skip to content
ახალი ამბები

საპატრიარქო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ბოიკოტს უცხადებს და სამღვდელოებას მოუწოდებს არხთან „ყოველგვარი ურთიერთობა“ შეწყვიტონ, „არ მისცენ ინტერვიუები და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა“. შესაბამისი მოწოდებით საპატრიარქომ მათაც მიმართა, ვისთვისაც „ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები“.

საპატრიარქომ განცხადება 22 მაისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანის“ გასვლის შემდეგ გაავრცელა. გადაცემის თემა, პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, ცენზურის შესაძლო დაწესება იყო. გადაცემის დაწყებისთანავე, წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მხატვარ ლია უკლებას ნახატზე „თვითმკვლელ ღვთისმშობლზე“ ისაუბრა.

„ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს”, – თქვა წამყვანმა.

გადაცემის საპასუხოდ, საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა „გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები“, გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა, რათა ქვეყანა „არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“.

საპატრიარქოს განცხადებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გადაცემა ღვთისმგმობი არ ყოფილა“ და ის ცენზურას ეხებოდა.

ნიკა გვარამიას თქმით, „სამწუხაროდ ეკლესიის ხელმძღვანელობაში დღეს არიან ძალები, რომლებიც მაქსიმალურად აზიანებენ ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას“. ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქოს განცხადების შესახებ „ინფორმაციას არ ფლობს“.

„არავითარი ღვთისმგმობი გადაცემა აქ არ ყოფილა, იყო ცენზურაზე და ცენზურა სწორედ უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრების აკრძალვას ეხება… და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა,  თუ როგორ შეიძლება საქართველოში ცენზურა ამოქმედდეს. საპატრიარქო ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს, რომ ცენზურასთან და მედიის შეზღუდავასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მიიღოს… რუსთავი 2-ის მაქსიმალურად შევიწროვებას ცდილობს და ეს არის პოლიტიკური ამოცანა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ინიციატივა, სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის „სხვა ადამიანის უფლებებს ლახავს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭომ საპატრიარქოს განცხადება მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. რუსთავი 2-თან საუბარში მსგავსი შეფასებები გააკეთეს არასმათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

„რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი სწორედ ამ უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 24 მაისის განცხადებაში.

ქარტია ასევე მიმართავს ხელისუფლებას „დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება“, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს, ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებით“.

მსგავსი შემთხვევა დაახლოებით ორი თვის წინაც დაფიქსირდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში გიორგი გაბუნიამ ასევე იუმორით ახსენა იესო ქრისტე. მაშინ ამან „ქართული მარშის“ გაღიზიანება გამოიწვია და გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს, ტელეკომპანიის შენობასთან აქცია გამართა. ულტრანაციონალისტური ჯგუფის წევრების პროტესტს აგრესიული ხასიათი ჰქონდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დაშავდნენ, მათ შორის, ერთი ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს, პოლიციამ „ქართული მარშის“ ექვსი აქტივისტი დააკავა. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button