ახალი ამბები

რომის პაპი საქართველოს სტუმრობს

პაპი ფრანცისკეს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პარასკევს შუადღისას დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტს და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს შეხვდება, მიხეილ მესხის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს, რის შემდეგაც კვირას დილით აზერბაიჯანში გაემგზავრება.

პაპი ფრანცისკე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარასკევს 15:00 საათზე ჩამოფრინდა, სადაც მას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე დახვდნენ. 

აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის რამდენიმე წევრი, რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში გაემართა, სადაც ის პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას.         

შეხვედრის შემდეგ რომის პაპი და საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე გამოვლენ პრეზიდენტის სასახლეში. 

მოგვიანებით დღესვე პაპი ფრანცისკე  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება საქართველოს საპატრიარქოში.

საღამოს პაპი ასირიულ–ქალდეურ საზოგადოებასთან გამართავს შეხვედრას წმინდა სიმონ–ბარსაბას სახელობის ასირიულ–ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში.

ვიზიტის მეორე დღეს პაპი ფრანცისკე მიხეილ მესხის სტადიონზე, რომელიც 25 000 ადამიანზეა გათვლილი, ლიტურგიას აღავლენს.

იმავე დღეს იგი თბილისში რომის კათოლიკურ ეკლესიას ეწვევა და შემდეგ საქველმოქმედო ტაძრის ბენეფიციარებს და  წარმომადგენლებს შეხვდება კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

შაბათს საღამოს პაპი ფრანცისკე მცხეთაში გაემგზავრება, სადაც სვეტიცხოველს მოინახულებს და მას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე უმასპინძლებს.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განუცხადა ვატიკანის სატელევიზიო ცენტრს, რომ პაპი ფრანცისკეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომელსაც წინ უძღოდა მისი ვიზიტი სომხეთში, უნდა განიხილებოდეს, როგორც მშვიდობისა და ერთიანობის მისია მსოფლიოს ამ მშფოთვარე რეგიონში.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რომის პაპი ეწვევა.

1999 წლის ნოემბერში საქართველოს პაპი იოანე პავლე II სტუმრობდა. მან ლიტურგია სპორტის სასახლეში აღავლინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის დროს 19 200–მა პირმა განაცხადა, რომ ისინი კათოლიკეები არიან – რაც საქართველოს 3.7 მილიონი მოსახლეობის  0.5%–ია.

21 სექტემბერს მცირე რადიკალურმა მართლმადიდებლურმა ჯგუფმა, მათ შორის რამდენიმე მართლმადიდებელმა მღვდელმა, თბილისში ვატიკანის საელჩოს წინ აქცია გამართა პაპის ვიზიტის წინააღმდეგ; ზოგიერთ მათგანს ხელში ეკავა პლაკატები: „ვატიკანი სულიერი აგრესორია“; „შორს საქართველოდან ანტიქრისტე“. იმავე ჯგუფმა თბილისის აეროპორტის წინ პაპის ჩამოსვლის დროსაც გამართა აქცია.

28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ წერილობით განცხადება გაავრცელა, სადაც ჯგუფს გაემიჯნა და განაცხადა, რომ ამგვარი პოზიცია „ყოვლად მიუღებელია“; იმავე განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ გაიმეორა, რომ მართლმადიდებელი მორწმუნეები არ მიიღებენ მონაწილეობას კათოლიკეების მსახურებაში.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც 28 სექტემბერს გავრცელდა.

„ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ  ვიზიტთან დაკავშირებთ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას  მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ“,– ნათქვამია განცხადებაში.

 „შევნიშნავთ იმასაც, რომ  ჩვენსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში“, – აცხადებს საპატრიარქო.

„ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკეებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას  ზოგიერთები მიიჩნევენ“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დიდი ხნის დავა საქართველოში რამდენიმე ეკლესიის საკუთრების თაობაზე კვლავ მიმდინარეობს; ადგილობრივი კათოლიკური თემი სამართლებრივ დავაშია ქალაქ რუსთავის მერიასთან, რომელიც თავს იკავებს ქალაქში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან იმის შიშით, რომ ამით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს გააბრაზებს. 2016 წლის ივნისის დასაწყისში რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც რუსთავის მერიისგან მშენებლობის ნებართვას ითხოვდა.
 
2014 წლის სექტემბერში წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი თბილისს ესტუმრა – ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში.

მანამდე, 2003 წლის სექტემბერში თბილისს წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მაშინდელი მდივანი, ჟან-ლუი ტორანი ეწვია სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საქართველოს კათოლიკური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსი უნდა განესაზღვრა. თუმცა ბოლო წუთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა ხელი მოეწერა ვატიკანთან ხელშეკრულებაზე. 2011 წელს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას ანიჭებს, რითაც, სხვა კონფესიებთან ერთად, ასევე ისარგებლა საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე განშტოებამ. ვატიკანი მიესალმა ამ კანონმდებლობის მიღებას.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button