skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ Patton Boggs-თან კონტრაქტი გააფართოვა

პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთავრობამ ვაშინგტონში გავლენიან ლობისტურ და იურიდიულ კომპანია Patton Boggs-თან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააგრძელა და ასევე გააფართოვა მომსახურებათა წრე, დაუმატა რა კონტრაქტს ახალი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მედია კონსულტანტის დაქირავებას. განახლებული კონტრაქტის თანახმად, Patton Boggs-ი ყოველთვიურად 110 000 აშშ დოლარამდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.

თავდაპირველი ექვსთვიანი კონტრაქტის მიხედვით, რომელსაც მიმდინარე თვეში გაუვიდა ვადა, Patton Boggs-ი ეხმარებოდა საქართველოს მთავრობას „ნატოს მისწრაფებების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე აშშ–ის მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, მედიასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ჩართულ პირებთან ურთიერთობებში, ასევე ეხმარება შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების მოწყობაში და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ–ის ინფორმირებაში“.

ამ მოთხოვნებს უცვლელად ითვალისწინებს გახანგრძლივებული კონტრაქტი, რომელიც 15 აგვისტოდან არის ძალაში. ამასთან ერთად, კონტრაქტში ჩადებული ახალი პირობის თანახმად, Patton Boggs-ი დაიქირავებს „მედია კონსულტანტს“ იმ დამატებითი მომსახურეობის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა „აშშ-ის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს შორის საქართველოსადმი ზოგადი მხარდაჭერის ამაღლება; მედია გაშუქების გაზრდა საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკური მიმართულების მედია-საშუალებებზე ფოკუსირებით, მედია მასალების მომზადება და განთავსება გამოსაქვეყნებლად; საქართველოს საელჩოს ინიციატივების მხარდაჭერა; ახალი აუდიტორიის და იმ მედია საშუალებების მოზიდვა, რომლებიც არ ყოფილან ჩართულნი საქართველოსთან დაკავშირებულ დისკუსიებში“. 

კონტრაქტში კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მთავრობა Patton Boggs-ს ყოველთვიურად უხდის 110 000 აშშ დოლარს, ნაცვლად თავდაპირველი კონტრაქტით გათვალისწინებული 90 000 აშშ დოლარისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად.

2012 წელს, როცა Patton Boggs-ი პირადად ივანიშვილმა დაიქირავა, კომპანიას „ქართული ოცნების“ ლიდერი 160 000 აშშ დოლარს უხდიდა ყოველთვიურად. Patton Boggs-ი იმ ლობისტურ და საკონსულტაციო ფირმებს შორის იყო, რომლებიც ივანიშვილს მომსახურებას უწევდნენ შარშან, როდესაც ის და მისი კოალიცია ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. 

პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ათთვიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული „მთავრობასთან ურთიერთობების და კომუნიკაციების საკითხებში“ კონსულტანტთან აშშ-ში გრეგორი მანიატისთან Ithaca Group–დან. ამ კონტრაქტს ვადა 2013 წლის 31 ოქტომბერს ეწურება.

მარტში საქართველოს მთავრობამ საჯარო გახადა ბრიუსელში მდებარე ლობისტურ და საკონსულტაციო კომპანია Cambre Associates-თან გაფორმებული ექვსთვიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, მთავრობა თვეში 40 000 ევროს უხდის კომპანიას გაწეული მომსახურებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button