ახალი ამბები

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლები განახლდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლები განახლდა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „არასდროს დავიხევთ უკან, სანამ ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ“.

დემონსტრანტებს სიტყვით ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემაც მიმართა. მან საზოგადოების მხრიდან აქციის პოლიტიზებასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ნუ ცდილობს მთავრობა და ნუ ცდილობს სუსი რომ ეს ტრაგედია გააიგივოს პოლიტიკასთან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. „არასდროს იქნება ჩემს უკან პოლიტიკა“, – დასძინა მანვე.

სარალიძის შეფასებით, სისტემა კვლავ მის მოტყუებას ცდილობს. მისივე თქმით, ის შს მინისტრს გიორგი გახარიას შეხვედრას ჯერ კიდევ ორი თვის წინ სთხოვდა, მაგრამ „დღესაც არ მაქვს გამოხმაურება“. „სისტემა უნდა დაინგრეს“, – განაცხადა სარალიძემ.

აქციაზე სიტყვით გასული წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც გამოვიდა.

მისი თქმით, ის სარალიძის გვერდით იდგება მანამ, სანამ ის „სიმართლეს არ დაამტკიცებს“.

მაჩალიკაშვილმა საკუთარი შვილის გარდაცვალებაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, „საწოლში დახვრიტეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს“. მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, შვილის ტერორიზმში დადანაშაულება მისთვის „უფრო მეტია, ვიდრე სიკვდილი“. მისივე განმარტებით, „სუსს სჭირდებოდა ასეთი თამაშის გათამაშება და გაითამაშეს და ეს არ შერჩებათ“.

„უნდა დაისაჯოს ყველა სასტიკი სასჯელით…უნდა ვიდგეთ, სანამ ზაზა და მე სიმართლეს არ ვათქმევინებთ ამ სისტემას“, – დასძინა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. პარალელური აქცია მიმდინარეობს 51-ე სკოლასთანაც. იქ შეკრებილები, მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან და მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. „ვემიჯნებით პოლიტიკას და ვემიჯნებით პარტიულობას“, – აცხადებენ ახალგაზრდები. 

აქციის აპოლიტიკურობას უსვამენ ხაზს პარლამენტის წინ შეკრებილებიც. ბოლო ორი დღის განმავლობაში, მხარდამჭერი აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც, მათ შორის, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში. ზოგიერთ ქალაქში სოლიდარობის აქციები ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციები საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. სასამართლომ გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button