skip to content
ახალი ამბები

მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემის რეფორმის ახალი ხედვა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს კახეთში, იყალთოს აკადემიის (XI-XII სს) ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე განათლების სისტემის რეფორმირების ხუთწლიანი გეგმა წარადგინა. გეგმა სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროს რეფორმირებას მოიცავს.

ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ „განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა“ ქვეყნის წინაშე არსებული დაბრკოლებების დაძლევის მთავარი წინაპირობაა. „მე გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო იმსახურებს“, – აღნიშნა მან.

ბახტაძის თქმით, 2018-2023 წლებში, მოხდება იმ „ძირითადი ბირთვის“ დანერგვა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპული განათლების სისტემასთან სინქრონიზაციაში მოიყვანს. მისივე განმარტებით, 2019 წლის შემოდგომაზე მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, განათლების სისტემა ეკონომიკის დომინანტი კომპონენტი გახდება და მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 10-11 %-იან წილს დაიკავებს.

პრემიერმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმა სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებას „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმობა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ 2019 წელს 50 სკოლაში, საპილოტე რეჟიმში სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა დაიწყება და 2023 წლისთვის, ეს მოდელი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. „ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის“, – განმარტა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა პედაგოგების ხელფასების მატებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „პირველ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, გაზრდილ ხელფასს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი მიიღებს“. 2023 წლისთვის კი, პედაგოგის საშუალო ხელფასი 3-ჯერ გაიზრდება.

მამუკა ბახტაძემ სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე სკოლების ინფრასტრუქტურულ განახლებაზეც ისაუბრა და სკოლებში ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ძლიერი და თანამედროვე სკოლა უნდა ეფუძნებოდეს ტექნოლოგიურ განვითარებას, ის უნდა ვითარდებოდეს ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ“, – აღნიშნა მან.

ბახტაძემ განმარტა, რომ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პროფესიული განათლება და მის რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე მორგება იქნება. „უმოკლეს პერიოდში, [უნდა] გავზარდოთ სტუდენტების რაოდენობა რეგიონებში და განვავითაროთ პროფესიული განათლების ცენტრები“, – აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების ევროპული განათლების სივრცეში ინტეგრირება მოხდება. „საქართველო უნდა იყოს [განათლების] ცენტრი ჩვენი რეგიონისთვის“, – დასძინა პრემიერმა. 

„განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა“ პრემიერმა ბახტაძემ, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენის დროს დაასახელა და ამ მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარების პირობა დადო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button