skip to content
ახალი ამბები

Amnesty International: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაა საჭირო

„საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მათ შორის პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა უნდა გახდეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International.

სამგვერდიანი განცხადება, რომელიც 18 ივნისს გამოქვეყნდა, ყურადღებას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამახვილებს, რასაც თბილისში საპროტესტო აქციები მოყვა, ასევე სხვა გახმაურებულ სისხლის სამართლის გამოძიებაზე, რომელმაც საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თაობაზე წუხილები გამოიწვია.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები „იმ ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას ასახავს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა არაეფექტურია“ და რომ „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობას წარმოაჩენს“.

უფლებადამცველი ორგანიზაცია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებდა მისი მკვლელობის საქმეზე გამოძიების დაწყებისგან, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მაინც გააკეთა“.

„ახალმა მთავრობამ უნდა ეზრუნველყოს დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, საჭიროა, რომ დაზარალებულებმა და მათმა ადვოკატებმა დროული და არსებითი ინფორმაცია მიიღონ მიმდინარე გამოძიების შესახებ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „არაეფექტური სისხლის სამართლის გამოძიებები, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის დაუსჯელობა, საქართველოში უკვე დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს“.

ამ კუთხით ორგანიზაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, რეპერების დუეტის „ბირჟა მაფიას“ და დემურ სტურუას საქმეებს შეეხო.

ამ წუხილების მოსაგვარებლად, Amnesty International-მა საქართველოს მთავრობას მოუწოდა „უზრუნველყოს პოლიციელთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ ძალაუფლების გადამეტების გამოსაძიებლად ნამდვილად დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბება“.

„ახალი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ამგვარი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ყველა საჭირო ნორმას აამოქმედებს, მათ შორის, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას (მათ შორის პროკურატურის), საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და საჭირო რესურსებს, რათა შესაძლებელი გახდეს სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევებზე ეფექტური, სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button