Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს პატრიარქი სუროგაციის, ოჯახის და ევროკავშირის შესახებ



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც 4 იანვარს 81 წლის გახდა, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვაზე, 7 იანვარს. ფოტო: ინტერპრესნიუსი

საქართველო „ქრისტიანული ევროპის“ ნაწილია, მაგრამ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის „ტრადიციები და აზროვნების წესი“, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში, რომელშიც მან მძლავრი წინააღმდეგობა გამოხატა ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ის ოჯახები, რომელთაც სუროგატმა დედებმა გაუჩინეს შვილები, ვერ იქნებიან ბედნიერები.

„განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება?“ – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში, "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის“.

„პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ“, – ნათქვამია ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში.

პატრიარქის ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა შობის დადგომამდე.  

ეპისტოლეში ნათქვამია, რომ დღეს ქრისტიანობა „მეგა–გამოწვევების წინაშე“ დგას. „ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული "თავისუფლებას” შორის ფუნდამენტური სხვაობაა. ფსევდო-ლიბერალური "არჩევანის თავისუფლება" ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს. ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა – მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა – მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

„ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ. დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიავღარში ექცევა“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ „საზოგადოებაში მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია“, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთსქესიანი ქორწინებების და ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანის უფლების მინიჭების გამო. „ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია“, – ნათქვამია ეპისტოლეში. 

„საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება. საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში, რომელიც სავარაუდოდ ეხება დიმიტროვის მიერ გასულ თვეში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას; ელჩმა აღნიშნა, რომ არასწორი მოსაზრება მოისმინა საქართველოში, რომ თითქოს ევროკავშირი აპირებს ქვეყანას ერთსქესიანი ქორწინება მოახვიოს თავს;  მან ხაზი გაუსვა უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობას და დასძინა, რომ უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობა ქვეყანას პრობლემას შეუქმნის.  

პატრიარქოს ეპისტოლე კიდევ ერთხელ იმეორებს ქართული ეკლესიის პოზიციას ჰომოსექსუალობის თაობაზე და აცხადებს, რომ „ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ“.

„თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

შემდეგ ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, „თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე“.

„იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას)“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button