ახალი ამბები

საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებაზე ნატოში ‘კონსენსუსი არ არის’

აშშ მხარს უჭერს ნატოს სექტემბრის უელსის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, მაგრამ ამ საკითზე ალიანსში კონსენსუსი არ არსებობს, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

„ქართველებმა კარგად იციან, რომ მათ არ აქვთ კონსენსუსი ალიანსში და მათ მუშაობა აქვთ ჩასატარებელი, რათა დაარწმუნონ, კერძოდ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი მოკავშირე, რომ ისინი იმსახურებენ წევრობის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ, როდესაც ისინი ამის დასაბუთებას ცალკეული მოკავშირეებისთვის ცდილობდნენ“, – განაცხადა მან 10 აპრილს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას.

ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გზაზე დგას და ეს „გააღრმავებს მის ურთიერთობებს ბევრ ამ ქვეყანასთან; ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამას დადებითი გავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ ისინი არის თუ არა [საქართველო] MAP–ის ღირსი“.

აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დერეკ ჩოლეტმა განაცხადა იმავე მოსმენაზე, რომ საქართველო „შესანიშნავი პარტნიორია“, რომელიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად იბრძვის ავღანეთში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ წევრობის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა მან, „მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ალიანსის გადაწყვეტილებაა; ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებულად უნდა მიიღოს. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ამ პროცესში და ეს ის საკითხია, რომელიც მომდევნო თვეებში უელსის სამიტის მოახლოებასთან ერთად განხილვის საგანი უნდა გახდეს“.

აშშ–ის ოფიციალური პირებმა ეს განცხადებები იმ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთეს, რომელიც სხდომის თავმჯდომარემ, სენატორმა კრის მერფიმ დასვა. შეკითხვის თანახმად, მართალია საქართველომ გარკვეული „სერიოზული ნაბიჯები“ ჯერ კიდევ უნდა გადადგას, სანამ ის „ნატოს წევრობის სრულფასოვანი კანდიდატი გახდება“, მაგრამ MAP-იც ასევე ბევრ შესაძლებლობას იძლევა და ის იქნება „ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ სერიოზულად ვეკიდებით ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებას“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიანიშნა მიმდინარე კვირას, რომ თბილისმა მნიშვნელოვნად გაააქტიურა დიალოგი ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოსთან, რომელთაც მან „სკეპტიკოსები“ უწოდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალასანია იტალიას, ესპანეთს და სლოვაკეთს სტუმრობდა, სადაც ის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავის კოლეგებს შეხვდა და MAP–ის საკითხი დააყენა. თვის დასაწყისში თბილისს ასევე ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი სტუმრობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 10 აპრილს ბერლინში თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შტაინმაიერმა საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის „მნიშვნელოვანი“ გაზრდის შესაძლებლობაზე ისაუბრა მთელი რიგი ღონისძიებების გამოყენებით. „ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება“, – განაცხადა მან.

თუმცა, უცნობია, თუ როგორი იქნება ეს ღონისძიებები.  

„ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ რა იქნება საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯი. ეს ნაბიჯი რომ იქნება, ფაქტიურად, ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ნატოს ქვეყნებმა სავარაუდოდ ივნისში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დარჩენილი თვეები სექტემბრის სამიტამდე გამოყენებული იყოს ამ თემაზე სამსჯელოდ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ ბერლინში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 2 აპრილს იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში გადაწყვეტენ, თუ როგორ განახორციელონ უელსის სამიტზე ნატოს ღია კარის პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებაზე უარი განაცხადეს. 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ასევე ამბობს, რომ MAP-ი უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი საქართველოსთვის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.  MAP–ის ეტაპის გავლის აუცილებლობაზე ასევეა მითითებული საქართველოს შესახებ ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებებში.

7 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ნატოში „პრაქტიკულად“ არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმსახურებს „შემდეგ ნაბიჯს“ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, თუ რა იქნება ეს ნაბიჯი.

„ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები გავაჩაღეთ იმ ქვეყნებთან განსაკუთრებით, ვისაც არ ჰქონდა საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია 2008 წელს. 2008 წელთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, რომელსაც, რაც მთავარია, აღიარებენ ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები – პირველი, საქართველომ გააკეთა ძალიან დიდი ნახტომი [2008 წლის შემდეგ] თავდაცვითი რეფორმების კუთხით; მეორე, საქართველომ შეძლო მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების  პირველი ცვლილების განხორციელება, რაც არის ძალიან დიდი წარმატება ყველა პოლიტიკური ძალის და პირველ რიგში, საზოგადოების; მესამე – საქართველო თანმიმდევრულად დემონსტრირებას უკეთებს საკუთარ სწორ პოზიციას რუსეთის ფედერაციასთან დაძაბულობის განმუხტვის“, – განაცხადა ალასანიამ. 

 „სკეპტიკოსთა რიცხვი არა მხოლოდ შემცირდა, არამედ პრაქტიკულად კონსენსუსი არსებობს 28–ვე ქვეყანაში, რომ საქართველო იმსახურებს შემდეგ ნაბიჯს. რა იქნება ინსტრუმენტი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ეს უნდა შეთანხმდეს უახლოეს ორ–სამ თვეში“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button