ახალი ამბები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 11 აგვისტო

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
 
11 აგვისტო:

  • გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დროს, აშშ-ის ელჩი გაეროში, ზალმეი ხალილზადი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უთხრა თავის ამერიკელ კოლეგას კოდოლიზა რაისს, რომ ”სააკაშვილი უნდა წავიდეს”. ხალილზადი აცხადებს, რომ „ეს სრულიად მიუღებელია; ეს უკვე ზღვარს სცდება“. 
      
  • როკის გვირაბით საქართველოს აღმოსავლეთში დამატებითი რუსული ჯარები შემოდიან. 
      
  • 00:20 საათიდან 03:30 საათამდე რუსეთის საჰაერო ძალები კოდორის ხეობას ბომბავენ. 
      
  • 02:45 საათიდან 03:20 საათამდე რუსეთის საჰაერო ძალები ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიას ბომბავენ. 
      
  • რუსეთის საჰაერო ძალები თბილისის სარადარო სადგურს და კახეთში შირაქის აეროდრომს ბომბავენ. 
      
  • 05:25 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები გორს ბომბავენ. 
      
  • 07:10 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები სენაკს, ასევე ზუგდიდის რაიონის სოფლებს, განმუხურს და ანაკლიას ბომბავენ. 
      
  • რუსი სამხედროების დაჯგუფება ცხინვალში მდინარე ლიახვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე იკრიბება და გორის მიმართულებით მოძრაობისთვის ემზადებიან. 
      
  • 10:30 საათზე რუსული არმიის დასავლეთის ჯგუფი სამხრეთის მიმართულებით იწყებს სვლას, ხოლო 12:00 საათის შემდეგ მას აღმოსავლეთის ჯგუფიც მიყვება. 
      
  • 11:00 საათისთვის რუსი სამხედროები პატარა ლიახვის ხეობას იკავებენ, მათ შორის სოფელ ერედვს. 
      
  • 12:00 საათისთვის ქართული პოლიცია კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ასრულებს. 
      
  • ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაც კონფლიქტის ზონის ქართული სოფლები დატოვეს, თბილისის მერიის წინ იკრიბება თავშესაფრის მიღების იმედით.
      
  • 14:30 საათზე რუსეთის დასავლური კოლონის ძირითად ნაწილს სოფელ ზემო ხვითში 22-ე ქართული ბატალიონის სამხედროები უსაფრდებიან და მის სვლას აჩერებენ დღის დანარჩენ მონაკვეთში. კოლონის წინა ნაწილმა გზა ქართველების თავდასხმამდე გაიარა და სამხრეთით განაგრძობს სვლას. 
      
  • საქართველო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ბერნარ კუშნერის და ალექსანდრე სტუბის შემოთავაზებას თანხმდება.      
      
  • 16:00 საათისთვის იმ ქართველ სამხედროებს, რომლებიც უკან იხევდნენ, რუსეთის დასავლური დაჯგუფების წინა ნაწილი ესხმის თავს სოფელ შინდისის მახლობლად, რის შედეგადაც ქართულმა არმიამ დიდი მსხვერპლი განიცადა. 
      
  • 16:00 საათისთვის რუსეთის აღმოსავლეთის დაჯგუფებას, რომელიც სამხრეთით მიემართებოდა მდინარე ლიახვის გასწვრივ, ქართველი სამხედროები ესხმიან თავს სოფელ მეღვრეკისში, რის შედეგადაც მათი სვლა დღის დანარჩენ მონაკვეთში ჩერდება. 
      
  • 17:00 საათზე რუსი სამხედროები ქალაქ ზუგდიდს, მათ შორის უმეტეს ადმინისტრაციულ შენობებს იკავებენ და ადგილობრივ პოლიციას იარაღის ჩაბარების ულტიმატუმს უყენებენ. 
      
  • 19:00 საათზე თბილისში დევნილთა ბანაკი გაიხსნა. 
      
  • რუსეთის საჰაერო ძალები 19:05 საათზე კვლავ უტევენ კოდორის ხეობას. 
      
  • 19:30 საათისთვის რუსი სამხედროები ქალაქ სენაკში შედიან
      
  • 20:00 საათზე რუსული სამხედრო კოლონა ზუგდიდიდან სოფელ ხაიშისკენ მიემართება, რითიც კოდორის ხეობაში მყოფი ქართული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხე იქმნება. ქართველი სამხედროები ხეობიდან გამოსვლას იწყებენ. 
      
  • რუსეთის საზღვაო ძალები განაგრძობენ საქართველოს სანაპიროს ბლოკადას და სატვირთო ხომალდებს „კასტორს“ და „აშას“ ფოთის პორტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 
      
  • ქართველ სამხედროებს უბრძანებენ, რომ დატოვონ გორი და თბილისისკენ გამოემართონ დედაქალაქის დაცვის მიზნით. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს, რათა არ მოხდეს „საქართველოს დაცემა“, ვინაიდან რუსეთს „საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება აქვს განზრახული“.     
      
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც რუსული შეიარაღებული ძალები „უმიზნებენ საქართველოს დედაქალაქს, თბილისს“ და „ირკვევა, რუსეთის მიზანია საქართველოს კანონიერად არჩეული მთავრობის გადაყენება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button