ახალი ამბები

შსს აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმეს იძიებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადა, რომ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმეს იძიებს, რომელიც 14 ივლისს თბილისში, სასტუმრო „სტამბის“ შენობიდან გადმოვარდნის შედეგად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ ცნობები 29 ივლისს, მისი გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ გაცრდელდა. შსს-მ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სასტუმრო „სტამბის“ ადვოკატის, ავთანდილ წერეთლის განცხადებით, ბაკიხანოვი მათთან მუშაობას იწყებდა და 14 ივლისს, იმ დროს, როდესაც მას სასტუმროს შენობას აცნობდნენ, იგი სახურავზე ავიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისივე თქმით, სასტუმროს პერსონალის წარმომადგენლები ინციდენტს უშუალდ შეესწრნენ და ინფორმაცია, მათ შორის, კამერების ჩანაწერები შესაბამის უწყებას გადასცეს.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ბაკიხანოვმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იგი ყვებოდა, რომ მას თბილისის ცენტრში, ხუთი ადამიანი დაესხა თავს და ცემეს. „დარწმუნებით არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამის გამორიცხვა არ შეიძლება“, – თქვა მან.

„არ მჯერა, რომ ეს შემთხვევითობა იყო“, – აღნიშნა ბაკიხანოვმა, რადგანაც მისივე თქმით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მას თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებამდე რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი. იგი ბაქოში პროტესტის დროს 7 მაისს დააკავეს და ორკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ, იგი თბილისში გამოემგზავრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ განაცხადა, რომ ბაკიხანოვმა მათ საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის წესისა და პროცედურების შესახებ სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით პირველად 14 ივნისს მიმართა. ორგანიზაციამ ასევე განმარტა, რომ „თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არის კონფიდენციალური, ამიტომ „უფლებები საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას მედიასთან ისაუბროს ამ გარემოებების შესახებ“.

ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ პირველი განგაში ასევე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ატეხა. მას შემდეგ, რაც შსს-ში განმარტეს, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი ორი კვირის წინ გარდაიცვალა, მუხთარლიმ ქართული სამართალდამცველი ორგანოები ფაქტის დამალვაში დაადანაშაულა. „ქართული პოლიცია, რომელიც ყველაზე მცირე საპრანსპორტო შემთხვევასაც კი ოფიციალურად იძიებს, ამის შესახებ დუმდა“, – განაცხადა მან.

მუხთარლიმ განაცხადა, რომ იგი შსს-ისა და სასტუმრო „სტამბის“ განმარტებებმა ვერ დაარწმუნა და ბაკიხანოვის გარდაცვალების გარდაცვალების შესახებ აქვს ეჭვები, რამდენადაც ინციდენტი მასზე თავდასხმიდან ორ დღეში მოხდა.

თავად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართა ასევე კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩNდა. მას აზერბაიჯანში 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2018 წელს საერთაშორისო წნეხის შედეგად გაათავისუფლეს. ამჟამად იგი გერმანიაში ცხოვრობს. იგი საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანისგან ქრთამის აღებასა და მის გატაცებაში ადანაშაულებს. იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა მუხთარლის ბრალდებებს „აბსურდი“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button