skip to content
ახალი ამბები

პარტია ქართულმა ოცნებამ კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ 5 აგვისტოს კახეთის ექვს ერთმანდატიან ოლქში თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც თელავს და ასევე ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ნაწილს აერთიანებს, მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაასახელა თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

ნაციონალურმა მოძრაობამ თელავის იმავე ოლქში თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბოტკოველი დაასახელა; ის თელავის გამგებლად 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იყრიდა კენჭს, თუმცა ქართული ოცნების კანდიდატთან დამარცხდა.

იმავე ოლქში თავისუფალმა დემოკრატებმა თელავის საკრებულოში თავისი წევრი, დიმიტრი ზაქაიძე დაასახელეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

გურჯაანში ქართულმა ოცნებამ დავით სონღულაშვილი წარადგინა; ის კომპანია Address-ის თანამფლობელია, რომელიც თბილისში ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს ფლობს. 

მისი კონკურენტია ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად გურჯაანის ერთმანდატიან ოლქში.

იმავე ოლქში თავისუფალმა დემოკრატებმა გურჯაანის საკრებულოს წევრი, სიმონ ქოჩორაშვილი დაასახელეს, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ გურჯაანში თავისი მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ყვირალაშვილი წარადგინა.

საგარეჯოში ქართულმა ოცნებამ თავის კანდიდატად რომან მუჩიაშვილი დაასახელა; იგი შპს "საუკეთესო პროდუქტის" დირექტორი და თანამფლობელია, რომელიც თბილისში პატარძეულის კვერცხის დისტრიბუციას ახორციელებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც შვეიცარიაში საქართველოს ელჩი იყო 2010–2012 წლებში და შემდეგ ჯანდაცვის მინისტრად და კახეთის რეგიონის გუბერნატორად მსახურობდა ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, საგარეჯოში იყრის კენჭს.

საგარეჯოში ასევე იყრის კენჭს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.

იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ლაგოდეხს და ყვარლის მუნიციპალიტეტის ნაწილს აერთიანებს, ქართულმა ოცნებამ გურამ მაჭარაშვილი დაასახელა, რომელიც ამჟამად შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილეა; იგი 2001–2014 წლებში ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ მუშაობდა იურისტად.

ნაციონალურმა მოძრაობამ იმავე ოლქში ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გურამ კაკალაშვილი დაასახელა თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

ვახტანგ მჭედლიძე თავისუფალი დემოკრატებიდან, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან, სანამ 2011 წლის დასაწყისში პარტიას დატოვებდა, და რომელიც წელს თავისუფალი დემოკრატების წევრი გახდა, იმავე ოლქში იყრის კენჭს, რომელიც ლაგოდეხს და და ყვარლის მუნიციპალიტეტის ნაწილს აერთიანებს.

კახეთის რეგიონის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს აერთიანებს.

მისი კონკურენტია ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც 2012 წლის არჩევნების დროს მცირედით წააგო არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატთან. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შედეგად ის ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით შევიდა პარლამენტში.

მმართველი პარტიის დეპუტატი გელა სამხარაული ახმეტაში იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად, სადაც მისი კონკურენტი იქნება ოთარ კვირიკაშვილი თავისუფალი დემოკრატებიდან; ამ უკანასკნელმა ქართული ოცნება 2014 წელს დატოვა. დანარჩენი პარტიების უმეტესობას ჯერ არ დაუსახელებია კანდიდატები ახმეტაში.

კახეთის გარდა, მმართველმა პარტიამ უკვე დაასახელა საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, მაჟორიტარ დეპუტატებს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.  

 

      

 

მსგავსი/Related

Back to top button