skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე’

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გუშინ ახალ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა გამოუცხადა, რითიც ყოფილი პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილების ვადა დასრულდა, ბიძინა ივანიშვილმა 21 ნოემბერს წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „აბსურდი“ უწოდა ბრალდებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ის კულისებიდან აპირებს ქვეყნის მართვას და განაცხადა: „ამიერიდან მე ვიქნები  საზოგადოების აქტიური წევრი“.

„ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი?“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ხელისუფლებაზე საზოგადოების გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს“, – აცხადებს ივანიშვილი.

„ღია წერილი“, როგორც მას ივანიშვილი უწოდებს, არის მცდელობა იმ ბრალდებების გაქარწყლებისა, რომ თითქოს მან პოლიტიკური პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა, რათა ამავე დროს კულისებიდან განაგრძოს ქვეყნის მართვა.

„ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემს მიმართ მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. რას არ მაბრალებდნენ – კრემლის აგენტობით დაწყებული, საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ ისეთ სიცრუეზე, თითქოს პოლიტიკაში საკუთარი ქონების გადასარჩენად მოვედი ან დიდი ჰესების ხელში ჩაგდება მინდოდა“, – წერს ივანიშვილი, „და ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა ვმართო ქვეყანა და  გავლენა მოვახდინო ხელისუფლებაზე. და როცა გავლენაზე მიანიშნებენ, სამწუხაროდ, მხოლოდ უარყოფით კონტექსტს გულისხმობენ“. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის შედეგად მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ის კონსულტაციებს უწევდა ახალ ხელისუფლებას და „3 წლის განმავლობაში სააკაშვილს მრავალჯერ შევხვდი“. მისი თქმით, ყველა ეს შეხვედრა სააკაშვილის ინიციატივით იმართებოდა.

„ანუ  მაშინ, როდესაც არ ვიყავი საჯარო ფიგურა და მართლაც „კულუარებიდან“ მქონდა ურთიერთობა ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან, ფაქტია, რომ არ მომინდომებია „კულუარებიდან მართვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ის შეეცდება გავლენა მოახდინოს მთავრობაზე დემოკრატიის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საქმეში.

„ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთანაც ურთიერთობა, ეს არის ჩემი ღირებულებები, და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით“, – აცხადებს ივანიშვილი.

„თუ შევძლებ  და მართლაც მოვახდენ ევროპული მიმართულებით ქვეყნის წინსვლის საქმეში გავლენას ხელისუფლებაზე, ამას უნდა მიესალმებოდეს ყველა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დავამადლი და არც კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმენი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე“, – დასძენს ივანიშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button