ახალი ამბები

აშშ-ში ‘ჩაშლილი’ ვიზიტი და პრეზიდენტის პასუხი კრიტიკაზე



პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11 სექტემბერს მოწვეულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში დაგეგმილი ვიზიტი, რომელზეც ბოლო პერიოდში გამწვავდა დავა მთავრობასთან და რის გამოც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ბიძინა ივანიშვილისგან მორიგი საჯარო კრიტიკა მიიღო, ჩაიშალა.

„გუშინ მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მე მინდა, გითხრათ, რომ ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი“, – განაცხადა მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და დასძინა:  „ამის წინაპირობა ფაქტიურად დავინახე მე დღეს დილას“.

„ეს არის, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ; ჩემი აზრით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებებიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად ვინ იდგა მისი ვიზიტის ჩაშლის უკან. 

„რეალურად თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და თუ ჩვენ შევეცდებით მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში  – იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა – ჩემი აზრით, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან არ მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, რომელიც მასთან „კვირის პალიტრამ“ ჩაწერა, იმ ფრაგმენტების გამოქვეყნება, სადაც ის მარგველაშვილს იმის გამო აკრიტიკებს, რომ პრეზიდენტი მთავრობას განიხილავს „კონკურენტად“ და ხელს უშლის მის საქმიანობას. ივანიშვილის მსგავსად, მთავრობის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ისინი გაეროს სამიტზე ერთი დელეგაციის გაგზავნას ემხრობიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

„მე მინდა ვუპასუხო იმ კრიტიკას, რომელიც ჩემს მიმართ მოდის აღმასრულებელი გუნდის გარკვეული წარმომადგენლებისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და დავარწმუნო ყველა, რომ აქ არ არის პიროვნული დაპირისპირება, აქ არ არის პოლიტიკური დაპირისპირება. აქ არის ძალიან პრინციპული მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომ რეალურად საქართველოში ჩამოაყალიბოს ფუნქციონირებადი დემოკრატია. ფუნქციონირებადი დემოკრატია კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ინსტიტუტი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი, ასევე პრეზიდენტი, ასევე სასამართლო ასრულებს თავის მოვალეობას და ვალდებულებებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, იმ დაპირისპირებებს შორის, რომელიც მთავრობასთან რამდენიმე თემასთან დაკავშირებით გამოიკვეთა, არცერთი პოლიტიკური ხასიათის არ ყოფილა და განპირობებული იყო მხოლოდ ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული ბალანსის დაცვის სურვილით.

„მე ვერავინ ვერ მომიტანს ერთ მაგალითს მაინც, როდესაც მე შევუშალე ხელი ხელისუფლებას, იქნება ეს აღმასრულებელი თუ პარლამენტი, თავის საქმიანობის განხორციელებაში“, – განაცხადა მან, „მე ვემსახურები ქვეყანას, მე ვემსახურები იმას, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა, მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ“.

მისი თქმით, ისეთი „რეჟიმი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ვეღარ საუბრობდეს და გაჩუმდეს“, იქნება „ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.

„ყველას ვისაც მოლოდინი აქვს, რომ უნდა იყოს აბსოლუტური უნისონი და არ უნდა იყოს ნორმალური ძალთა ბალანსი, ფაქტიურად უნდა გადაქაჩულ იქნას  ხელისუფლება ერთი მიმართულებით, ჩემი აზრით, არ ესმის კარგად რას ნიშნავს დემოკრატია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ის რეალობა, რომელიც დღეს არის შექმნილი, არ შეიძლება „კოჰაბიტაციად“ დახასიათდეს, ვინაიდან ის მმართველ კოალიციაში რჩება.

„მე არც რომელიმე პოლიტიკური გუნდი არ შემიქმნია, არც გადავსულვარ სხვა პოლიტიკურ გუნდში. მე ვასრულებ ჩემ მოვალეობებს კონსტიტუციის მიხედვით“, – განაცხადა მან, „არცერთი ნაბიჯი მე არ გადამიდგამს საპირისპირო, ხოლო  როდესაც გადმოიდგმება ნაბიჯები პრეზიდენტის ინსტიტუტის კომპეტენციის ფარგლებში და არა მარტო, თუ მოხდება ძალის გადაქაჩვა… ყველგან მე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას“.    

მან ასევე ხაზი გაუვა, რომ არ სჭირდება საკუთარი „პოლიტიური ძალა იმისთვის, რომ ჩემი საქმე განვახორციელო“ და „არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ვქაჩავ წინ“.

„მე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური კარიერის პიკზე ვარ – ვარ საქართველოს პრეზიდენტი და მაქვს დიდი ვალდებულებები, აქედან გამომდინარე.  შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ მე მაქვს სრული საშუალება და რესურსი საზოგადოებას ველაპარაკო, საზოგადოებას ავუხსნა რანაირად უნდა განვითარდეს მომავალში საქართველო“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. 

პრესკონფერენციის დროს მარგველაშვილი ასევე შეეხო ივანიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციური მოდელის „საპარლამენტო რესპუბლიკად“ დახასიათებას.

„მე მგონი ბატონი ბიძინა, სამწუხაროდ, იღებს ცალმხრივ ინფორმაციას. საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის საქართველო, არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა“, – აღნიშნა მან.

ახალი საკონსტიტუციო მოდელით, რომელიც მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან შევიდა ძალაში, მანამდე არსებული საპრეზიდენტო მმართველობა შეიცვალა შერეული სისტემით, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის ხელშია თავმოყრილი. პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და არის უმაღლესი მთავარსარდალი. მიუხედევად იმისა, რომ ახალ მოდელში პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად არის შეკვეცილი, მისი როლი გადამწყვეტ დატვირთვას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების დროს იძენს.

ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი მთავრობას კონკურენციაში უდგას, მარგველაშვილმა ღიმილით უპასუხა:  „ცოტა უცნაურია პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი. პრეზიდენტს აღარ აქვს არავითარი კონკურენცია. პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილებები – ამ უფლებამოსილებების აღსრულება არის ჩემი ვალდებულება“. 

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მორიგ კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა ასევე ბაქოში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ მარგველაშვილს „კონკურენტად" არ აღიქვამს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასება, მისი თითოეული სიტყვა“, – განაცხადა მან, „ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ მარტივი საკითხი, როგორიც არის გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, გახდა ამდენი საუბრის და სპეკულაციების საგანი“.

„ჩემი მთავარი კონკურენტი ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა; მე ამაზე ვფიქრობ. მე არ ვფიქრობ არც პრეზიდენტ მარგველაშვილზე, არც არავიზე, მე არავის არ აღვიქვამ კონკურენტად. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე  აღმიქვამს მე კონკურენტად, ეს მათი უფლებაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button