ახალი ამბები

პრეზიდენტმა შსს-ის რეფორმირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა



შინაგან საქმეთა სამინისტროს სათაო შენობა თბილისში

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ შვიდი დღის წინ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი სამსახურის 1 აგვისტოდან შექმნას ითვალისწინებს.

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში, სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის ის ნაწილი, რომელიც უსაფრთხოების ახალი სამსახურის უფროსის არჩევას ეხება, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. კერძოდ, ამოქმედებიდან მაქსიმუმ 5 დღეში პრემიერ-მინისტრმა  თავისი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს მთავრობას, რომელმაც მოწონების შემთხვევაში ასევე არაუგვიანეს 5 დღეში უნდა წარუდგინოს ის პარლამენტს; დეპუტატები 2 კვირის ვადაში განიხილავენ და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 6 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას 76 ხმით, ფარული კენჭისყრით მიიღებენ.

თუ ეს პროცედურა სამსახურის უფროსის დანიშვნით 1 აგვისტომდე, როცა კანონის უმეტესი ნაწილის ამოქმედებაა გათვალისწინებული, არ დასრულდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს და მის მოადგილეებს, რომელთაც უფლებამოსილება პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button