ახალი ამბები

ქართული ოცნება თვითმმართველობის კოდექსის პროექტის შერბილების გამო გააკრიტიკეს

ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ქართული ოცნება გააკრიტიკა თვითმმართველობის კოდექსის თავდაპირველი პროექტის შერბილების გამო, მაგრამ განაცხადა, რომ ისინი კვლავ უჭერენ მხარს ამ ინიციატივას, რადგანაც შესწორებული პროექტი კვლავ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს რეფორმების გზაზე.

„ჩვენი აზრით, შეთავაზებული მოდელი სრულად არ ასახავდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების, მთავრობის მიერ 2013 წლის 1 მარტს დეკლარირებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის პრინციპებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 45 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, რომელთა შორის ის ორგანიზაციებიც არიან, რომელთაც თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ და ზოგიერთი მათგანი თავდაპირველი პროექტის შემუშავებაშიც მონაწილეობდა.

„მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მაინც დავუჭირეთ მხარი მას [კოდექსის პროექტს], ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა პირველი, პრინციპული და შეუქცევადი ნაბიჯი ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთ–ერთი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში პარლამენტში მისი წარდგენის შემდეგ შევიდა, ითვალისწინებს ქალაქებისთვის „თვითმმართველის“ სტატუსის მინიჭების კრიტერიუმის შეცვლას – ამ სტატუსის მქონე ქალაქებს შეეძლებათ პირდაპირი წესით აირჩიონ მერები (ამჟამად მერი პირდაპირ მხოლოდ თბილისში ირჩევა). ეს ცვლილება დაგეგმილი 18–დან იმ ქალაქების 12–მდე შემცირებას იწვევს, რომლებმაც „თვითმმართველის“ სტატუსი უნდა მიიღონ.

ამას გარდა, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზე უარის თქმას აპირებს კოდექსის თავდაპირველ პროექტში ასახულ იმ ინიციატივაზეც, რომლის თანახმადაც, სოფლებისა და ასევე ქალაქების უბნების დონეზე საზოგადოებრივი საბჭოები უნდა შექმნილიყო, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი. 
 
პროექტის თანახმად, გუბერნატორები კვლავ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაინიშნებიან თანამდებობებზე. თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა რეგიონალურ დონეზე კოლეგიალური საბჭოების შემოღებას, რომელშიც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები შევიდოდნენ. თავდაპირველი პროექტის თანახმად, გუბერნატორები ანგარიშვალდებულები უნდა ყოფილიყვნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ საბჭოების წინაშეც.

ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია აკრიტიკებდა კანონპროექტს ამ ნაწილში და აცხადებდა, რომ ეს საბჭოები რეგიონალიზმის ნიშნებს ატარებდა, რაც თავის მხრივ, სეპარატიზმის საფრთხეს ქმნიდა; ასეთივე მოსაზრება, რაც კანონპროექტის ავტორებმა, ზოგიერთმა ექსპერტმა და ნაციონალურმა მოძრაობამ უარყვეს, ასევე გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.
  
ამ ეჭვების გასაფანტად ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ გადაწყდა ამ რეგიონალური საბჭოებისთვის მხოლოდ „საკონსულტაციო“ ფუნქციის მინიჭება; თავდაპირველი პროექტისგან განსხვავებით, შესწორებული ვარიანტი აღარ ითვალისწინებს ამ საბჭოებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას. საბჭოების ფუნქციები იქნება რეგიონალური განვითარების პროექტების მომზადება; ასევე იმ პროექტების განხილვა, რომლის განხორციელებასაც ცენტრალური ხელისუფლება დაავალებს გუბერნატორს  და მესამე ფუნქცია იქნება გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე. საკონსულტაციო საბჭოში ექსოფიციო წევრებად შევლენ გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულის პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ანუ სამ-სამი წარმომადგენელი თითოეული მუნიციპალიტეტიდან.

„სამწუხაროდ, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე მოხდა მმართველი კოალიციის შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რამაც, ეფემერული საფრთხეების ბრალდებით, კანონპროექტის ძირითადი სიახლეების გაუქმება გამოიწვია“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. 

„მიგვაჩნია, რომ ეს „კონსენსუსი“ არათუ ხელს შეუწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას, არამედ გაამყარებს უკვე არსებულ ცენტრალიზებულ სისტემას. ამასთან, ის წარმოადგენს წინასაარჩევნო დაპირებებისა და დეკლარირებული რეფორმის სტრატეგიის უგულებელყოფას. საქართველოს პარლამენტის ამგვარი  ქმედება აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ თავად ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ არსებული სისტემის შენარჩუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დავით ლოსაბერიძემ ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრიდან, რომელიც განცხადების ერთ–ერთი ხელმომწერია, უთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს 12 დეკემბერს, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული პროექტის შემდგომი დასუსტება. ლოსაბერიძემ ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება საუბრები იმაზე, რომ პროექტის „კომპრომისული ვარიანტი კიდევ უფრო შეიზღუდოს“. მან ეს განცხადება უსუფაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო წარმომადგენლობას შორის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც უშუალოდ თვითმმართველობის რეფორმას არ ეძღვნებოდა და მისი მიზანი საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განხილვა იყო. 

„მე უბრალოდ მოვუწოდებ პარლამენტს გაითვალისწინოს წარსული ხელისუფლებების შეცდომები და 90-იან წლებში [რეფორმის] ხუთი მცდელობა, რომელიც არსებობდა, ამჟამად მაინც წარმატებით დაასრულოს“, – განაცხადა ლოსაბერიძემ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button