ახალი ამბები

მთავარმა პროკურორმა გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ერთი წლის წინ, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული და მეორე დღეს ბაქოში დაკავებული, აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დაწყებული გამოძიებით, „ვერცერთი მტკიცებულების მოპოვება ვერ მოხერხდა“.

მთავარი პროკურორის თქმით, საქმეზე ასეულობით მოწმე დაიკითხა. გარდა ამისა, შესაბამის პერიმეტრზე ამოიღეს არაერთი ვიდეოჩანაწერი, თუმცა, „ვერცერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული“, იმისათვის, რომ „საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოხდა“, – განუცხადა 24 მაისს ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ დასძინა, რომ ქართული მხარე აზერბაიჯანისგან აფგან მუხთარლის დაკითხვასა და იმ განაჩენის გაცნობას კვლავ ითხოვს, რის საფუძველზეც, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და მას საზღვრის უკანონო გადაკვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მთავარმა პროკურორმა გასული წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე „ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“ მიმდინარეობს და „მას შემდეგ, რაც საგამოძიებო მოქმედებები ამოიწურება“, საქართველოს პროკურატურა ყველა კითხვას უპასუხებს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button