ახალი ამბები

უფლებადამცველები: მერაბიშვილის ბრალდებების ოფიციალურ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებულმა სამსახურეობრივმა მოკვლევამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ნათელი ვერ მოფინა საქმეს და პირიქით, უფრო მეტი კითხვები გააჩინა, ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ 17 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა 15 იანვარს, რომ მისმა სამსახურეობრივმა მოკვლევამ არ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება ზუსტად ერთი თვის წინ, 14 დეკემბერს საკნიდან მისი ფარულად გაყვანის თაობაზე. სასჯელაღსრულების სამინისტრომ თითქმის ერთთვიანი მოკვლევის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ მან იმ ციხის, სადაც მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება ვერ შეძლო, ვინაიდან ამ „შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის“ და შესაბამისად, „17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა“. 23 დეკემბერს სამინისტროს მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის იყო ცნობილი, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება.

ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, მედიის განვითარების ფონდმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ განაცხადეს, რომ საჭიროა პროკურატურის მიერ „სრულფასოვანი და დროული გამოძიების ჩატარება“.

„სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებმა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები გააჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრულფასოვანი და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, „არსებული ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა სასჯელაღსრულების მინისტრის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და უშუალოდ მერაბიშვილის საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შენახვის განსხვავებულ ვადებთან დაკავშირებით“.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ, რათა „ამომწურავი პასუხი გაეცეს ამ ფაქტის გამო საზოგადოებაში გაჩენილ არაერთ ლეგიტიმურ შეკითხვას“.

მერაბიშვილის ბრალდებებზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ეს ისტორია ნაციონალური მოძრაობის მოგონილია. მისი თქმით, მერაბიშვილის ბრალდება, რომ ის „გაიტაცეს“ საკნიდან მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით „იყო წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული ბინძური კამპანია“ მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ.

„არავის არ სჭირდება მისი გატაცება; ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

„რაც შეეხება სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ შეფასებას, მე არ ვიცი ამაში რატომ არსებობს კითხვები და რატომ არ არის ეს დასკვნა კომპეტენტური“, – განაგრძო მან, „თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა დარჩენილი, შეუძლიათ გაესაუბრონ სუბარის უწყების წარმომადგენლებს და ისინი დეტალურად გააკეთებენ განმარტებას“.

„მე პირადად არ მაქვს არანაირი კითხვა დარჩენილი ამ ფაქტთან დაკავშირებით; მე, რა თქმა უნდა, ვენდობი სუბარის მიერ გაკეთებულ შეფასებას და ამ დასკვნას და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს არავითარი კითხვა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„სხვა მეტი თემა არ აქვთ მათ [ნაციონალურ მოძრაობას], საუბრობენ მარტო მერაბიშვილზე“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.

იმავე პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა სხვა თემაზე საუბრისას ისევ ახსენა ნაციონალური მოძრაობა და განაცხადა, რომ ის მზად არის „მიიღოს“ კრიტიკა „ობიექტური“ ადამიანებისგან, მაგრამ „კრიტიკას არ ვიღებ ე.წ. ოპოზიციისგან, ნაციონალური მოძრაობისგან, რომელთაც მე ოპონენტებად არ ვთვლი“.

15 იანვარს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ "ბევრი კითხვა" დატოვა პასუხგაუცემელი სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებამ და  ამ ფაქტის გამოძიების პროკურატურის მიერ დაწყებისკენ კვლავ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button