ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

თავისი ამერიკელი კოლეგისთვის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველო „ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ პარტნიორად“ რჩება და რომ „ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია. ჩვენი ერები ერთობლივად გადალახავენ სხვადასხვა გამოწვევებს და მტკიცედ იდგებიან საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

„ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერას“, – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს და „ჩვენს მეგობრებს, ამერიკელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ დამოუკიდებლობის დღეს Twitter-ზე მიულოცა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ს ასევე Twitter-ზე მიულოცა. „საქართველოს უმთავრეს პარტნიორს, ვისთანაც საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაქვს“ დამოუკიდებლობის დღე. „დიდად ვაფასებთ აშშ-ის წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის და განვითარების საქმეში“, – წერს ზალკალიანი.

საქართველოს სხვა ლიდერებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც შეუერთდა და „მთავარ მოკავშირეს, სტრატეგიულ პარტნიორს და ერთგულ მეგობარ ქვეყანას“ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ყველაფრისთვის, რასაც ისინი უკეთესი მსოფლიოს და მომავლის ასაშენებლად აკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა „ეს დღე საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button