ახალი ამბები

ალექსანდრე ანქვაბი

ზოგადი ინფორმაცია

  • 2011 წლის 26 აგვისტოდან ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის მე-3 დე ფაქტო პრეზიდენტია.
  • იგი დაიბადა 1952 წლის 26 დეკემბერს ქ. სოხუმში. ბავშვობის წლები გატარებული აქვს მშობლიურ სოფელ ხოფში (ყოფილი ათვარხუ), რომელიც გუდაუთის რაიონს მიეკუთვნება.
  • 1969 წელს დაამთავრა სოხუმის #16-ე საშუალო სკოლა, 1974 წელს – როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1987 წელს – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.
  • ჰყავს მეუღლე რიმა ლაკობა და ორი ვაჟი – ალექსანდრე და ინალი. ალექსანდრემ მოსკოვის იურიდიული აკადემია დაამთავრა, ხოლო ინალი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობს.
  • ალექსანდრე ანქვაბს მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.

ანქვაბი საბჭოთა წლებში

საბჭოთა წლებში ალექსანდრე ანქვაბი სხვადასხვა სახელმწიფო და პარტიულ სტრუქტურებში მოღვაწეობდა.

  • 1975-1981 წლებში მუშაობდა აფხაზეთის სსარ–ის იუსტიციის სამინისტროში, კომკავშირის საოლქო კომიტეტში, იყო გუდაუთის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი და შს სამინისტროს გუდაუთის რაიონული განყოფილების უფროსი.
  • 1981 წლიდან ანქვაბი სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა და 1983 წლამდე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტის აპარატში მუშაობდა, სადაც ჯერ სოფლის მეურნეობის განყოფილების სამეცნიერო და ეკონომიკური ანალიზის სექტორს ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.
  • 1983 წლიდან 1990 წლამდე ანქვაბს საქართველოს სსრ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა და შს სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
  • 1983 წელს მილიციის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
  • 1990 წელს ანქვაბმა შს სამინისტრო საკუთარი ნებით დატოვა და აფხაზეთში დაბრუნდა.

ანქვაბის პოლიტიკური კარიერა აფხაზეთში 

  • 1991 წელს ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.
  • აფხაზეთის ომის დროს, 1992-1993 წლებში, ვლადისლავ არძინბას მთავრობაში, იგი აფხაზეთის შს მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ასევე იყო „აფხაზეთის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის“ წევრი. აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში.
  • 1993 წელს მან ვლადისლავ არძინბას უარი განუცხადა იუსტიციის მინისტრობაზე და ე.წ. დემოკრატიული ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა.
  • 1994-2000 წლებში ალექსანდრე ანქვაბი ცხოვრობდა მოსკოვში და დაკავებული იყო ბიზნეს-საქმიანობითა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით.
  • იგი 2000 წელს დაბრუნდა ქალაქ სოხუმში, სადაც საფუძველი ჩაუყარა პირველ ოპოზიციურ მოძრაობას „აიტაირა“-ს („აღორძინება“). 2004 წელს გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პერიოდისთვის მას ჯერ არ შესრულებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების 5 წლიანი ვადა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. ამ შემთხვევაში ანქვაბმა და „აიტაირამ“ მხარი ოპოზიციურ კანდიდატს სერგეი ბაღაფშს დაუჭირეს.
  • 2005 წლის 12 იანვარს ჩატარებულ განმეორებით არჩევნებში სერგეი ბაღაფშის გამარჯვების შემდეგ, 2005 წლის 14 თებერვალს ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.
  • 2010 წლის 12 თებერვალს ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2011 წლის მაისიდან კი, სერგეი ბაღაფშის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
  • 2011 წლის 26 აგვისტოს ვადამდელ არჩევნებში ანქვაბმა მისი მთავარი მოწინააღმდეგე სერგეი შამბა დაამარცხა და ხმების 54.86%-ით აფხაზეთის რიგით მე-3 დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა. ანქვაბის ინაუგურაცია 2011 წლის 26 სექტემბერს შედგა.

დამატებითი ინფორმაცია

  • 2005-2012 წლებში ალექსანდრე ანქვაბზე ექვსი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი ორჯერ დაიჭრა. 2012 წლის 22 თებერვალს ანქვაბის საპრეზიდენტო კორტეჟზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახური და საგამოძიებო კომიტეტი მონაწილეობდა. თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა უშიშროების საბჭოს მდივანმა, ყოფილმა შს მინისტრმა  და ვლადისლავ არძინბას დაცვის ყოფილმა უფროსმა ალმასბეი კჩაჩმა თავი იმ დროს მოიკლა, როდესაც მისი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობდა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ასევე კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა თემურ ხუტაბამ, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო.
  • 2004 წელს ანქვაბმა ჟურნალისტებს განუცხადა: „აფხაზები თანხმდებიან, რომ გალის რაიონში დევნილები უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ, რომ ისინი დე ფაქტოდ უკვე დაბრუნდნენ. მაგრამ როდესაც გამოითქმის მოწოდებები დევნილების დაბრუნების შესახებ ოჩამჩირის, სოხუმის, გუდაუთის, გაგრის რაიონებსა და ქალაქებში, ეს ილუზიაა. ამის შესახებ უნდა იცოდნენ მოსკოვშიც და თბილისშიც და არც საკუთარი თავი მოიტყუონ და არც დევნილები. აფხაზური საზოგადოება ამას არ მიიღებს … ეს არის დამოკიდებულება არა ქართველების მიმართ, არამედ აფხაზეთთან დაკავშირებით ქართული პოლიტიკის მიმართ, რომლის გვირგვინი 1992-1993 წლების ომი გახდა. აფხაზებს ქართველებისთვის ამის პატიება არ შეუძლიათ!“
  • 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების კომენტირებისას ალქსანდრე ანქვაბმა განაცხადა: „თუ ქართული ოცნება ეს არის აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში, მაშინ ეს ილუზიური ოცნებაა. თუ ქართული ოცნება აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების დამყარებაა, მაშინ ეს კარგი ოცნებაა.“
  • საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახური ყოფილი უფროსი ავთანდილ იოსელიანი, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა, ანქვაბს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ჩვენ ერთად ვმუშაობდით… ომის დროს ანქვაბის წყალობით ბევრი აფხაზი და ქართველი გადარჩა. ამის დავიწყება შეიძლება? იგი ძალიან მოწესრიგებული, პატიოსანი, ვაჟკაცი ადამიანი და მკაცრი ხელმძღვანელია… მასთან ლაპარაკი ძალიან ძნელია, თუმცა თუ გაიგებს, რომ არ ატყუებ და ნორმალური ლაპარაკი მიგყავს, ყველაფერი კარგად ესმის.“

მსგავსი/Related

Back to top button