ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში მთავრობის საქმიანობის გასული წლის ანგარიში და ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მონახაზი წარადგინა.

„სამოქალაქო საქართველო“ პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლაზე მმართველო გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „არ ვამბობთ, ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე შეიძლებოდა იმ პირობებში, რომ არ მომხდარიყო, არ დაგვტყდომოდა თავს ეს [პანდემია], მაგრამ 10-წლიან გეგმას რომ გა[და]ხედო, რასაკვირველია შეიძლება, თუ გაქვს ასეთი სურვილი, სარკასტულად შეაფასო – „რა დროს 10 წელია, დღევანდელ დღეს მივხედოთ“, მაგრამ სახელმწიფოს ეს გეგმა უნდა ჰქონდეს… ამ წელს როგორ დავასრულებთ? როგორ მივდივართ 22 წლისკენ? რა ბიუჯეტი გვექნება? ამის თაობაზე ძალიან სიღრმისეული და კარგი ანალიზი იყო გაკეთებული“.

ოპოზიციის შეფასება

ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „[ირაკლი ღარიბაშვილი არის] ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს რა თანამდებობაზეა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც რეალურად საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს… საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააგდო თანამდებობიდან… მერე მობრუნდა და გადაწყვიტა, რომ რაღაც კომპეტენცია შეიძლება ჰქონდეს“.

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „რა უნდა იყოს პოზიტივი? საერთოდ სხვა ქვეყანაზე საუბრობს [პრემიერ-მინისტრი]… ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყანა ვართ და ამ უბედური ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და ბედნიერად გველაპარაკება. სად არის ადამიანური შეგრძნება და თანადგომა მაინც იმ სიმძიმეების, რაც ქვეყანაში არის?… ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა უსამართლობა ვამხილოთ“.

მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „ეს არის აბსურდის თეატრი, რასაც დღეს ვისმენთ, არაკოპმპეტენტურობის, ეკონომიკის არ ცოდნის, არანაირი ხედვის. [ეს არის] მთავრობა, რომელიც ძალიან მალე დაამთავრებს“.

ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია: „[პარლამენტში] უნდა ვმსჯელობდეთ, ვკამათობდეთ, ვაანალიზებდეთ, ვგეგმავდეთ – ქვეყნის ბედს და მომავალს… და რას უყურებს ხალხი ამ დროს? ძალიან სახიფათოა ეს [da] ყველაფერთან ერთად, ძალიან საშიში, როდესაც პრემიერი კი არ მსჯელობს და ადეკვატურად პასუხობს კრიტიკას ან კონკრეტულ შეკითხვებს, [არამედ] ხუმრობის ხასიათზეა. ზოგჯერ ჩვენც ვიცინით, მერე ყვირილიც გვიწევს, მერე წარსულში ვვარდებით, მერე ვიღას აინტერესებს ადამიანების დაცვა და ევროპული მომავალი. ჰოდა, გადის ასე დრო და ასე კარგავს ნდობას ყველა ინსტიტუტი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button