ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიებზე რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

1 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, წინა რაუნდის მსგავსად, რუსეთმა ისევ წამოაყენა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი და განაცხადა, რომ ეს „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“ და ამდენად, ეწინააღმდეგება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებს.
 
ჟენევის დისკუსიებში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 2 ივლისს, რომ ნატოს განზრახვა, რომ საქართველოში „საველე ინფრასტრუქტურა“ შექმნას, „განსაკუთრებულ შეშფოთებას“ იწვევს. საუბარია ნატო–საქართველოს ერთობლივ წვრთნისა და შეფასების ცენტრზე, რომლის გახსნაც წელს იგეგმება.
 
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ „რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელთაგანაც ბოლო ამერიკელი სამხედროების და სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით სამხრეთ ოსეთის საზღვრების სიახლოვეს გაიმართა“,  განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
 
აშშ–საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ მაისში ორი კვირის განმავლობაში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ცხინვალიდან დაახლოებით 130 კილომეტრში, მიმდინარეობდა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების დროს მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამერიკული ხომალდების ხშირი სტუმრობა შავი ზღვის აკვატორიაში მადესტაბილიზებელ გავლენას ახდენს შავ ზღვაში არსებულ სიტუაციაზე.  ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58), რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის, 27–29 ივნისს ბათუმის პორტს სტუმრობდა.
 
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომლებიც  უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.
 
32–ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა, მოლაპარაკებების ფარგლებში გულწრფელი და ღია დებატები გაიმართა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „წარიმართა კონსტრუქციულ ვითარებაში“, ხოლო რუსეთის საგარეო უწყებამ დისკუსიებს „მწვავე, მაგრამ შინაარსობრივი“ უწოდა. მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აშშ–ის დელეგაცია მიესალმა „დღის წესრიგის საკითხების კონსტრუქციულ განხილვას ორივე სამუშაო ჯგუფში“. 
 
„პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, მონაწილეებმა ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს როგორც სტაბილური და მშვიდი. მონაწილეებმა შეხედულებები გაცვალეს ძალის არგამოყენების, საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურის, ასევე თავისუფალი გადაადგილების და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ. მათ განაგრძეს მუშაობა ყველა მონაწილის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე“, – აღნიშნეს ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეევმა თავიანთ განცხადებაში.
 
ძალის გამოუყენებლობლის ვალდებულება ერთ–ერთი მთავარი საკითხია, რომელიც რეგულარულად განიხილება ჟენევის დისკუსიებზე. საქართველომ უკვე დადო ცალმხრივად ძალის არგამოყენების პირობა 2010 წელს და ახლა მოუწოდებს რუსეთს, რომ იგივე გააკეთოს. რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს იმ მოტივით აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უკვე დიდი ხანია განიხილავენ ძალის არგამოყენების თაობაზე ერთობლივი განცხადების მიღების შესაძლებლობას. თბილისს განცხადების ტექსტში იმის ჩაწერა სურს, რომ მოსკოვმაც უნდა იკისროს ძალის არგამოყენების ვალდებულება. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „შედგა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვა“.
 
თუმცა, თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ „მართალია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი წამოწეულ იქნა, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დეტალური დიალოგი ვერ შედგა“.
 
რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ თქვეს უარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვაში ჩართვაზე, სანამ თბილისი არ შეწყვეტს დევნილთა შესახებ რეზოლუციის ყოველწლიურად წარდგენას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.  
 
თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფში მონაწილეები შეეხნენ გალის რაიონის სკოლებში სწავლების ენასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე თავისუფალი გადაადგილების და მობილობის, გაუჩინარებული პირების, გარემოს დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს.
 
აშშ–ის დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო რაუნდებზე „მონაწილეები შეძლებენ რეალური შედეგების მიღწევას, რომელიც მოხსნის შეზღუდვებს გადაადგილების თავისუფლებაზე, უგზო–უკვლოდ გაუჩინარებული პირების საქმეებს გახსნის და გალის რაიონის სკოლებში სწავლების ენასთან დაკავშირებულ წუხილებს მოაგვარებს“.
 
ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 6–7 ოქტომბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button