Placeholder canvas
ახალი ამბები

ონიშჩენკო საქართველოს ღვინის ხარისხის შესახებ აფრთხილებს

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ დღემდე შვიდი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული 28 სახეობის ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვა რუსულ ბაზარზე „ჰიგიენური სტანდარტების“ დაუცველობის მოტივით.

“ყველაფერმა ამან გვიბიძგა კიდევ ერთხელ დავეჭვებულიყავით ქართული მხარის სურვილში დაამყაროს გრძელვადიანი სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობები, რომლის მთავარი საყრდენიც შესაძლოა გახდეს მხოლოდ რუსულ ბაზარზე მიწოდებული ღვინის პროდუქციის სტაბილური ხარისხი”, – განუცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ „ინტერფაქსს“ 8 ოქტომბერს.

„უარყოფითი დასკვნების ასეთი რაოდენობა, მათ შორის პროდუქციის სახეების რეგისტრაციაზე, რაც სამაგალითო უნდა იყოს, ადასტურებს, რომ საქართველოს არც თუ ყველა ღვინის მწარმოებელმა ისწავლა გაკვეთილი იმ მრავალწლიანი სიტუაციიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს ყველანაირ საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას ქართული მხარის განზრახვის მიმართ, რომ საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს“, – განაცხადა მან.

ასევე 8 ოქტომბერს „როსპოტრებნადზორმა“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთო ჯამში ალკოჰოლური სასმელების 95 ქართულ მწარმოებელს და მინერალური წყლების შვიდ მწარმოებელს თავიანთი პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვის უფლება მიეცათ.

ადრე ზაფხულიდან, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე აკრძალვა მოხსნა, სულ საქართველოდან რუსეთში 22 კომპანიის მიერ წარმოებული 6.13 მილიონი ლიტრი ალკოჰოლური სასმელი, ძირითადად ღვინო, შევიდა, იტყობინება „როსპოტრებნადზორი“.

იმავე განცხადებაში მოცემულია „როსპოტრებნადზორის“ მონაცემები რუსეთში სეპარატისტული აფხაზეთის მიერ წარმოებული ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის თაობაზე, სადაც ნათქვამია, რომ ამ პროდუქციის ხარისხი „სტაბილური რჩება“.

„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთიდან  რუსეთში 8.54 მილიონი ლიტრი ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად ღვინის იმპორტი განხორციელდა.

„ასევე გრძელდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან რუსეთში მინერალური წყლების შემოტანა“, – განაცხადა „როსპოტრებნადზორმა“ იმპორტის მოცულობის დაკონკრეტების გარეშე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button