Placeholder canvas
ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა ‘სახიფათო პროვოკაციაა’

რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა „მიზანმიმართული და სახიფათო პროვოკაციაა“, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ კვირას.

მან ეს განცხადება იმ ტერიტორიებზე სტუმრობისას გააკეთა, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

თბილისმა განაცხადა, რომ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს რუსეთის „უკანონო“ ქმედებების შედეგად ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

830-კილომეტრიანი ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომლის ოპერირებასაც კომპანია BP ახორციელებს და რომელიც დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სახელითაა ცნობილი, აზერბაიჯანიდან სუფსის ტერმინალისკენ გადის და დღეში 100 000–მდე ბარელი ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს.

„ეს არის აშკარად პროვოკაცია, მიზანმიმართული პროვოკაცია. ძალიან სახიფათო პროვოკაციაა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

„ჩვენ რეგიონში, სადაც ამდენი პრობლემაა, თვითონ რუსეთს აქვს ამდენი გამოწვევა, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა ბეწვზე კიდია, ასეთი პროვოკაციით შეიძლება ისეთი ძალადობა გამოიწვიო, ისეთი პროცესები გამოიწვიო, რომელსაც მერე ვეღარ გააკონტროლებ“, – განაცხადა მან. 

მან ასევე დაგმო ეს ნაბიჯი, როგორც „არაადამიანური საქციელი“, ვინაიდან, თუ ბანერების აღმართვას ე.წ. საზღვრის მოწყობის ქმედებები მოყვება, მათ შორის მავთულხლართების გავლება, ადგილობრივები თავიანთი სასოფლო–სამეურნეო მიწებიდან მოწყვეტილები აღმოჩნდებიან. ზოგიერთი ადგილობრივის განცხადებით, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები მათი კუთვნილი მიწების კილომეტრნახევრის სიღრმეში განთავსდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან საუბრისას, მათ დაარწმუნეს თბილისის წარმომადგენლები, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღების შესაძლებლობა მიეცემა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებზე, რომლებიც საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების მიღმა მოექცა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს პრაღაში 15 ივლისს შეხვდება პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის 2012 წლის ბოლოს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც ძირითადად სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები განიხილება.

„მაქსიმალურად მწვავედ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დავაყენო პრაღაში. არ აქვს უკვე მნიშვნელობა, რისთვის არის ეს ფორმატი შექმნილი. ამის გვერდზე ავლა და ამის იგნორირება არის სრულიად წარმოუდგენელი. კონკრეტულ ადამიანებზე გვაქვს საუბარი“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა 11 ივლისს, რომ 15 ივლისს პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის დროს ორი მხარე ვაჭრობის, ეკონომიკის და ჰუმანიტარულ საკითხებზე განაგრძობს მუშაობას. 

„ექსპერტების მონაწილეობა ტრანსპორტის სექტორიდან [დიალოგის] ახალი ელემენტი იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს სიღრმისეულად განვიხილოთ ამ სფეროში ურთიერთობების პერსპექტივა“, – განუცხადა კარასინმა „რია ნოვოსტის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button