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ის პროფესიონალურად იყო ადმინისტრირებული, რაც კიდევ უფრო ზრდის მომავალში ქართული დემოკრატიის მაჩვენებელს. როგორია თქვენი შეფასება და რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასაძლიერებლად, ასეთის არსებობის შემთხვევაში?

დიახ, დარღვევებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეს ყველაფერი ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნუსხეს. მთლიანობაში, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ პარტიებს კარგი შესაძლებლობა აქვთ შეეჯიბრონ ერთმანეთს, თუმცა კონკურენცია ხშირად არათანაბარ პირობებში ვითარდებოდა, რაც დამოუკიდებელი მედიის ნაკლებობით და კამპანიის განვითარებისთვის ოფიციალურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო იქმნება. არჩევნები ქართული დემოკრატიის მხოლოდ ერთი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდში, საქართველოს არჩევნების რამდენიმე ციკლი ჰქონდა, რაც დამკვირვებლებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. მაგრამ ის, რაც საქართველოს ახლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესაჭიროება არის მეტი რეფორმა – სასამართლო და სხვა რეფორმები, რასაც ევროკავშირი ითხოვს და რაც საქართველოსვე სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებს, ბევრი, მსგავსი გამოწვევა აქვს. მისი წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოსთვის ამ გარდამავალი ეტაპის და მთლიანად, სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. საქართველოსთვის ამის კეთება მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ამ პროცესში მასთან იყვნენ.

რას ისურვებდით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის და რა უნდა გაკეთდეს მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად?

მეორე ტურის წინ ძალადობის არარსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ პირობა დადო, რომ არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება. ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია. მე მჯერა მთავრობის და ქართველი ხალხის, რომ ეს არჩევნები ხალხის ნამდვილ სურვილს ასახავს. ძალადობის შემთხვევა კი შეშფოთების საგანი უნდა იყოს მთავრობისთვის, ხალხისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

რა როლს ანიჭებთ სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნის განვითარების საქმეში და რას იტყვით მისი ლიდერების წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარებზე და მათ საქმიანობაზე?

საქართველოს პოლიტიკური გარემო დინამიურია. არსებობს სხვადასხვა პარტიული ხმა ქვეყნის მომავავალზე არსებულ დისკურსში. ევროატლანტიკურ მომავალს უსვამს ხაზს ამომრჩეველთა კვლევებიც. თუმცა ხალხს, ეკონომიკური სიდუხჭირე უშუალოდ აწუხებს. რუსეთმაც გარკვეული როლი ითამაშა საქართველოში არსებულ დისკურსში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება პარტნიორად აღიქმებოდეს და რაც ბოლო დროს გვესმოდა, მას არასდროს შეხვდნენ მუქარით. ჩემთვის, როგორც საქართველოს მკვლევრისთვის, ქვეყნის ინტეგრაციისა და პროგრესისთვის ძლიერ სამოქალაქო სექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს.

არჩევნების შედეგებმა საზოგადოებაში ორმხრივი პოლარიზაცია და რადიკალური განსხვავებები აჩვენა. როგორ უნდა მოიქცნენ ამომრჩევლები მეორე ტურამდე პერიოდში?

პრეზიდენტის ძალაუფლება საქართველოში კიდევ უფრო შეიზღუდა. ვფიქრობ, კანდიდატები სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციებს წარმოადგენდნენ. ხელმძღვანელის პოზიციებზე ქალის ყოფნა ყველგან კრიტიკულია, მაგრამ ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ აირჩიონ. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოუწოდოს მთავრობას, რომ თანაბარი პირობები უზრუნველყოს ყველასთვის და ეს საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს, მედიისა და კამპანიის წარმოებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომის გათვალისწინებით. ვიმედოვნებ, რომ ისეთი მეორე ტური ჩატარდება, რომლითაც ყველა ქართველი იამაყებს და რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაუჭერს.

რა პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას იმ ტონის განსაზღვრაში, რომელიც მთელ პროცესს ახლავს?

ხელისუფლების როლი მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პირობების უზრუნველყოფის საქმეში, რაც ქართველების წინსვლას უზრუნველყოფს. მთავრობამ, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია, პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართოს პროცესში, რომლის გარეშეც საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროატლანტიკურ გზაზე სვლა. სამოქალაქო საზოგადოების პროცესიდან გამორიცხვა საქართველოსთვის არ იქნება პოზიტიური და მას, ფაქტობრივად, ზიანს მიაყენებს.

მასალა მომზადდა Civil.ge-სთვის ამერიკის ხმის მიერ. ამ ან სხვა მასალის უფასო გავრცელებაზე ნებართვის მისაღებად მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button