სოციალური სამართლიანობის ცენტრი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების განუახლებლობის გამო აკრიტიკებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს, 20 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქმეზე გამოძიების განუახლებლობის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის „ფორმალური, არასათანადოდ შესწავლილი, უსაფუძვლო და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასთან“.
2024 წლის მარტში, მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ აკეთებს დათქმას, რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება. ამ რეკომენდაციის შემდეგ, სამსახურმა 2020 წლის იანვარში დახურული საქმე შეისწავლა. სამსახურმა 19 ივნისს განაცხადა, რომ გამოძიების განახლება არ იყო საჭირო, რადგან თავდაპირველი გამოძიება იყო „სრულყოფილი“, მათ შორის განხორციელდა სწრაფი ქმედებები, მტკიცებულებების შეგროვება და გამოკითხვა. ევროპულმა სასამართლომ აღიარა ეს ძალისხმევა, მაგრამ ასევე პროცესუალური ხარვეზებზე მიუთითა, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ჩართვა თავდაპირველ გამოძიებაში და სპეცრაზმის წევრების დაგვიანებული გამოკითხვა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტების დარღვევის გამო მიიჩნია, რომ საქმეზე დაირღვა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი და ჩათვალა, რომ სწორედ არაეფექტიანი გამოძიების გამო შეუძლებელია ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის, სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილზე მსჯელობაც კი. „სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაეაზრებინა, რომ საქმეზე არსებითი დარღვევის დადგენა ევროპული სასამართლოს მიერ სწორედ გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების და შესაბამისი მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „სათანადოდ არ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი შეფასებები და სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფუნდამენტური დარღვევები წარმოაჩინა, როგორც მცირე პროცესუალური დარღვევები, რომელიც გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს”. „ჩვენთვის დაუსაბუთებელია და ეჭვების გამჩენი ის, თუ როგორ შეუძლია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების არ დადგენა გამოძიების მხრიდან, სპეცრაზმელების ჩვენებებში არსებითი ხასიათის ცდომილებები, მცირე მნიშვნელობის პროცესუალურ დარღვევებად მიიჩნიოს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის მანერა და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს უფრო ფართოდ ამ უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრობლემას, რომელიც ვენეციის კომისიის, ევროკავშირისა და ადგილობრივი აქტორების მიერ არაერთხელ იყო გაკრიტიკებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეძლო გამოძიებაზე არსებითი გავლენის მოხდენა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს „მყისიერად“ მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რათა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოიცეს შუალედური რეზოლუცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე.
2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც, ხეობის მკვიდრი, 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, რომ ის სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ეძინა, როდესაც სუს-ის თანამშრომლები ოთახში შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/11/2023 – სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდებს
- 28/01/2020 – პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა
- 13/01/2020 – EMC-მ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები შეაფასაs
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)